პარიზში, ოლიმპიურ თამაშებზე "დესტაბილიზაციის აქტების“ მომზადების ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას პარიზის პროკურატურა ავრცელებს.
Le Parisien- ის ცნობით , 40 წლის მამაკაცი გასულ კვირას საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა უსაფრთხოების გენერალური დირექტორის (DGSI) თანამშრომლებმა დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 30 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
გავრცელებული ინფორმაციით, სპეცსამსახურები რუსეთის მოქალაქეს რამდენიმე დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ. აგენტებმა მისი ბინაც გაჩხრიკეს, სადაც აღმოაჩინეს "მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ იგი ამზადებდა პრორუსულ ოპერაციებს ოლიმპიური თამაშების დროს სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის“. ხელისუფლების ცნობით, საქმე ტერორისტულ აქტს არ ეხება.
დაკავებულის სახელი ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა. ფრანგული გამოცემა მის შესახებ გარკვეულ ინფორმაციას ავრცელებს: როგორც ირკვევა, მამაკაცი საფრანგეთში საცხოვრებლად 2010 წელს გადავიდა. რუსეთში ცხოვრებისას იგი მოსკოვის საინვესტიციო ფონდის პარტნიორი იყო, შემდეგ კი სხვადასხვა ფინანსურ კომპანიაში მუშაობდა.
მამაკაცი რუსული რეალით შოუს და კულინარიული სატელევიზიო გადაცემის მონაწილეც იყო, ასევე აქვეყნებდა სამზარეულოს გაკვეთილებს სოციალურ ქსელებში, სადაც რამდენიმე ათასი გამომწერი ჰყავს.
სადაზვერვო სამსახურის ყურადღება 2024 წელს მიიქცია - თურქეთში ყოფნის დროს, სტამბულის აეროპორტში ნასვამ მდგომარეობაში მივიდა, Le Mond-ის ცნობით, დაკავებული პირი ტრაბახობდა, რომ ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის ჩაშლას აპირებდა.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალდ დარმანინმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ოლიმპიადის წინა დღეს, უსაფრთხოების სამსახურებმა გადაამოწმეს მილიონზე მეტი ადამიანის ფაილი, მათ შორის სპორტსმენები, მწვრთნელები, ჟურნალისტები, მოხალისეები, დაცვის თანამშრომლები და ადგილობრივი მაცხოვრებლებიც კი.
პარიზის ოლიმპიური თამაშები 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.
წყარო: BBC