თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შეჩერდა საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ. ამასთან, საქმეზე სამართალწარმოების საბოლოოდ დასრულებამდე, საქართველოს პრეზიდენტს აეკრძალა, ახალი კონკურსის ჩატარება და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა ახალი წევრის (ნებისმიერი ფორმით) დანიშვნა. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი მ. კ-ს სარჩელი გახდა.
"მე ვფიქრობ, რომ ის მოსამართლე მოქმედებდა არა თავისი ინდივიდუალური გადაწყვეტილებით, არამედ მოქმედებს სისტემის სახელით. ასეთი ფორმა აარჩია კლანმა, რომელიც ჩვენს სასამართლოს სისტემაშია. კლანმა, რომელიც აკონტროლებს მართლმსაჯულებას. ზოგიერთი მოსამართლე პირდაპირ ემორჩილება კლანს, ხოლო ზოგიერთი უბრალოდ კონიუნქტურას ემორჩილება.
ეს გადაწყვეტილება, რომელიც დღეს იქნა მიღებული, მთლიანად ცვლის პროცესის მიმდინარეობას. მე ხვალიდან ვაპირებდი იუსტიციის საბჭოში მუშაობის დაწყებას. ვაპირებდი განცხადებების გაკეთებას და ჩემი გეგმის გაცნობას საზოგადოებისთვის. ჩემი მთავარი გეგმა იყო ის, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შევიტანო განსხვავებული ხმა. დღეს იქ განსხვავებული ხმა საერთოდ არ არის, არანაირი კამათი, დისკუსია საბჭოში არ ხდება, ყველა ერთ აზრზეა და ყველა ერთ გადაწყვეტილებას აძლევს ხმას. მე ვაპირებდი სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების სიღრმისეულ შესწავლას და საზოგადოების ინფორმირებას.
უკვე წლებია მე ძალიან მკვეთრად და მძაფრად ვარ დაპირისპირებული ამ ჯგუფთან. მაქვს არაერთი ნაშრომი, მაქვს არაერთი კვლევა, არაერთი მიმართვა, საპროტესტო აქცია ჩატარებული. ჩემთვის გასაგები იყო, რომ იქ იებით და ვარდებით არ დამხვდებოდნენ, გასაგები იყო, რომ რაღაც ზომებს მიიღებდნენ ჩემს საწინააღმდეგოდ, ეს მოსალოდნელი იყო, მაგრამ ასე სწრაფად და ოპერატიულად თუ დაბლოკავდა [კლანი] ამ საკითხს, ეს მეც არ მქონდა წინასწარ გათვლილი“, - განაცხადა კახა წიქარიშვილმა.
"1) საკონკურსო კომისია, რომელიც შედგებოდა 7 წევრისაგან, სრულად დაკომპლექტებული იყო ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში მყოფი თანამოაზრე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან, რომლებმაც ფავორიტი კანდიდატები გამოავლინეს საკუთარი რიგებიდან ისე, რომ ფორმალურადაც არ დაიცვეს მიუკერძოებლობისა და ობიექტურობის მინიმალური სტანდარტიც კი. გიორგი ბურჯანაძეც და კახა წიქარიშვილიც წლების მანძილზე არასამთავრობო სექტორში მოღვაწეობდნენ და უშუალო შეხება და ახლო მეგობრული ურთიერთობა და რაც მთავარია ერთიანი ჯგუფური პლატფორმა გააჩნიათ საკონკურსო კომისიის სწორედ იმ წევრებთან, რომლებმაც მოახდინეს მათი ნომინირება და კონკურსის შედეგად ე.წ. „გამარჯვებულებად“ წარდგენა პრეზიდენტისათვის.
2) სწორედ ამ სიახლოვით იყო განპირობებული ის ფაქტი, რომ კომისიის 3-მა წევრმა: გურამ იმნაძემ, ნონა ქურდოვანიძემ და გიორგი დავითურმა განაცხადა თვითაცილება კანდიდატ გიორგი ბურჯანაძესთან მიმართებით; თუმცა, ეს თვითაცილებაც, საბოლოო ჯამში, ფარსი და უშედეგო აღმოჩნდა, რამდენადაც მათ უკვე წინასწარ სუბიექტური განწყობებით ჰქონდა მიღებული გადაწყვეტილება მათი ფავორიტი კანდიდატ(ებ)ის მიმართ. ამდენად გიორგი ბურჯანაძესთან მიმართებით განხორციელებული „აცილება“ რეალურად არაფრისმომცემი იყო და მიზნად ისახავდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, ინტერესთა კონფლიქტის თითქოსდა გამორიცხვის ჩვენების გზით, ვინაიდან, სავალდებულო კვორუმი გახლავთ 5 ხმა. ამდენად, აქაც კომისიამ პირადი ინტერესიდან გამომდინარე დაარღვია საქართველოს პრეზიდენტის მიერვე განსაზღვრული წესი და კანდიდატი 5 ხმის ნაცვლად წარადგინა 4 ხმით.
