ბელორუსის სასამართლომ გერმანელ ექიმს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. 30 წლის რიკო კრიგერი დამნაშავედ ცნეს ტერორიზმსა და დაქირავებულ საქმიანობაში. იგი 2023 წლიდან გერმანიის წითელი ჯვრის მედიკოსი იყო.
უფლებადამცველი ორგანიზაცია "ვესნას“ ცნობით, კრიგერის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის ექვსი მუხლით იყო აღძრული, მათ შორის დაქირავებულ მებრძოლად მუშაობა, ჯაშუშობა, ტერორიზმი, ექსტრემისტული ჯგუფის ჩამოყალიბება. ასევე, კრიგერს ბრალად ედება ბელარუსის ტერიტორიაზე აფეთქებების ორგანიზება. ქვეყნის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო თავის მოხსენებაში ბრალდების შესახებ დამატებით დეტალებს არ აქვეყნებს.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა კრიგერის სახელი არ უხსენებია:
"საგარეო საქმეთა სამინისტრო დაკავებულ პირს საკონსულო მხარდაჭერას უწევს და ინტენსიურად მუშაობს ბელორუსის ხელისუფლებასთან“, - განაცხადა დეპარტამენტმა და აღნიშნა, რომ გერმანია სიკვდილით დასჯას სასჯელის სასტიკ და არაადამიანურ ფორმად მიიჩნევს.
ბელორუსი ევროპაში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სიკვდილით დასჯა ჯერ კიდევ არსებობს. მინსკის მტკიცებით, ეს სასჯელი გამოიყენება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის, მათ შორის სახელმწიფო ღალატის შემთხვევაში.