ავტორი:

ავსტრიის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, World Vision საქართველო ხელს უწყობს ბავშვის უფლებათა კოდექსის განხორციელებას ქვეყანაში

ავსტრიის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, World Vision საქართველო ხელს უწყობს ბავშვის უფლებათა კოდექსის განხორციელებას ქვეყანაში

World Vision საქართველო უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს მნიშვნელოვან პროექტს - „ბავშვის უფლებათა კოდექსის განხორციელების ხელშეწყობა საქართველოში“, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის სისტემის გაძლიერება, როგორც მუნიციპალურ ასევე ეროვნულ დონეზე. პროექტმა მოიცვა თბილისის, აჭარის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის და კახეთის რეგიონების 23 მუნიციპალიტეტი. პროექტის ფარგლებში, World Vision საქართველომ შეიმუშავა გზამკვლევი სოციალური მუშაკებისთვის, მოახდინა პროფესიული ზედამხედველების მექანიზმის პილოტირება მუნიციპალიტეტებში და საქართველოს პარლამენტის ბავშვის უფლებათა მუდმივმოქმედი საბჭოსთვის შეიმუშავა ბავშვის უფლებათა კოდექსის მონიტორინგის ინსტრუმენტი, რაც ბავშვთა კეთილდღეობის სისტემის განვითარებას ემსახურება.

AMBEBI.GE ბავშვთა კეთილდღეობის სფეროს, ზოგადად სოციალური სამუშაოსა და პროექტის შედეგებზე ორგანიზაციის წარმომადგენლებს ესაუბრა.

როგორც ჩვენთან საუბრისას ირინა გრძელიძე, World Vision საქართველოს გრანტების მენეჯერი აღნიშნავს, 2019 წელი, ბავშვთა კეთილდღეობის სფეროს განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი ეტაპი იყო, რადგან სწორედ ამ წელს სახელმწიფომ ბავშვის უფლებათა კოდექსი დაამტკიცა. მისი თქმით, სხვა ბევრ ცვლილებასთან ერთად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც აღნიშნულმა კოდექსმა მოიტანა, ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური სამსახურების გაჩენა იყო.

„World Vision საქართველო ჯერ კიდევ 2019 წლიდან მხარს უჭერდა მუნიციპალიტეტებს ბავშვის უფლებათა სისტემის გაძლიერების კუთხით. ჩვენ ვმუშაობთ სამ დონეზე: ოჯახებთან, მუნიციპალიტეტებთან და ცენტრალურ მთავრობასთან. სოციალური მუშაკების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, World Vision საქართველომ სახელმწიფოსთან და პარტნიორ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, შეიმუშავა სერტიფიცირების პროგრამა, რომლის მეშვეობითაც გადამზადდა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის სოციალური მუშაკი. შემდგომ მუნიციპალიტეტებთან მუშაობა ავსტრიის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით გავაგრძელეთ. ყველა მუნიციპალიტეტის სოციალური მუშაკისა და ბავშვთა განყოფილების თანამშრომლისთვის ჩავატარეთ კომპლექსური ტრენინგები, შევუქმენით სასწავლო მოდულები და ყველა ის ინსტრუმენტი, რაც პრევენციული ღონისძიებების გატარებისთვის და ოჯახების გაძლიერების მიმართულებით მუშაობისთვის ესაჭიროებოდათ. სოციალურ მუშაობაში ასევე მნიშვნელოვანია პროფესიული ზედამხედველობის კომპონენტის არსებობა.

სოციალურ მუშაკს მისი პროფესიული განვითარებისთვის და ზოგადად მუშაობის პროცესში მხარდაჭერა ესაჭიროება, რადგან ხშირად ის ბევრ გამოწვევას აწყდება ოჯახთან სხვადასხვა შემთხვევაზე მუშაობისას. ამიტომ, პროექტის ფარგლებში შევქმენით პროფესიული ზედამხედველობის მექანიზმი, რომლის პილოტირება 14 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. World Vision საქართველოს თანამშრომლები, გამოცდილი სოციალური მუშაკები, პროფესიულ ზედამხედველობას უწევდნენ მუნიციპალიტეტის სოციალურ მუშაკებს და სხვადასხვა პრობლემური საკითხის გადაჭრაში ეხმარებოდნენ. ამას გარდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საჭიროება, რომელზეც პროექტის გუნდმა იმუშავა იყო ბავშვის უფლებათა კოდექსის განხორციელების მონიტორინგის პროცესის ხელშეწყობა. კოდექსის იმპლემენტაციის ხელშესაწყობად, ჩვენმა ორგანიზაციამ პარლამენტის ბავშვის უფლებათა მუდმივმოქმედ საბჭოსთან ერთად შეიმუშავა ბავშვის უფლებათა კოდექსის მონიტორინგის სახელმძღვანელო დოკუმენტი. გამოკვეთა საკვანძო ინდიკატორები და შეიმუშავა „ბავშვთა კეთილდღეობის და ბავშვის უფლებათა კოდექსის დანერგვის მონიტორინგის ინსტრუმენტი“, რომელიც დღეს უკვე კოდექსით განსაზღვრული პასუხისმგებლობების/ვალდებულებების მონიტორინგის საშუალებას იძლევა.“

როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, აღნიშნულ დოკუმენტში ექვსი ძირითადი მიმართულებაა: დეინსტიტუციონალიზაციის (დიდი ზომის ინსტიტუციების დახურვა) პროცესის დასრულება; ალტერნატიული ზრუნვის სისტემის ეფექტიანობა ; პრევენციული და ოჯახის მხარდაჭერის პროგრამების ეფექტიანობა, ; ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებლის შემცირება; ბავშვთა მიმართ ძალადობა და რეფერირების მექანიზმის ეფექტიანობა; შშმ ბავშვთა შეფასების და სტატუსის დადგენის პროცესის ეფექტიანობა. აღნიშნული დოკუმენტი პარლამენტის მიერ უკვე დამტკიცდა და ის საბჭოს მხრიდან როგორც ეროვნულ ასევე მუნიციპალურ დონეზე განახორციელებს კოდექსის იმპლემენტაციის მონიტორინგს.

ნინო დანელიას, World Vision საქართველოს ბავშვთა დაცვის მიმართულების კოორდინატორის თქმით, კოდექსის მიღებამ ასევე წინ წამოიწია ბავშვებთან ურთიერთობაში მყოფი ადამიანების პასუხისმგებლობები. თუ მანამდე მხოლოდ ზრუნვის სააგენტოს სოციალურ მუშაკებს უწევდათ ძალადობის შემთხვევებზე რეაგირება, ახლა უკვე მუნიციპალიტეტების სოციალური მუშაკები პროაქტიულად უნდა იყვნენ ჩართული როგორც პრევენციულ მუშაობაში, ასევე შემთხვევების სხვადასხვა უწყებასთან და მათ შორის სააგენტოსთან რეფერირების პროცესში. აღსანიშნავია, რომ იმისთვის რომ სოციალურ მუშაკებს ჰქონდეთ ფართო სპექტრის ინსტრუმენტები, World Vision საქართველომ შეიმუშავე გზამკვლევი სოციალური მუშაკებისთვის, რაც მათ მოწყვლად ოჯახებთან მუშაობაში დაეხმარებათ.

„აღნიშნული გზამკვლევი რამდენიმე კომპონენტისგან შედგება და მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორიცაა, ოჯახის გაძლიერებაზე ორიენტირებული მიდგომები, ფინანსური წიგნიერების სწავლება, პოზიტიური მშობლობის უნარების განვითარება, ბავშვის საჭიროებებზე და განვითარებაზე მიმართული მიდგომების განვითარება მშობლებში და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი თემა. მაგალითისთვის, ჩვენს კულტურაში გავრცელებულია ბავშვის ძალადობრივი დასჯა, რაც რა თქმა უნდა, დაუშვებელია. აღნიშნული გზამკვლევში მოცემულია როგორც ინსტრუმენტები, ასევე ინფორმაცია, რომელიც ეხმარება სოციალურ მუშაკებს იმუშაონ მშობლებთან პოზიტიური მშობლობის უნარების განვითარებასა და ძალადობრივი დასჯის მეთოდების აღმოფხვრაზე. შესაბამისად, გზამკვლევის მეშვეობით სოციალური მუშაკები სხვადასხვა მიმართულებით ოჯახების მხარდაჭერასა და გაძლიერებას შეძლებენ. ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ამ პროცესში არიან ჩართული პროფესიული ზედამხედველები, როლებიც ასევე აღნიშნული ინსტრუმენტით ხელმძღვანელობენ სოციალურ მუშაკებთან მუშაობისას. გარდა უშუალოდ ინდივიდუალური მუშაობის მეთოდების დახვეწა-გაუმჯობესებისა, პროექტისთვის მნიშვნელოვანი იყო მუნიციპალური სოციალური მუშაობა და ბავშვთა დაცვა ერთიან ხედვაში მოექცია, რათა ბავშვთა დაცვის განყოფილებებს შესძლებოდათ მეტად გამართულად მუშაობა და პროცესის დამოუკიდებლად წარმართვა. სწორედ ამის ხელშესაწყობად, პროექტმა მუნიციპალიტეტების აქტიური ჩართულობით შეიმუშავა საქმის წარმოების ერთიანი პროცედურები, რომელიც სუპერვიზიის მექანიზმთან ერთად გადაეცათ მუნიციპალიტეტებს.“

