12 წლის წინ აღმოაჩინა, რომ ყველაზე მეტად სხვებისთვის საინტერესო ადგილების ჩვენება და მათ შესახებ ამბების მოყოლა მოსწონდა; განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებდა მათი აღფრთოვანებული სახეების ნახვა და კმაყოფილება, რომელსაც ისინი ტურის დასასრულს გამოხატავდნენ ხოლმე, ამიტომ თავისი ცხოვრება სამუდამოდ დაუკავშირა ტურიზმის სფეროს - ეს დიანა ნანუაშვილია, ერთადერთი ქართველი სერტიფიცირებული გიდი დუბაიში.
4 წლის წინ ოცნება აიხდინა და ყველაზე განაპირა უბნიდან საცხოვრებლად ქალაქის პრესტიჟულ ნაწილში - დუბაი მარინაში გადავიდა, სადაც მისი სახლი იახტკლუბსა და არხს გადაჰყურებს. რამდენიმე თვის წინ კი მიანიჭეს 10-წლიანი ოქროს ვიზა, რომლის მიღებაც დუბაიში ცხოვრებისა და მუშაობის მსურველთათვის გამოწვევაა ხოლმე.
დუბაიში ჩასულს მისი დამახასიათებელი თხრობის სტილი, შრომისმოყვარეობა და ნიჭი, სხვებისთვის დაუვიწყარი დასვენება დაგეგმოს, უცხო ქვეყანაში ტურისტულ სააგენტოებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ და მალევე სხვადასხვა სფეროდან ყველაზე მნიშვნელოვანი სტუმრებისთვის ქვეყნის ღირსშესანიშნაობების საუკეთესოდ წარმოჩენის პასუხისმგებლობა გადააბარეს. აღნიშნული მიღწევების მიღმა კი დგას გრძელი და გამოწვევებით სავსე გზა, რომელიც მან ჯერ საქართველოში, შემდეგ კი უკვე დუბაიში გაიარა.
როგორ აისრულა ოცნება, გამხდარიყო ბინის მფლობელი დუბაიში, როგორ შეძლო კარიერის ნულიდან დაწყება, რა სირთულეების გადალახვა მოუწია მაშინ, როდესაც მცირეწლოვან შვილთან ერთად უცხო ქვეყანაში წასვლა გადაწყვიტა და როგორ ცხოვრობს ახლა ის მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ქვეყანაში, თავად დიანა ნანუაშვილი გვიამბობს:
- თავდაპირველად დავიწყოთ ახალი ამბით, მუშაობა დაიწყეთ ტურისტული კომპანიის დაფუძნებაზე. დეტალურად გვიამბეთ, რა მომსახურებას შესთავაზებს ის დაინტერესებულ პირებს?
- პანდემიის პერიოდმა ჩაიარა, ტურიზმი აღდგა და რადგან ამ მიმართულებით დიდი გამოცდილება მქონდა, გადავწყვიტე, დამეფუძნებინა ჩემი კომპანია Diana Holidays, რომელიც მოემსახურება ტურისტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან. აღსანიშნავია, რომ გვექნება საქართველოს ბაზრისთვის მორგებული და მისაღები შეთავაზებებიც, როგორც კორპორაციული, ისე ინდივიდუალური. კონკრეტული პირობებისთვის შეგიძლიათ, ფეისბუქის ან WhatsApp-ის (+971 50 713 4372) მეშვეობით დაგვიკავშირდეთ.
ტურისტებს შევთავაზებთ სრულ მომსახურებას, ღირსშესანიშნაობების დათვალიერების, გართობის, ყველა იმ სერვისის ჩათვლით, რისი მიღებაც დუბაიშია შესაძლებელი.
- ასევე, ცოტა ხნის წინ გახდით ოქროს ვიზის მფლობელიც. ალბათ დუბაიში ბინის შეძენა და ცხოვრების უფლების მიღება ბევრ გამოწვევასთან არის დაკავშირებული. როგორ შეძელით ამის გაკეთება?
- მართლაც ასეა. მაქვს როგორც რეზიდენტის, ისე 10-წლიანი ოქროს ვიზა, რაც ერთდროულად არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ცხოვრებისა და ბიზნესის კეთების უფლებას მაძლევს. რაც შეეხება უძრავი ქონების შეძენას, ამაში ჩემი გამოცდილება დამეხმარა, რომელიც აქ ჩამოსვლიდან მალევე მივიღე. მარინას უბანში, სადაც ცათამბჯენებიდან იახტ კლუბისა და დუბაის არხის შთამბეჭდავი ხედები იშლება, ბინის შეძენა ჩემი ოცნება იყო და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ავიხდინე.
მინდა აღვნიშნო, რომ ორივე საკითხთან დაკავშირებით შემიძლია კონსულტაციის გაწევა დაინტერესებული პირებისთვის. ვისაც დუბაიში ცხოვრება და უძრავი ქონების შეძენა სურს, სიამოვნებით დავაკვალიანებ, შეუძლიათ, ამისათვის ჩემს ფეისბუქის ან ინსტაგრამის გვერდებზე მომმართონ.
- დიანა, ცოტა უკან რომ დავბრუნდეთ, რამდენადაც ვიცი, ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი ხართ, თუმცა როგორც თავად მიამბეთ, თქვენი ჰობის საქმედ ქცევა სწორედ ცხოვრების ყველაზე რთულ ეტაპზე დაიწყეთ... გვიამბეთ, როგორ მოხდა ეს?
- დიახ, მართლაც ჩემი ძირითადი საქმიანობა ინგლისური ენის სწავლება იყო, რაც ახლაც ძალიან მსიამოვნებს, თუმცა ისტორია, სხვადასხვა მოვლენის დამახსოვრება და შემდეგ სხვებისთვის გადმოცემა ყოველთვის მაინტერესებდა.
გამოვიდა ისე, რომ ყველაზე რისკიანი გადაწყვეტილებების მიღება და ჩემი ინტერესის სფეროს საქმედ ქცევა სწორედ მაშინ გადავწყვიტე, როცა მეუღლესთან განქორწინება მომიწია. თავდაპირველად, უცხოეთში წავედი, თუმცა შემდეგ უკან დავბრუნდი. თბილისში ჩამოსულს კიდევ უფრო მეტი პრობლემა დამხვდა - უკვე აღარც ოჯახი მქონდა და აღარც სამსახური, ვცხოვრობდი მცირეწლოვან შვილთან და ასაკიან მშობლებთან ერთად...
ბევრი არ მიფიქრია, სწრაფადვე დავიწყე იმ პროფესიაში ცოდნის გაღრმავება რასაც სამომავლო საქმიანობად მოვიაზრებდი და ჯერ პროფესიონალი გიდი, შემდეგ კი გიდების ასოციაციის წევრი გავხდი. ჯგუფები ყოველთვის მყავდა და მეც თავს არ ვზოგავდი, ხშირად ღამეებსაც ვათენებდი ხოლმე, რომ აეროპორტში დავხვედროდი მათ, მეორე დღეს კი ხან ყაზბეგში მიწევდა ყოფნა, ხან სვანეთში... ასეთია გიდის პროფესია. მომწონდა რასაც ვაკეთებდი და მინდოდა, ტურიზმის სფეროში რაც შეიძლება ბევრი რამ შემესწავლა და უფრო გამეფართოებინა თვალსაწიერი.
დასვენების სეზონებზე მოთხოვნა ძალიან მაღალი იყო და რადგან უკვე ჩემი გამოცდილებაც მაძლევდა ამის საშუალებას, გადავწყვიტე, საკუთარი კომპანია დამეფუძნებინა. ასე შეიქმნა VIA Georgia და მალევე წარმატებულიც გახდა. რა თქმა უნდა, ჩემი საქმის ბიზნესად ქცევა მარტივი არ იყო. შევისწავლე მენეჯმენტი, გავიარე ბიზნესის მართვისთვის საჭირო სხვადასხვა კურსი და პროფესიონალთა გუნდთან ერთად პანდემიამდე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ტურისტული კომპანიაც ვიყავით.
- ალბათ, პანდემიამ თქვენს ტურისტულ სააგენტოსაც სერიოზული პრობლემები შეუქმნა. სწორედ ეს გახდა თუ არა მიზეზი, დუბაიში გადასულიყავით საცხოვრებლად და იქ დაგეწყოთ ყველაფერი თავიდან?
- ჩემი პროფესიით დუბაიში განვითარება პანდემიამდეც მქონდა გადაწყვეტილი, რადგან ბევრ შესაძლებლობას ვხედავდი. დუბაისა და აბუ-დაბიში ტურიზმის სფერო საკმაოდ მაღალ დონეზეა და პროფესიონალ კადრებზეც დიდი მოთხოვნაა. პანდემიამ ჩემი გეგმების განხორციელება კიდევ უფრო დააჩქარა, რადგან შეზღუდვებმა ჩემი ბიზნესის შემოსავალი ნულამდე დაიყვანა.
ისე მოხდა, რომ ამ პერიოდში მეორედ შევქმენი ოჯახი, ახალმა ცხოვრებამ, ახალმა შანსებმა და თქვენ წარმოიდგინეთ, სირთულეებმაც მოტივაცია მომცა, რომ თავიდან მეცადა ცხოვრების დაწყება. გადავედი დუბაიში საცხოვრებლად, თუმცა წარმოდგენაც არ მქონდა, რამდენი სირთულე მელოდა წინ. მიჩვეული ვიყავი აქტიურ ცხოვრების წესს, სამსახურის გამო ჩემი ტელეფონი არასდროს ჩერდებოდა, მყავდა მეგობრები, თითქმის არასდროს მქონდა თავისუფალი დრო. დუბაიში კი ყველაფერი სხვანაირად იყო: განსხვავებული ენა, კულტურა, კლიმატი, გარემო, არა მეგობრები, თავიდან არც სამსახური, ჩემი ფანჯრიდან კი მხოლოდ უდაბნო ჩანდა, რაც ძალიან სტრესული იყო.
- რა სირთულეებთან იყო დაკავშირებული მცირეწლოვან შვილთან ერთად უცხოეთში გადასვლა? როგორ შეეჩვია ის ახალ გარემოს, ახალ ცხოვრებას?
- ჩემი შვილი - ნატალი, რომელიც საქართველოდან 9 წლის ასაკში წამოვიყვანე, ყოველთვის აქტიური ბავშვი იყო: ჰყავდა მეგობრები, დადიოდა წრეებზე და ჰქონდა კომფორტული გარემო, რომლის დატოვებაც გაუჭირდა. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისურ ენაში მე მას ბავშვობიდან ვამეცადინებდი, ბრიტანულ სკოლაში, სადაც დუბაიში გავაგრძელებინე სწავლა, თავდაპირველად მაინც ბევრი ბარიერი ჰქონდა, ბრიტანული ინგლისურისთვის დამახასიათებელი გამოთქმის გამო.
- დღეს როგორ ცხოვრობს ნატალი?
- ის ისეთივე აქტიური ბავშვია, როგორიც საქართველოში იყო, სწავლობს კარგად, გაიჩინა უამრავი მეგობარი, უკვე 5 ენაზე საუბრობს და სამყაროს სრულიად განსხვავებული ხედვა ჩამოუყალიბდა. განათლებამ, რომელსაც ის აქ იღებს, მის პიროვნულ განვითარებაზე დიდი გავლენა იქონია. ახლა 15 წლისაა და უკვე ფიქრობს იმაზე, რომ სამომავლოდ საკუთარი ბიზნესი ექნება და ამ მიმართულებით საკუთარ თავზეც მუშაობს. დაიწყო ელექტრონული კომერციის შესწავლაც, დაინტერესებულია თანამედროვე ტექნოლოგიებით, რაც მე ძალიან მახარებს. მეც თავისი მიზნებისკენ სწრაფვაში ვეხმარები.
- ალბათ, მისთვის თქვენი განვლილი გზა ერთგვარი მოტივაცია და მაგალითია.
- დიახ, შეიძლება, მეც მივეცი მოტივაცია, რომ ასეთი მონდომებული და თავდაჯერებული ყოფილიყო, რომ ჰქონოდა განვითარებისა და რაიმე ახლის შესწავლის სურვილი. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, მშობელი შვილისთვის მაგალითი იყოს და ვცდილობ, მას იმედი არასდროს გავუცრუო.
- გვიამბეთ, როგორ დაიწყო საამიროებში თქვენი პროფესიული განვითარება?
- პანდემიის პერიოდში ჩამოვედი და შეზღუდვების პერიოდი გამოვიყენე შესაძლებლობად, აქაური მოთხოვნების შესაბამისად შემესწავლა მენეჯმენტი და გაყიდვების სფერო. გავიარე კურსები, ჩავაბარე გამოცდები და პირველი სამსახური უძრავი ქონების მიმართულებით დავიწყე. COVID-19-ის გამო ბიზნესების უმეტესობა, მათ შორის სამშენებლო-დეველოპერული სექტორიც კრიზისს განიცდიდა, ამიტომ გაორმაგებული ძალებით ვცდილობდით, ახალი კლიენტების მოზიდვას და იმ ერთი წლის განმავლობაში, რაც აღნიშნულ კომპანიაში ვიმუშავე, არსებულმა სირთულეებმა ბევრი რამ მასწავლა.
ახალმა სამსახურმა მომცა შესაძლებლობა, შემეცვალა საცხოვრებელი ადგილი. მას შემდეგ, რაც პირველ ცდაზე რაღაც გამომივიდა, მივხვდი, რომ თუ კიდევ უფრო მეტს ვიმუშავებდი საკუთარ თავზე, ახალი შესაძლებლობებიც გამოჩნდებოდა. ჩემი ფანჯრებიდან უდაბნოს ნაცვლად უკვე ტურისტებით სავსე ავტობუსები და პალმები ჩანდა და ხანდახან ვფიქრობდი ხოლმე, დრო ხომ არ იყო, ჩემს საყვარელ პროფესიას დავბრუნებოდი.
მიუხედავად იმისა, რომ უძრავი ქონების სფერომ დამაინტერესა, მაინც ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ეს ის არ იყო, რაც მინდოდა მეკეთებინა. ერთ დღესაც გადავწყვიტე, რომ სახლიდან ქვემოთ ჩავსულიყავი და ტურისტული ავტობუსის მძღოლებისთვის მეკითხა მათი დამსაქმებლების შესახებ. ასე დავიწყე ჩემი პირველი სამსახური ტურიზმის სფეროში, დუბაიში ერთ-ერთი კომპანიის გაყიდვების მენეჯერად და როცა შევიტყვე, რომ გიდის პოზიციაზე დასაქმების უფლების მიღებაც შემეძლო, თუ შესაბამისი კვალიფიკაცია მექნებოდა, მალევე დავიწყე ამაზე ზრუნვა.
ვისწავლე არაბეთის გაერთიანებული საამიროების ერთადერთ სახელმწიფო სასწავლებელში, რომელიც დუბაისა და აბუ-დაბის სერტიფიცირებული გიდის სტატუსს განიჭებს. კურსის დასრულების შემდეგ ჩავაბარე გამოცდები, რის შემდეგაც მომენიჭა სერტიფიცირებული გიდის სტატუსი და ჩემს საყვარელ პროფესიას დავუბრუნდი.
· უფრო დეტალურად, რას მოიცავდა თქვენი პროფესიული საქმიანობა? საინტერესოა, საქართველოდან რამდენად ხშირად იღებთ ჯგუფებს?
- თავდაპირველად, ევროპიდან და აშშ-დან ჩამოსული სპეციალური სტუმრებისთვის გიდობის გაწევით ვიყავი დაკავებული. მათთვის დღე საინტერესოდ უნდა დამეგეგმა და ქვეყნის ღირსშესანიშნაობების შესახებაც საინტერესოდ უნდა მომეთხრო, ეს პროცესი დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. შემდეგ სხვა ტიპის ტურების დაგეგმვაც დავიწყე. არასდროს დამავიწყდება დღე, როდესაც პირველად დავხვდი ქართველთა ჯგუფს. ისეთი განცდა მქონდა, თითქოს თითქოს ჩემს ოჯახს შევხვდი. უცებ ძალიან მომინდა, ისინი სახლში წამეყვანა და ისე გავმასპინძლებოდი, როგორც ქართველებმა ვიცით ხოლმე. ამის შემდეგ გადავწყვიტე, ქართული ბაზრისთვისაც გამეკეთებინა შეთავაზებები და დღეს განსაკუთრებით კორპორაციული მიმართულებით აქტიურად ვთანამშრომლობ სხვადასხვა ქართულ ბიზნესთან. ჩვენი ქვეყნიდან უფრო და უფრო ხშირად მყავს ჯგუფები და ყოველი შეხვედრა მათთან ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებით ემოციური და სასიამოვნოა ხოლმე. ვცდილობ, დუბაიში გატარებული დღეები მათთვის დაუვიწყარი იყოს.
მე მჯერა, რომ თუ გაქვს მოტივაცია, მოთმინება და საქმის სიყვარული, ყველაფერი გამოგივა, მთავარია, არ დანებდე მაშინ, როცა ყველაზე მეტად გიჭირს. ბოლო 10 წლის განმავლობაში რამდენიმე სფეროში ვცადე თავი, მაგრამ ბოლოს მაინც იმას დავბრუნდი, რაც ყველაზე მეტად მიყვარს და შესაბამისად, ყველაზე კარგად გამომდის. ეს მხოლოდ დასაწყისია, მაქვს უამრავი იდეა, რომლის განხორციელებასაც სამომავლოდ ვგეგმავ.
NS