ავტორი:

“მე მშვიდი თინეჯიერი ვიყავი. კი ვატყუებდი მშობლებს რაღაცებს, მაგრამ მაინც დამჯერი ვიყავი“ - რას ჰყვება გვანცა დარასელია შვილებთან ურთიერთობაზე

“მე  მშვიდი თინეჯიერი ვიყავი. კი ვატყუებდი მშობლებს რაღაცებს, მაგრამ მაინც დამჯერი ვიყავი“ - რას ჰყვება გვანცა დარასელია შვილებთან ურთიერთობაზე

ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა გვანცა დარასელიამ გადაცემაში “მხოლოდ ლელასთან“ მის თინეიჯერ შვილთან ურთიერთობებზე და იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც შესაძლოა დღეს ბევრ დედას ჰქონდეს.

მისი თქმით, 12 წლის ერეკლე მჭედლიძე არ გამოირჩევა ამ ასაკისთვის დამახასიათებელი ზედმეტად ემოციურობით, თუმცა ამისთვისაც მზად არის:

“ყველა ადამიანს ვერ მოსთხოვ ერთნაირად გადადოს გვერდზე თავისი მოსაზრებები და მიიღოს მისთვის აბსოლუტურად ახალი მოცემულობა. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ რაღაცა კრიზისი გვიდგას ურთიერთობაში ასაკის გამო - 12 წლის არის, მაგრამ გაცნობიერებული მაქვს, რომ შესაძლოა ბევრ ოჯახში დგას ეს კრიზისი თინეიჯერული პროტესტების და დიდი ხიდჩატეხილობის გამო. რაღაცნაირად მაინც უნდა გაუგო. იმ მომენტში იმის ტყავში უნდა შეძვრე და გაუგო რას განიცდის. შეიძლება ძალიან მიუღებელი იყოს შენთვის რასაც აკეთებს, მაგრამ ალბათ ამასაც აქვს თავისი მიზეზი. ამისთვის ვამზადებ ჩემს თავს...

რასაც ჰქვია ხმის ამაღლება - მისთვის პატარაობიდან იყო ისეთი შეურაცხმყოფელი, ისეთი რეაქცია ჰქონდა ამ ყველაფერზე, რომ, აბსოლუტურად, გასაგები იყო მისი განცდები. ამიტომ მკაცრი შენიშვნები 2-3 საათიანი ლაპარაკით ჩავანაცვლე“, - როგორც ტელეწამყვანმა გაიხსენა, თინეიჯერობაში ის საკმაოდ მშვიდი და გაწონასწორებული იყო.

“მე ვიყავი ძალიან მშვიდი თინეჯიერი. კი ვატყუებდი მშობლებს რაღაცებს, მაგრამ მაინც დამჯერი ვიყავი“, - აღნიშნა გვანცა დარასელიამ და თქვა, რომ ამ ეტაპზე ერთადერთი, რაც მას ყველაზე მეტად აშფოთებს, არის ის, თუ რამდენად უწყობს ხელს მისი შვილების ტალანტების განვითარებას.

  • “მინდა ჩემს შვილს ვასწავლო, რომ ძალიან მნიშვნელოვნად აღიქვას საკუთარი თავი. გაიაზროს რა უნდა, იყოს ემპათიური, შეეძლოს სხვა ადამიანებთან ურთიერთობა და არ დაიტანჯოს გარემოებების გამო... თითქოს სულ ვუჩივი დანაკლისს საკუთარ თავში, თუ რამდენად შევძელი, რომ მათი შინაგანი ტალანტისთვის სწორად მიმეცა მიმართულება. ძალიან მწყდება რაღაცებზე გული, მგონია რომ შეუძლია სიმღერაც, ძალიან კარგად ხატავს, მაგრამ იმდენად არის ფეხბურთით მოცული, რომ მისი მთელი რესურსი მომართულია ფეხბურთისკენ. ამას ძალიან დიდ პატივს ვცემ მაგრამ...

სხვათა შორის, ეს თემა გარდამტეხი იყო ჩვენს ურთიერთობაში. წარსული შეხედულებიდან გამომდინარე, ჩემს ქვეცნობიერში სპორტი და სწავლა ერთმანეთთან ყოველთვის დაპირისპირებული იყო. არადა მშვენივრად სწავლობს, უბრალოდ, მე მქონდა შიშები, რომ თუ სპორტში გადაეშვებოდა, შანსები არ გაეშვა ხელიდან... ეს შფოთვები მქონდა. მივხვდი, რომ ამან ჩვენს ურთიერთობაზე ძალიან იმოქმედა, წინააღმდეგობას ვუწევდი იმას, რაც მას ყველაზე ძალიან უყვარს და აბედნიერებს. შემდეგ მივხვდი, რომ მე უნდა გავმხდარიყავი მისი პირველი გულშემატკივარი... დედას ვფიცავ, თუ ვიტყუებოდე: მაგ დღიდან უფრო კარგად სწავლობს, უფრო კარგ ნიშნებსაც იღებს და ბევრად მეტი მოტივაცია აქვს, რომ გამახაროს“, - ამბობს ჟურნალისტი.

ტელეწამყვანი ბიზნესმენ ვახო მჭედლიძეზეა დაქორწინებული. წყვილი 2 შვილს - ერეკლე და ლილე მჭედლიძეებს ზრდის.

ასევე იხილეთ: