ინდოეთში მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, მუკეშ ამბანის ვაჟის, 29 წლის ანანტ ამბანისა და ფარმაცევტული კომპანია Encore Healthcare Viren Merchant-ის ხელმძღვანელის ქალიშვილის, 29 წლის რადიკა მერჩანტის ქორწილი დასრულდა. ქორწილი ოთხ თვეზე მეტხანს გაგრძელდა და სხვადასხვა წყაროების ცნობით, ოჯახს დღესასწაული 300-600 მილიონ დოლარამდე დაუჯდა.
საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა პატარძლის დედამთილი, მუკეშ ამბანის ერთადერთი ცოლი ნიტა ამბანი, ქალი, რომელიც საქორწინო რიტუალების დროს, პატარძალზე დიდ ინტერესს იწვევდა. ნიტა ამბანის ჩაცმულობასა და ძვირფასეულობას უცხოურმა მედიებმა არაერთი სტატია მიუძღვნეს.
ინდოეთში დედამთილის კულტია, ამიტომ ნიტას ყველა გამოჩენა გაცილებით საინტერესო იყო საზოგადოებისთვის, ვიდრე ნეფე-პატარძალის.
ნიტა ამბანის შესახებ წერენ, რომ მისი სამკაულების კოლექცია კარატებში კი არა, კილოგრამებში იზომება და შესაძლოა, ერთ ტონასაც აღწევდეს. ქალს ძალიან უყვარს ლალი, ზურმუხტი და ბრილიანტები.
საინტერესო ცნობები ინდოეთში ყველაზე პოპულარული დედამთილის შესახებ
ნიტა ამბანი 1963 წლის 1 ნოემბერს მუმბაიში საშუალო კლასის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა ნარსი მონჯის კომერციისა და ეკონომიკის კოლეჯი ბაკალავრის ხარისხით კომერციაში. მას ასევე შესწავლილი აქვს ბჰარატანატიამი - ინდური კლასიკური ცეკვის ჟანრი. პარალელურად მუშაობდა მასწავლებლად. ერთ-ერთი გამოსვლის დროს ნიტა მომავალმა მამამთილმა, დირუბაი ამბანმა შეამჩნია. შემდეგ კი მომავალი ქმარი მუკეში გააცნო.
წყვილი მალე დაახლოვდა, ერთ დღეს მანქანის მართვისას, მუმბაის საცობებით სავსე გზის შუაგულში, მუკეშმა ნიტას დაუფიქრებლად ჰკითხა: "გამომყვები ცოლად? მითხარი, კი თუ არა, ახლავე, მანქანაში". მიუხედავად იმისა, რომ ქალი გაოგნებული იყო, ნიტამ უპასუხა "დიახ..."
1985 წლის 8 მარტს მუკეშ და ნიტა ამბანები დაქორწინდნენ. შვილებისგან განსხვავებით მათი საქორწინო ცერემონიალი მოკრძალებული იყო. მისი სამკაულებიდან დაწყებული, სარითა და მაკიაჟით დასრულებული - ყველაფერი საუბრობდა ნიტა ამბანის - დედამიწის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის მეუღლის უბრალოებასა და მშვენიერებაზე.
ნიტასა და მუკეშს სამი შვილი შეეძინათ: ტყუპები აკაში და იშა და ვაჟი ანანტი. ყველა მათგანს ბედნიერი ოჯახი აქვს.
ნიტა Reliance Foundation-ის თავმჯდომარეა, რომელიც თავად დააარსა. ქალმა ასევე მონაწილეობა მიიღო ქმრის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის - ჯამნაგარის თანამშრომლებისთვის ეკოლოგიურად სუფთა სოფლის მშენებლობაში. სოფელში 17 ათასი ადამიანი ცხოვრობს, სადაც გაშენებულია ხეხილის ბაღები ასიათასობით მანგოს ხეებით.
ნიტამ შექმნა ფონდი, რომელიც ინდოეთის ღარიბი ოჯახების შვილებს განათლების მიღებაში ეხმარება. დააარსა დირუბაი ამბანის საერთაშორისო სკოლა და ასევე გახდა პირველი ქალი თავისი ქვეყნის ისტორიაში, რომელიც შეუერთდა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს. ის ასევე ინდოეთის კრიკეტის გუნდის მფლობელია. როგორც ჩანს, ქალი ნამდვილად ბევრს აკეთებს სპორტისთვის.
ნიტას სამკაულების ფასი 5 მილიონი დოლარიდან იწყება და ზოგიერთი მათგანი 40 მილიონ დოლარს აღემატება. ძირითადად ეს არის ადგილობრივი, ინდოელი იუველირების ნაკეთობები, მის კოლექციებში ვერ ნახავთ კარტიეს ან სხვა ევროპული ბრენდის ძვირფასეულობას.
ამბანების ოჯახი მუმბაიში, 27 სართულიან კორპუსში ცხოვრობს, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 2 მილიარდი დოლარია და მეორე ადგილზეა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ კერძო რეზიდენციებს შორის.
ამბანების შვილის საქორწინო წვეულება ყურადღების ცენტრში მარტის დასაწყისში აღამოჩნდა, როდესაც სამდღიანმა წინასაქორწილო წვეულებამ მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. სტუმრების სიაში, ბოლივუდის ვარსკვლავებისა და ინდოელი მილიარდერების გარდა, მოხვდნენ მარკ ცუკერბერგი, ბილ გეითსი, სუნდარ პიჩაი და ივანკა ტრამპი, ხოლო საღამოზე მღეროდნენ რიანა და ეიკონი. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამბანის ოჯახი აწყობს ასეთ მასშტაბურ საქორწილო ზეიმს: 2018 წელს ბიონსემ და სხვა ვარსკვლავებმა მილიარდერის ქალიშვილის ქორწილში იმღერეს.
ნიტა ამბანი ინდოეთში ცნობილია, როგორც სამი შვილის დედა და ერთგული ცოლი, რომელიც მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებს ქვეყანაში ჯანმრთელობისა და განათლების გასაუმჯობესებლად, განსაკუთრებულად ინდოეთის ღარიბ სოფლებში.
5 რამ, რაც უნდა იცოდეთ ამბანების ოჯახში მატრიარქატის შესახებ.
1. ნიტა ამბანის სურვილია, სამყარო უკეთეს ადგილად აქციოს
ამბანების ოჯახი აზიის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კომპანიას, Mukesh Ambani's Reliance Industries-ს ფლობენ. ისინი საქმიანობენ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტელეკომუნიკაციები, ნავთობქიმიკატები, ენერგეტიკა, ტექსტილი, საცალო ვაჭრობა და ბუნებრივი რესურსები. ამიტომ ნიტას აქვს ძალაუფლება მოახდინოს ცვლილებები. ამას კი საქველმოქმედო ჯგუფის, Reliance Foundation-ის საშუალებით ახერხებს.
2. ნიტას და მუკეშის გაცნობის ისტორია ბოლივუდური ფილმის სცენარს ჰგავს
ნიტა საშუალო ფენის ოჯახში დაიბადა. ადრეულ ასაკში, მისი კარიერა ინდური კლასიკურ ცეკვით დაიწყო. ერთ დღესაც მილიარდერმა მამამთილმა სცენაზე შეამჩნია. შემდეგ კი გოგონას დაურეკა და სახლში მიიწვია. ნიტამ ჩათვალა, რომ ვიღაც გაეხუმრა და ტელეფონი გათიშა. საბოლოოდ, ამბანების ოჯახში სტუმრობა მაინც შედგა და მუკეში მოხიბლა - დანარჩენი კი ისტორიაა, რომელზეც ზევით გიყვებოდით.
3. ნიტა და მუკეში ინდოეთში ძალაუფლების მქონე წყვილია
ნიტა, რომელმაც კარგად იცის მისი ოჯახის ძალა და გავლენა, ამბანის კლანის "პირველი ლედია". ის ასევე ნიჭიერი ბიზნესმენია, რომელსაც, მისივე სიტყვებით, შეუძლია „მუკეშის ოცნებების თარგმნა“.
4. ის კრიკეტის დიდი გულშემატკივარია
ნიტამ დიდი გავლენა მოახდინა ინდოეთში კრიკეტის განვითარებაში.
ის არის მუმბაის ინდიელების კრიკეტის გუნდის თანამფლობელი. ნიტა ამბანი გუნდის გავლენას იყენებს საქველმოქმედო მიზნებისთვის: მისმა ინიციატივამ „განათლება და სპორტი ყველასათვის“ სპორტისკენ გზა გაუხსნა მუმბაის რეგიონში 100 000-ზე მეტ სოციალურად დაუცველ ბავშვს.
5. ის თავდადებული დედაა
ერთ-ერთ ინტერვიუში, ნიტამ ისაუბრა წარსულზე, როდესაც 23 წლის ასაკში უთხრეს, რომ ვერასოდეს დაორსულდებოდა.
შვიდწლიანი ქორწინების შემდეგ, რეპროდუქტოლოგის დახმარებით ნიტას და მუკეშს ტყუპები შეეძინათ, ქალიშვილი იშა და ვაჟი აკაში, ოთხი წლის შემდეგ კი ვაჟი ანანტი. ნიტა თავდადებული დედაა და შვილები აღწერენ როგორც მკაცრ, მაგრამ მოსიყვარულეს.
ნიტას ოჯახისადმი ერთგულება და ფილანტროპია მისაბაძ ქალად აქცევს არა მხოლოდ ოჯახისთვის, არამედ ნებისმიერი ქალისთვის, რომელსაც სურს გამოიყენოს საკუთარი გავლენა, რათა სამყარო უკეთეს ადგილად აქციოს.