ზაფხულის XXXIII ოლიმპიურ თამაშებს, რომელიც 26 ივლისიდან -11 აგვისტომდე გასტანს, საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი მასპინძლობს.
საქართველოდან ოლიმპიადაში ქართული ოლიმპიზმის ისტორიაში ყველაზე ნაკლები მონაწილე - 28 სპორტსმენი იასპარეზებს, რომელთაგან 7 ქალი და 4 ოლიმპიური ჩემპიონია.
ძიუდო, ჭიდაობა, ძალოსნობა, კრივი, ტყვიის სროლა, მძლეოსნობა, ცურვა, ბატუტზე ხტომა და ფარიკაობა - ქართველი ათლეტები სპორტის ამ 9 სახეობის პირად შეჯიბრში მიიღებენ მონაწილეობას. ამას გარდა, ჩვენი ძიუდოისტები იასპარეზებენ ოლიმპიადის შერეულ გუნდურ ტურნირში.
ჩვენი სპორტსმენები (ძიუდო, ფარიკაობა, კრივი, ცურვა) შეჯიბრებაში ჩაებმებიან 27 ივლისიდან.
გთავაზობთ ჩვენი ათლეტების ასპარეზობის დღევანდელ შედეგებს:
საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის უმცროსმა წევრმა, 16 წლის მოცურავე ანა ნიჟარაძემ 100 მ დისტანციაზე ქალთა ბატერფლაიში იასპარეზა. სადებიუტო ოლიმპიადაზე მან 1:02.85 შედეგი აჩვენა და ასპარეზობა 28-ე ადგილზე დაასრულა.
ნახევარფინალში მონაწილეობას საუკეთესო დროის მქონე 16 სპორტსმენი მიიღებს. ქართველი მოცურავე ოლიმპიადაზე ე. წ. ველური ბარათით მოხვდა. 28 ივლისს საქართველოს ღირსებას კიდევ ერთი მოცურავე - ნოე ფანცხავა (გულაღმა ცურვა 100 მ) დაიცავს.
21 წლის ქართველმა ძიუდოისტმა გიორგი სარდალაშვილმა ოლიმპიადაზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო. ქართველი სპორტსმენი სადებიუტო ოლიმპიადაზე მერვედფინალიდან ჩაერთო. მან ისრაელის წარმომადგენელი იამ ვოლჩაკი დაამარცხა. მეოთხედფინალში დაძაბულ ბრძოლაში შეხვედრა თურქ სალიჰ ილდიზთან დათმო. გიორგი სარდალაშვილი ასპარეზობას რეპეშაჟში გააგრძელებს და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. შეგახსენებთ, რომ ქართველი სპორტსმენი სადებიუტო ოლიმპიადაზე მერვედფინალიდან ჩაერთო.
მან ისრაელის წარმომადგენელი იამ ვოლჩაკი დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ გიორგი სარდალაშვილმა აბუ-დაბიში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე 20 წლისამ ოქროს მედალი მოიპოვა. ის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიოს ჩემპიონია.
საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრმა სანდრო ბაზაძემ პარიზის ოლიმპიადა გამარჯვებით დაიწყო. ქართველი ხმლით მოფარიკავე მექსიკელ ხიბრან სეას დაუპირისპირდა, მეტოქე ანგარიშით 15:6 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელი და ევროპის ორგზის ჩემპიონი სანდრო ბაზაძე ოლიმპიადაზე მესამედ ასპარეზობს.
ლეგენდარულმა ქართველმა ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ ახალი რეკორდი დაამყარა - ის მსოფლიოში პირველი ქალია, რომელიც მეათე ოლიმპიადაზე ასპარეზობს. სპორტსმენმა 10 მეტრი დისტანციიდან პნევმატური პისტოლეტით სროლაში საკვალიფიკაციო ეტაპზე მიიღო მონაწილეობა, 562 ქულა დააგროვა, 45 მონაწილეს შორის 38-ე ადგილი დაიკავა და ამ დისციპლინაში ასპარეზობა დაასრულა. ფინალურ ეტაპზე მონაწილეობის უფლება მხოლოდ საუკეთესო შედეგების მქონე რვა სპორტსმენმა მიიღო. აღსანიშნავია, რომ 2 აგვისტოს ნინო სალუქვაძე 25 მეტრი დისტანციიდან სპორტული პისტოლეტით სროლაშიც იასპარეზებს.
ნინო სალუქვაძის ოლიმპიური დებიუტი 1988 წელს სეულში შედგა. 25-მეტრიან დისტანციაზე მან ოქროს, 10 მეტრზე სროლაში კი ვერცხლის მედალი მოიპოვა. ცნობილი მსროლელი 2008 წელს ჩინეთის დედაქალაქ პეკინში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე ათმეტრიან დისტანციაზე ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს თამაშებზე ნინო სალუქვაძე და ცოტნე მაჭავარიანი პირველი დედა-შვილი იყო, რომლებმაც ოლიმპიადაზე ერთად იასპარეზეს.
წაიკითხეთ ასევე:
ბარაქალა შენს ქალობას.ძალიან მაგარი,სპორტზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი ხართ.წარმატებებს გისურვებთ საამაყო ქართველო.
ისე ხომ არ აჯობებდა ნინოს ღირსეულად გაცილება სპორტიდან და ახალგაზრდებისთვის ასპარეზის დათმობა. ათი ოლიმპიადიდან იქნებ სხვასაც აეღო მედალი. ვადევნებ თვალს ამ სახეობას ძალიან კარგი ახალგაზრდები წამოვიდა გოგონებში განსაჯუთრებით და თითქმის ყოველ მაღალი დონის შეჯიბრზე ერთი-ორი ნინოზე მაღალ შედეგებს აჩვენებენ. თუმცა ...