ავტორი:

სვანეთში დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს - რას წერს მათი ნათესავი?

სვანეთში დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს - რას წერს მათი ნათესავი?

მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე დაკარგული ახალგაზრდები, გოგიტა ფარჯიანი და გიორგი გვიჩიანი იპოვეს. ისინი თავს კარგად გრძნობენ. ინფორმაციას მათი ახლობლები ავრცელებენ.

  • "ვიპოვეთ, ორივე ცოცხალია" - წერს ბიჭების ახლობელი ანა წერედიანი.

ორი მოქალაქის დაკარგვის შესახებ 112-ში შეტყობინება 24 ივლისს შევიდა. სამძებრო სამუშაოებში დილიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.

ადგილობრივების ინფორმაციით, გოგიტა ფარჯიანი და გიორგი გვიჩიანი ზემო სვანეთიდან ლასილის უღელტეხილით, ქვემო სვანეთში, ლენტეხში გადადიოდნენ. მარშრუტი კვირას დაიწყო და წესით კვირასვე უნდა ჩასულიყვნენ, თუმცა ორშაბათს მათთან კონტაქტი გაწყდა. კონტაქტის გაწყვეტამდე კი დაკარგულმა ახალგაზრდებმა ახლობლებთან დარეკვა მოასწრეს. ოჯახის წევრებს ვიდოჩანაწერებიც გადაუგზავნეს და აჩვენეს, თუ სად იმყოფებოდნენ იმ დროს.

"გაცილებით უფრო აქტიურად უნდა დაიწყოს სამძებრო სამუშაოები. უკვე მეექვსე დღე გამოდის, რაც დაიკარგნენ. საგზლად ერთი პური და თხილი აქვთ წაღებული და სავარაუდოდ, ახლა არ არიან კარგ მდგომარეობაში. ყოველი წუთი მნიშვნელოვანია", - ამბობდა რამდენიმე საათის წინ ანა წერედიანი.