ავტორი:

"ლენტეხამდე მიუღწევიათ... კარგ ხასიათზე არიან, ხუმრობის თავიც ჰქონდათ, მშივრები იყვნენ" - რას ჰყვება მეგობარი ახალგაზრდებზე, რომლებიც ცოტა ხნის წინ იპოვეს?

"ლენტეხამდე მიუღწევიათ... კარგ ხასიათზე არიან, ხუმრობის თავიც ჰქონდათ, მშივრები იყვნენ" - რას ჰყვება მეგობარი ახალგაზრდებზე, რომლებიც ცოტა ხნის წინ იპოვეს?

მთელი სვანეთი ახლა დაკარგული ახალგაზრდების დაბრუნებას ზეიმობს. გოგიტა ფარჯიანი და გიორგი გვიჩიანი, რომლებსაც ორშაბათის შემდეგ ეძებდნენ, ცოტა ხნის წინ იპოვეს. ისინი ცოცხალი და უვნებლები არიან.

AMBEBI.GE გიორგი გვიჩიანის მეგობარს, დათო ფარჯიანს დაუკავშირდა:

"მე გიორგის მეგობარი ვარ, გოგიტა კი ჩემი ნათესავია. მადლობა ღმერთს, ბიჭები გადარჩნენ, ლენტეხამდე მიუღწევიათ. ჩვენც ლენტეხში ვართ და მელე შევხვდებით ერთმანეთს. ბიჭები კარგ ხასიათზე არიან, ხუმრობის თავიც ჰქონდათ, ტელეფონზე ველაპარაკეთ და გვკითხეს, რა წამოგიღოთო. მათ ცოტა ხანში მოიყვანენ და გავიგებთ, რა გადახდათ თავს.

ის ვიცით, რომ დაიკარგნენ, მაგრამ მადლობა ღმერთს, სამშვიდობოს გააღწიეს. ისინი გიორგი გვიჩიანის ძმამ იპოვა, კავშირზე გამოვიდნენ. მშიერ-მწყურვალები რომ იყვნენ, ეს უეჭველია, რადგან როგორც ვიცი, საგზლად ერთი პური და „კილკა“ ჰქონდათ წაღებული. ბიჭები ცოცხლები და უვნებლები რომ გადარჩნენ, ამით ბედნიერები ვართ ყველანი, შევხვდებით და დანარჩენს მერე გავარკვევთ".

რა მოხდა მანამდე?

ორი მოქალაქის დაკარგვის შესახებ 112-ში შეტყობინება 24 ივლისს შევიდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, გოგიტა ფარჯიანი და გიორგი გვიჩიანი ზემო სვანეთიდან ლასილის უღელტეხილით, ქვემო სვანეთში, ლენტეხში გადადიოდნენ. მარშრუტი კვირას დაიწყო და წესით კვირასვე უნდა ჩასულიყვნენ, თუმცა ორშაბათს მათთან კონტაქტი გაწყდა. კონტაქტის გაწყვეტამდე კი დაკარგულმა ახალგაზრდებმა ახლობლებთან დარეკვა მოასწრეს. ოჯახის წევრებს ვიდოჩანაწერებიც გადაუგზავნეს და აჩვენეს, თუ სად იმყოფებოდნენ იმ დროს.

დღეს დილიდან სამძებრო სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.

წაიკითხეთ ასევე: