ავტორი:

გახშირებული სითბური ტალღები და საშიში ამინდი: რისთვის უნდა ვიყოთ მზად?! - "ყველაზე სახიფათო მდგომარეობა თბილისსა და ბათუმში იქნება"

გახშირებული სითბური ტალღები და საშიში ამინდი: რისთვის უნდა ვიყოთ მზად?! - "ყველაზე სახიფათო მდგომარეობა თბილისსა და ბათუმში იქნება"

კლიმატის ცვლილებებზე სასაუბროდ კლიმატის ცვლილებისა და ენერგეტიკის საკითხების მკვლევარს გიორგი მუხიგულიშვილს ვესაუბრეთ:

- გლობალური დათბობა კლიმატის ცვლილების თანმდევი შედეგია. ამას თან ახლავს მყინვარების დნობა, ატმოსფეროში სათბურის აირების კონცენტრაციის შედეგად ტემპერატურის აწევა, რაც უფრო აჩქარებს კლიმატის ცვლილებას. კლიმატი დედამიწაზე ათასეული წლების განმავლობაში იცვლება და მომავალშიც შეიცვლება, მაგრამ მთავარი პრობლემაა უხეში ჩარევა, ბუნებრივი რესურსების, განსაკუთრებით წიაღისეული ენერგორესურსების დიდი რაოდენობით მოპოვება და მოხმარება, შედეგად კი ატმოსფეროში დიდი რაოდენობით სათბურის აირების კონცენტრაციაა. კვლევები ცხადყოფს, რომ მიმდინარე კლიმატის ცვლილება 9-10-ჯერ სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე წინარე კლიმატის ცვლილებები, რაც უფრო სახიფათოს ხდის როგორც ადამიანისთვის, ისე ეკოსისტემებისთვის ამ პროცესთან შეგუებას და გადარჩენის რისკებიც მცირდება.

- ყველაზე დიდი "წვლილი" კლიმატის დაბინძურებაში რომელ ქვეყნებს მიუძღვით.

- გიგანტებს, აშშ-ს, რუსეთს, რომელიც წიაღისეულის მოპოვების მასშტაბურობით სათბურის აირების გაფრქვევის ძალიან დიდი კონტრიბუტორია, მასთან ერთად ჩინეთი, ინდოეთი, ევროკავშირის ქვეყნებიც, მაგრამ განსხვავება მათ შორის ის არის, რომ განვითარებული ქვეყნები 90-იანი წლებიდან ფიქრობენ და მუშაობენ, თუ როგორ შეამცირონ სათბურის აირების გაფრქვევები. ამას თან სდევს სუფთა ტექნოლოგიების განვითარება და დანერგვა სხვადასხვა სექტორში, სოფლის მეურნეობაში, ენერგეტიკაში და ა.შ. ყველა აცნობიერებს კლიმატის ცვლილების საფრთხეს და თავიანთ ვალდებულებებს, მათ შორის საქართველოც, რომელმაც წარადგინა ეროვნულად განსაზღვრული წვლილის დოკუმენტი. ამჟამად მიმდინარეობს მისი განახლება და 2025-30 წლებისთვის უფრო ამბიციური გეგმის წარდგენას ფიქრობს. კერძოდ, 2030 წელს 1990 წელთან შედარებით 47%-ით შევამციროთ სათბურის აირების გაფრქვევა და 2050 წლისთვის საქართველო გახდეს კლიმატნეიტრალური ქვეყანა.

- როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ამ დროისთვის ჩვენთან ავტომანქანების რაოდენობა შემცირდეს, მთავარი მიზეზი ხომ სწორედ ესაა?

- ტრანსპორტის სექტორში არის რამდენიმე მიმართულება, რითაც შეიძლება შემცირდეს გაფრქვევები. მათ შორის არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების ხელშეწყობა, ისეთი სუფთა ტრანსპორტის მოხმარება, როგორიცაა ჰიბრიდული და ელექტრომობილები, რაც ნელ-ნელა ვითარდება და საამისოდ წამახალისებელი მექანიზმებიც არსებობს - სუფთა ტრანსპორტის იმპორტისა და განბაჟების გადასახადი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე დიზელისა და ბენზინის ძრავაზე მომუშავე ავტომობილებისთვის. განვითარებული ქვეყნები, რომლებიც აწარმოებენ ამ ტრანსპორტს, 2026-27 წლიდან სრულიად აპირებენ, რომ დახურონ შიდა წვის ძრავაზე მომუშავე საავტომობილო ქარხნები და ამით ხელი შეუწყონ ელექტრომობილებისა და ჰიბრიდული ავტომობილების განვითარებას.

საქართველო მრავალფეროვანია თავისი ლანდშაფტებით, რესურსებით, ამიტომაც განსაკუთრებით კრიტიკულია კლიმატის ცვლილების გავლენა. ბევრია საფრთხე, რაც შეიძლება კლიმატის ცვლილებას ახლდეს. ეს არის სითბური ტალღების მოხშირება, კლიმატური ექსტრემალური მოვლენების გააქტიურება. ამიტომ მთავარია, მომზადებული ვიყოთ. არა მარტო ტექნოლოგიები, მნიშვნელოვანია მზაობის გეგმებიც, მონიტორინგის სისტემები, ადრეული შეტყობინება თუ სხვა, რაც კომპლექსურად შეუწყობს ხელს ქვეყნის მედეგობისა და ადაპტაციის უნარის გაძლიერებას. გააგრძელეთ კითხვა