“ბოლო პერიოდში მწვავე და მძიმე შეხვედრა გვქონდა, მათ შორის აფთიაქებთან, იმპორტიორებთან, რომელთაც მოვუწოდეთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღმოფხვრან ონკოპაციენტების მედიკამენტების დეფიციტი, რომელიც შექმნილია - თუ არ იქნება ადეკვატური გამოხმაურება კერძო სექტორიდან, სახელმწიფო იძულებული იქნება გარკვეული ინტერვენციებით შევიდეს, რეგულაციის განსხვავებული მეთოდები აირჩიოს“,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
“რა საკვირველია, მედიკამენტების დეფიციტი ბაზარზე პერიოდულად იქმნება და საკმაოდ მწვავე კომუნიკაცია გვაქვს იმპორტიორებთან, სააფთიაქო ქსელებთან. მწვავე საკითხია, თითოეული ერთი მედიკამენტის დეფიციტიც განსაკუთრებული ყურადღების მიზეზია, განსაკუთრებული ინტერესის საგანიც.
დღეს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, იმპორტს და დისტრიბუციას არ ახორციელებს უშუალოდ სახელმწიფო, თუმცა, სახელმწიფო ყოველთვის აკვირდება მიმდინარე პროცესებს და მარაგებს, რომ დეფიციტი რომელიმე პაციენტის მკურნალობაზე უარყოფითად არ აისახოს. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, რამდენიმე დასახელების მედიკამენტზე შეიქმნა დეფიციტი. ასევე, ბოლო პერიოდში გვქონდა მწვავე და მძიმე შეხვედრა მათ შორის აფთიაქებთან, იმპორტიორებთან, რომელთაც მოვუწოდეთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღმოფხვრან დეფიციტი, რომელიც შექმნილია. სახელმწიფო ამ მიმართულებით არ აპირებს გულხელდაკრეფილი იყოს, იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება ადეკვატური გამოხმაურება კერძო სექტორიდან, სახელმწიფო იძულებული იქნება გარკვეული ინტერვენციებით შევიდეს, რეგულაციის განსხვავებული მეთოდები აირჩიოს იმისთვის, რომ პაციენტის საუკეთესო ინტერესები წინა ადგილზე იყოს. არავის მიეცეს შესაძლებლობა, არცერთ კომერციულ პირს, რომ დადგეს იმაზე მაღლა, ვიდრე პაციენტის უფლებაა“, - აღნიშნა მინისტრმა.