აღსანიშნავია, რომ ზოგადად World Vision საქართველოს პროექტს დადებითი უკუკავშირი მოჰყვა მუნიციპალიტეტების მხრიდან. ხოლო, როგორც თავად სოციალური მუშაკები და ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში მომუშავე პირები აღნიშნავენ, მრავალფეროვანი ტრენინგების მეშვეობით მათ ბევრი სიახლე და საჭირო ცოდნა თუ გამოცდილება მიიღეს, რაც მუშაობისას გამოადგებათ.

თამარ ჭუმბურიძე, იმერეთის რეგიონის პროფესიული ზედამხედველი:

„პროფესიით სოციალური მუშაკი და სამართალმცოდნე ვარ. სოციალურ მუშაობაში 11-წლიანი გამოცდილება მაქვს და წლებია World Vision საქართველოს პროგრამებში ვარ ჩართული. აღნიშნულ პროექტში როგორც პროფესიული ზედამხედველს ხშირად მიწევდა იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების ბავშვთა განყოფილების სოციალურ მუშაკებთან მუშაობა და მათი მხარდაჭერა, რადგან აღნიშნული უწყებები ცოტა ხნის წინ ჩამოყალიბდა და თვითმმართველ ერთეულებს ამ სამსახურთან მუშაობის გამოცდილება არ ჰქონდათ. უწყებების მხარდაჭერის მიზნით, World Vision საქართველომ პროფესიული ზედამხედველობის დანერგვა გადაწყვიტა. პროექტის მიმდინარეობისას ადამიანები ჩვენში იმედს ხედავდნენ, რადგან გამოჩნდა ორგანიზაცია, რომელიც მათ გზაზე დააყენებდა და მიმართულებას მისცემდა. შესაბამისად თანამშრომლებს დიდი მოტივაცია ჰქონდათ და ჩვენს რეკომენდაციებსაც ითვალისწინებდნენ.“

საკუთარი შთაბეჭდილებები და შეფასება ასევე გაგვიზიარა ლელა გოგოლაძემ, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურმა მუშაკმა, რომელიც მუდამ ზრუნავს პროფესიულ განვითარებაზე და ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვალიფიკაციის ასამაღლებელ არაერთ ტრენინგს დასწრებია.

"სანამ სოციალური მუშაობის სერტიფიცირების პროგრამას გავივლიდი და სოციალურ მუშაკად დავიწყებდი მუშაობას, ჩემი თავდაპირველი პროფესია იურისტობა იყო. შესაბამისად, ადამიანის უფლებებთან შეხება რა თქმა უნდა მქონია, თუმცა კონკრეტულად სოციალურ სფეროსთან არა. World Vision იყო პირველი, ვინც ხელი ჩამკიდა და ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები გადამადგმევინა, ამიტომ, მათი ძალიან მადლიერი ვარ. ერთობლივად ბევრი სასარგებლო საქმის გაკეთება შევძელით. მათი ტრენინგები მუდმივად სიახლით და სასარგებლო ინფორმაციით არის გაჯერებული, რაც საშუალებას გვაძლევს ბავშვი და ზოგადად ეს სფერო სხვადასხვა ჭრილში დავინახოთ. თითოეული ბავშვი, ბენეფიციარი თუ ოჯახი ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს. ამ ეტაპზე ბორჯომის მუნიციპალიტეტში 80 ბავშვია რომელთა ოჯახების გაძლიერებაზეც ჩვენი სამსახური მუშაობს. ერთმანეთს არცერთი შემთხვევა არ ჰგავს, ყველგან სხვადასხვა საჭიროებაა და სწორედ, სოციალური მუშაკის მთავარი ფუნქციაა ინდივიდუალურად შეაფასოს და დაინახოს თითოეული ბავშვისა და ოჯახის საჭიროება და მხარდაჭერაც შესაბამისად აღმოუჩინოს . ყოფილა შემთხვევები, რომ კონკრეტული ოჯახის დახმარება არ შეგვეძლო და ამ დროს World Vision გვერდში დაგვდგომია მათი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ასევე ძალიან დაგვეხმარა პროფესიული ზედამხედველობის მექანიზმის დანერგვაც, ჩემს პროფესიულ ზედამხედველთან ერთად სხვადასხვა შემთხვევას გავდიოდი და მისი კონსულტაციები დღემდე მადგება ჩემი მოვალეობის შესრულებისას.“