ავტორი:

რამდენად ეფექტურია ფაგები დიაბეტისგან გამოწვეული მძიმე გართულებების სამკურნალოდ? - ინტერვიუ ქირურგ ირაკლი მიშიძესთან

რამდენად ეფექტურია ფაგები დიაბეტისგან გამოწვეული მძიმე გართულებების სამკურნალოდ? - ინტერვიუ ქირურგ ირაკლი მიშიძესთან

ფაგები, თავისი უნიკალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, დაავადებათა ფართო სპექტრის სამკურნალოდ გამოიყენება, მათ შორის დიაბეტის და სხვა ქრონიკული დაავადებებისგან გამოწვეული გართულებების შემთხვევაშიც.

როგორც ქირურგი ირაკლი მიშიძე განმარტავს, ოპერაციასა და მკურნალობის სხვა ტრადიციულ მეთოდებთან კომბინაციაში, სწორად ჩატარებული ფაგოთერაპია მაღალი ეფექტიანობით ხასიათდება.

უფრო დეტალურად, რა როლი აქვს ფაგოთერაპიას მძიმე ჩირქოვანი გართულებების მკურნალობაში და რამდენად შეიძლება ის ფართოდ დაინერგოს - ქირურგი ირაკლი მიშიძე საუბრობს:

რამდენად აქტიურად იყენებთ ფაგოთერაპიას ჩირქოვანი გართულებების მკურნალობისას და რამდენად ხანგრძლივი პროცესია ის?

მოგეხსენებათ, ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობა საკმაოდ გაზრდილია განსაკუთრებით ისეთ პაციენტებში, რომელთაც აწუხებთ დიაბეტი და სხვა თანმხლები ქრონიკული დაავადებები. ჩვენს დეპარტამენტს ძირითადად სწორედ ასეთი პაციენტები მიმართავენ და ფაგოთერაპიის შედეგად მათთან დიდი მიღწევები გვაქვს.

ჩვენი პაციენტების მკურნალობა ზოგადად ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ ამ თვალსაზრისით ანტიბიოტიკებითა და სხვა ძველი მეთოდებით მკურნალობისგან დიდი განსხვავება არ არის. მთავარია, გვაქვს დადებითი შედეგები.

გარდა დიაბეტისგან გამოწვეული გართულებებისა, კიდევ რა ჩივილებით მოგმართავენ ხოლმე პაციენტები?

ჩვენ ასევე მოგვმართავენ სისხლძარღვოვანი და პოსტოპერაციული გართულებებით, პათოლოგიებით, ოსტეომიელიტებითა და სხვა.

როცა პაციენტს თანმხლები ქრონიკული დაავადება აქვს, ნებისმიერმა პატარა ტრავმამ, ოპერაციამ, მანიპულაციამ შეიძლება გამოიწვიოს გართულებები. არის შემთხვევები, როცა დიაბეტიან პაციენტებში ხანგრძლივი სიარულიც კი იწვევს ტერფზე ჩირქოვანი პროცესების ჩამოყალიბებას და ასეთ პრობლემასთან ბრძოლაში ძალიან გვეხმარება ფაგებით მკურნალობა.

საინტერესოა, რამდენად შესაძლებელია სრული განკურნება ფაგოთერაპიის შემდეგ?

უახლოეს პერიოდში ამერიკელებთან ერთად ჩავატარეთ კვლევა, რომლითაც გამოიკვეთა, რომ ოპერაციასთან კომბინაციაში ფაგოთერაპია ძალიან ეფექტურია. როდესაც ხდება პათოლოგიური კერის ლიკვიდაცია, დრენირება ან მოცილება, შემდგომ უკვე ფაგებით მკურნალობის პროცესი იწყება. შესანიშნავი შედეგები მიგვიღია ისეთ შემთხვევებშიც, როცა ფაქტობრივად ამპუტაცია იყო გამოსავალი. განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებიც ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულები იყვნენ.

ვფიქრობთ, ასეთი შედეგების გამო, ფაგების გამოყენება უფრო მასშტაბური გახდება. ასეთ პაციენტებში უკვე შესაძლებელია საპრევენციო ღონისძიებების ჩატარებაც, რადგან მათ მდგომარეობაზე მორგებული ფაგი უკვე შერჩეულია.

ფაგოთერაპია, ეს არის მომავლის მედიცინა და ალბათ ფაგები მსოფლიოს მასშტაბით ბევრი ადამიანის გადარჩენის შესაძლებლობა გახდება, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის საფრთხე რეალური ხდება. გვჭირდება ახალი პრეპარატისა და მკურნალობის მეთოდის შემოტანა და თუ ეს საქართველოდან დაიწყება, ძალიან კარგი იქნება. ამის დიდი შანსი და ფუფუნება კი უკვე გვაქვს. ვფიქრობ, თამამად შეგვიძლია ვიამაყოთ, რადგან სწორედ ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდა ამ მიმართულებით ყველაზე პოპულარული და დიდი გამოცდილების მქონე.