3) ასევე პრობლემური და იურიდიული ძალის არმქონე იყო საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებები კახა წიქარიშვილთან მიმართებითაც, კერძოდ:
მასთან გასაუბრების დაწყებისას, გაირკვა, რომ კომისიის წევრმა თამარ ლალიაშვილმა განაცხადა თვითაცილება, რაც კომისიამ დააკმაყოფილა, რადგან კომისიის ამ წევრსა და კანდიდატს შორის არსებობდა მრავალწლიანი პირადი და პროფესიული ურთიერთობა", - წერ ის. იხილეთ სრულად.
"ჩემი აზრით, სასამართლოს დასაშვებად არ უნდა ეცნო ეს სარჩელი. ანუ ეს სარჩელი განსახილველად არც უნდა მიეღო. ასეა, რადგან პრეზიდენტის ეს კონკრეტული უფლებამოსილება განსაზღვრულია კონსტიტუციით, როგორც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება. დამატებით, კანონი არანაირ ვალდებულებას არ აკისრებს პრეზიდენტს ამ საკითხში გარდა ერთისა - რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს იუსტიციის საბჭოს წევრად დანიშნული პირი.
ეს გახლავთ უმაღლესი იურიდიული განათლება, მუშაობის გარკვეული გამოცდილება და კიდევ რამდენიმე პირობა. პრეზიდენტს უფლება აქვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშნოს ნებისმიერი პირი, რომელიც ამ პირობებს აკმაყოფილებს. კანონი პრეზიდენტს იმასაც კი არ ავალდებულებს, რომ კონკურსი ჩაატაროს.
მაგრამ, იმისათვის რომ პრეზიდენტს მაქსიმალურად ობიექტურად შეერჩია ამ თანამდებობაზე დასანიშნი პირი, მან გადაწყვიტა და მას ამის სრული უფლება ჰქონდა, გაემართა ღია კონკურსი და ამ კონკურსის საფუძველზე შეერჩია კანდიდატი. პრეზიდენტს შეეძლო ეს კონკურსი გაემართა, შეეძლო არ გაემართა, ეს მისი უფლებაა, რადგან კონსტიტუცია ამბობს - პრეზიდენტი ნიშნავს ამ პირს და არანაირი სხვა პირობა არ დაადო თუ როგორ შეარჩევს იგი მას. - სიმაღლის მიხედვით, წონის მიხედვით, თვალების ფერის მიხედვით, ეს უკვე პრეზიდენტის უფლებაა.
შესაბამისად, კონკურსის რომელიმე მონაწილის მიერ პრეზიდენტის განკარგულების გასაჩივრების უფლება არ ჰქონდა. ვთქვათ, პრეზიდენტმა კანდიდატურა არაობიექტურად შეარჩია. მაგალითად, არ ვიცი რა წერია სარჩელში, მაგრამ, თუნდაც, ასე ყოფილიყო, მერე რა?
პრეზიდენტს არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა. ვთქვათ, კონკურსის პირობების შესაბამისად კონკურსანტებს ტესტებზე გაეცათ პასუხი და შემდეგ კონკურსში მონაწილეს გაესაჩივრებინა შედეგი იმ მოტივით რომ მას მეტი ქულა ჰქონდა მიღებული ვიდრე სხვას. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებში შეიჭრა, რის უფლებაც მას არ ჰქონდა".
ის ეჭვობს, რომ იმ პირის კონკურსში მონაწილეობა, ვინც პრეზიდენტის გადაწყვეტილება გაასაჩივრა, სავარაუდოდ, წინასწარ იყო დაგეგმილი და გათვლილი იყო.
"ეს გაკეთდა იმის გამო, რომ არანაირად არ დაეშვათ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კახა წიქარიშვილის მსგავსი პირის აღმოჩენა", - აცხადებს ხმალაძე. წაიკითხეთ ინტერვიუ სრულად