ავტორი:

“მოკალი, როგორც კენედი“ - როგორ ცდილობდა კრუკსი ისტორიის გამეორებას: FBI ტრამპზე თავდასხმის ახალ დეტალებს ასაჯაროებს

“მოკალი, როგორც კენედი“ - როგორ ცდილობდა კრუკსი ისტორიის გამეორებას: FBI ტრამპზე თავდასხმის ახალ დეტალებს ასაჯაროებს

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. FBI-ს დირექტორის განცხადებით, 20 წლის თომას მეთიუ კრუკსი მკვლელობის მცდელობამდე რამდენიმე დღით ადრე აშშ-ის პრეზიდენტის, ჯონ კენედის მკვლელობის დეტალებს სწავლობდა.

FBI-ს დირექტორმა კრისტოფერ რეიმ კონგრესის სხდომაზე წარადგინა კრუკსის ისტორიის ანალიზი, თუ რას ეძებდა ახალგაზრდა ინტერნეტში. მისი თქმით, ლეპტოპის ანალიზმა აჩვენა, რომ მას აინტერესებდა, რამდენად შორს იყო კენედისგან ლი ჰარვი ოსვალდი, რომელმაც 1963 წლის ნოემბერში, პრეზიდენტს ესროლა.

“6 ივლისს Google-ში ეძებდა თუ რამდენად შორს იყო ოსვალდი კენედისგან. ეს გვაძლევს მონაცემებს მის ფსიქიკურ და ემოციურ მდგომარეობაზე... ის იმავე დღეს დარეგისტრირდა ტრამპთან შეხვედრაზე“, - განაცხადა FBI-ს დირექტორმა.

“რამდენიმე ხანია ვამბობ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ გაზრდილი საფრთხის გარემოში. მსროლელი შეიძლება მკვდარია, მაგრამ FBI-ის გამოძიება გრძელდება“, - დაამატა რეიმ.

რეის თქმით, ტრამპის გამოსვლამდე ორი საათით ადრე, ადგილის დასათვალიერებლად კრუკსმა დრონი გამოიყენა. დრონი ჰაერში 11 წუთის განმავლობაში იყო. მისი დისტანციური მართვის პულტი მსროლელის მანქანაში ორ ასაფეთქებელ მოწყობილობასთან ერთად იპოვეს.

  • კიდევ ერთი ბომბი აღმოაჩინეს კრუკსის სახლში

FBI-ს დირექტორის თქმით, ჯერ არ არის ნაპოვნი მტკიცებულება იმისა, რომ კრუკსს თანამზრახველები ჰყავდა. სავარაუდოდ, ის მარტო მოქმედებდა და სურდა ისევე მოეკლა ტრამპი, როგორც მოკლეს პრეზიდენტი კენედი წლების წინ.

დონალდ ტრამპზე თავდასხმა 13 ივლისს პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერში გამართული კამპანიის დროს მოხდა. ტრამპის საუბრის დაწყებიდან რამდენიმე წუთში, თომას მეთიუ კრუკსმა AR-15 ტიპის შაშხანიდან ცეცხლი გახსნა. ერთ-ერთმა ტყვიამ ექსპრეზიდენტის თავთან რამდენიმე მილიმეტრში გაიარა და მარჯვენა ყური დაუზიანა.

მძიმედ დაშავდა ორი მომიტინგე, 50 წლის მეხანძრე კი დაიღუპა. კრუქსმა რვაჯერ ისროლა.

  • ჯონ კენედი 1963 წლის 22 ნოემბერს მოკლეს

აშშ-ის 35-ე პრეზიდენტი ჯონ ფიცჯერალდ კენედი 1963 წლის 22 ნოემბერს სნაიპერმა,12:30 საათზე მოკლა.

კენედი მეუღლესთან, ჟაკლინთან, ტეხასის გუბერნატორ ჯონ კონალისთან და კონალის მეუღლესთან - ნელისთან ერთად ტეხასის შტატ დალასში საპრეზიდენტო ავტომობილით გადაადგილდებოდა, როდესაც ახლომდებარე შენობაში ჩასაფრებულმა ლი ჰარვი ოსვალდმა ესროლა. გუბერნატორი ჯონ კონალი თავდასხმის შედეგად მძიმედ დაიჭრა. დაშავებულები სასწრაფოდ პარკლენდის მემორიალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ კენედი უკვე გარდაცვლილი იყო.

ოფიციალური ვერსიით, კენედის მემარცხენე შეხედულებების ლი ჰარვი ოსვალდმა ესროლა. თავად ოსვალდი ბრალდებას უარყოფდა, მაგრამ სასამართლოს წინაშე ვერ წარდგა: დაკავებიდან ორ დღეში, დალასის ციხეში გადაყვანის დროს, ის ადგილობრივი ღამის კლუბის მფლობელმა ჯეკ რუბიმ მოკლა. დიდი ხნის განმავლობაში, გამოძიების მასალების ძირითადი ნაწილი გასაიდუმლოებული იყო, მაგრამ 1992 წელს, პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა-უფროსმა მასალების ნელ-ნელა გამოქვეყნება გადაწყვიტა.

არსებობს ვერსიები, რომ ოსვალდი მარტო არ მოქმედებდა და პრეზიდენტის მკვლელობის უკან სპეცსამსახურები ან ვიცე-პრეზიდენტი ლინდონ ჯონსონი იდგნენ.

წყარო

ასევე იხილეთ: