ცისნამი საყვარლიშვილი AMBEBI.GE-ს მკითხველისთვის კარგად ცნობილია. წარმატებული ემიგრანტი ქალის შესახებ არაერთი სტატია გვაქვს მომზადებული. ის ახლა უკვე ორი წიგნის ავტორია, ცხოვრობს ამერიკაში საყვარელ მეუღლესთან ერთად. წლების შემდეგ შეძლო და თან წაიყვანა შვილი, რომელიც მომავალი კალათბურთელია....
თუმცა იქამდე მის ცხოვრებაში იყო ბევრი სირთულე, წარუმატებელი პირველი ქორწინება, ემიგრანტის გზა, საქართველოში დატოვებული მცირეწლოვანი შვილი და ქორწინება ასაკით უფროს მამაკაცთან, რის გამოც, დღემდე საზოგადოების ნაწილი აკრიტიკებს.
- ცისნამი, მთელი საქართველო გიცნობთ, როგორ წარმატებულ ემიგრანტ ქალს, ორი წიგნის ავტორს, თუმცა ამის მიღმა არც ისე მარტივი ცხოვრება დგას. არასოდეს გისაუბრიათ როგორ გაიცანით მომავალი მეუღლე.
- გამარჯობა ძვირფასო მკითხველო, როგორ ხართ? არ ვიცი, ვისთვის რა არის წარმატება. ჩემთვის წარმატება იმაზე მეტია რაც ჩემზე ჩანს და რისთვისაც მიწოდებენ წარმატებულს. ყველა შეიძლება იყოს წიგნების ავტორი და ყველას შეუძლია ჰყავდეს კარგი მეუღლე. აქ განსხვავებული არაფერია. ელემენტარულია ორივე. ჩემი მეუღლე გავიცანი სამსახურის ინტერვიუზე. ის ახალ ასისტენტს ეძებდა დედამისისთვის. ძველი ასისტენტი პენსიაზე გავიდა. ქალბატონი ფილას როტშილდი ხუთ ორგანიზაციას მართავდა, მან დააარსა “დულა” - პროგრამა მოხუცი ადამიანებისთვის, რომლებსაც მარტოობაში უწევდათ გარდაცვალება და არავინ არ ჰყავდათ გვერდით.
ის იდგა და მათი ხელი ხელში ეჭირა სიკვდილის წინ. ერთმა მომაკვდავმა ფრანგმა ქალბატონმა სთხოვა, პარიზში წამიყვანეო, რადგან იქ ნატრობდა სიკვდილს და ის ქალბატონი პარიზში გადააფრინა. თავისი სურვილით, სიყვარულით ყველას ეხმარებოდა. ის იყო “სარა ლორენსის” უნივერსიტეტის საბჭოს წევრი. მთელი ნიუ-იორკი და “აფერ ისტ საიდი” პატივს სცემდა. პრინც ფილიპთან ერთად დააარსა “United Colleges.” საუბრობდა ოთხ ენაზე: ინგლისური, გერმანული, ფრანგული, იტალიური. ბევრი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული და ყველაზე მაღალი ჯილდოები აქვს აღებული ამერიკის პრეზიდენტებისგან. ასეთი ძლიერი ქალის ასისტენტობა ჩემთვის დიდი პატივი იყო. ალექსანდრემ მე იმიტომ ამიყვანა, რომ იტალიურად სრულყოფილად ვსაუბრობდი და ორი უმაღლესის დიპლომი მქონდა. ასე დავიწყე დედამისთან მუშაობა.
- ერთ-ერთ გადაცემაში მოყევით, რომ საბუთის გამო დაქორწინდით, იმის გამო, რომ ამერიკა არ დაგეტოვებინათ.
- იმ პერიოდში ტრამპი იყო პრეზიდენტი და თავის ამომრჩეველს დაპირდა ემიგრანტების გაყრას ამერიკიდან. ამ სიაში მეც მოვხვდი. ვინაიდან ალექსანდრეს არ უნდოდა რომ დედამისი მარტო დამეტოვებინა, აღფრთოვანებული იყო ჩვენი ურთიერთობითა და თანაცხოვრებით, ყველაფერი გააკეთა, რომ მე ამერიკაში დავრჩენილიყავი.
- როდის მოვიდა სიყვარული, დღეს რომ ვუყურებთ იდეალური ცოლ-ქმრობა გაქვთ, თუმცა აქამდეც გარკვეული გზა განვლეთ.
- სიყვარული ქორწინების შემდეგ მოვიდა. სიყვარულით არ დავქორწინებულვართ, თუმცა ასე დაუკითხავად და დაუფიქრებლად მეწვია ეს გრძნობა და დამაბრმავა. ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი რომ მამის ხელა კაცი თავდავიწყებით შემიყვარდებოდა. კარგმა ურთიერთობამ, სითბომ, ყურადღებამ, პატივისცემამ და დაფასებამ მოიტანა ეს ყველაფერი. მარტო მყოფ ქალს მეტი რა უნდა? - სითბო და ყურადღება. მარტივი არ იყო და არის ჩვენი ურთიერთობა, რადგან დღემდე ვიღებ საშინელ შეტყობინებებს ხალხისგან, რომ მე ახალგაზრდა გოგო ვარ და უფრო მეტს ვიმსახურებ, რომ ამ კაცთან მარტო ფულის გამო ვარ და სხვა არაფერი. ფული რომ არ ჰქონდეს არ გეყვარებოდაო. აი, რა იცით, თქვენ? - სიყვარულმა ეს ყველაფერი არ იცის. ისე ვარ მინდობილი ამ ადამიანს, რომ ნებისმიერ მდგომარეობაში მშვიდად ვიცხოვრებდი მასთან.
- როგორ შეხვდა თქვენს დაოჯახებას დედამთილი, რომელიც მაშინ ცოცხალი იყო...
- დედამთილი ძალიან კარგად შეხვდა ჩვენს ამბავს. დაგვლოცა და სულ იმას გვეუბნებოდა, „მშვიდად მოვკვდები, ჩემი შვილი კარგი ადამიანის ხელშიაო“.
- ამბობთ, რომ თქვენს მეუღლეს მისი ძმა ამის გამო დღემდე არ ელაპარაკება...
- ორი ძმა დღემდე არ ელაპარაკება, რადგან მათთვის მიუღებელი იყო დედამისის დამხმარეს ცოლად მოყვანა. ორივე სნობი ადამიანია და თავში აქვთ ავარდნილი ფული, კლასი, კარგი ცხოვრება. ჩემი მეუღლე ყველანაირ ოჯახურ შეხვედრებს, დღესასწაულებსა და ზეიმებს ჩამოაშორეს. ვერ ხვდებიან, რომ ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისთვის, რომ იყო ბოროტი და ცუდი ადამიანი. სამაგიეროდ მესამე ძმას ვუყვარვარ და ჩემი დიდი გულშემატკივარია. საუბედუროდ ყველას ვერ ეყვარები.
- ხშირად აქვეყნებთ ფოტოებს თქვენს მეუღლესთან ერთად, შვილთან, რომელიც წლების შემდეგ წაიყვანეთ შტატებში, მაგრამ კადრებში არ ჩანან თქვენი მეუღლის შვილები.
- სამწუხაროდ ჩემი მეუღლის შვილები, ისევე როგორც ის ორი ძმა, დასანახავად ვერ მიტანენ. ორივეს ვძულვარ და ვეზიზღები. რომ ჰკითხო რატომ, გეტყვიან, რომ მე მათი ოჯახის შესაფერისი არ ვარ. ჩემს მეუღლეს რომ გაიცნობთ, ეგრევე მიხვდებით, ძალიან არისტოკრატულ, მაღალი კლასის საზოგადოებაში გაიზარდა. ადამიანს ეს ყველაფერი ეტყობა. აღზრდას და სოციუმს დიდი მნიშვნელობა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მე ბავშვობიდანვე ვცდილობდი წიგნიერი, განათლებული და მცოდნე გოგო ვყოფილიყავი, მაინც სოფელ ვაჩნაძიანის ერთ პატარა, ხევის უბანში გავიზარდე გლეხებთან ერთად და სოფლის ორღობეში დავდიოდი. როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდება ჩვენი სოციუმი. ასევე ახალგაზრდა ვარ, შვილის გაჩენა შემიძლია და ამათ ის ვერ მოუნელებიათ, რომ მამამისის ქონებაში შევეცილები და ახლა კიდევ შვილი რომ გავაჩინო, ჩემს შვილსაც ზუსტად იგივე უფლებები ექნება, როგორც მათ.
გულახდილად გეტყვი, შტერი ვარ, ან აქამდე, ამდენი ხანი რატომ ვიცდიდი. უკვე უნდა მყოლოდა შვილი. აქამდე ღმერთისთვის და სამყაროსთვის არ მითხოვია, ახლა კი მუხლებზე დამხობილი ვთხოვ, რომ ერთი ჯანმრთელი ბიჭი მაჩუქოს, რომ ალექსანდრეს თავისი ოცნება ავუსრულო, როგორც მან ამიხდინა ყველა ოცნება და მომავალი პატარა “ბარონი” ვაჩუქო. ღმერთო, დამლოცე და ბავშვი მაჩუქე. გოგოებს სასტიკად არ უნდათ, რომ ჩვენ შვილი გვყავდეს. პატარა 20 წლის გოგონა ყველა ხრიკს იყენებს, ყველაფერს ცდილობს, რომ ჩვენს ურთიერთობაში პრობლემები შექმნას. მაგრამ სიყვარული ყველანაირ ბოროტებაზე ძლიერია და მაღლა დგას. სიყვარული ყოველთვის გაიმარჯვებს და დაამარცხებს ბოროტებას. ძალიან რთულია, როცა შენი ქმრის შვილები “მოსამსახურეს” გეძახიან, გამცირებენ, გაბულინგებენ, მაგრამ მე დიდი ადამიანი ვარ და ამ ყველაფერს ღირსეულად ვიტან. მათთან ურთიერთობა საერთოდ არ მაქვს და ჩემი ბედნიერებისთვის ასე ჯობია. ბევრჯერ ეცადა ალექსანდრე ჩვენი ოჯახის გაერთიანებას, მაგრამ მათი სნობური და თავში ავარდნილი საქციელების გამო ვერ მოახერხა. არ უნდათ! ვისაც მე არ ვუნდივარ, მეც არ მინდა! ჩემს გარეშე აქვს ჩემს ქმარს მათთან ურთირთობა. 7 წელია ქორწინებაში ვართ და დღემდე არ მაღიარებენ, როგორც მამამისის ცოლს. იმხელა ზიზღი აქვთ, რომ მეცოდებიან. წარმოიდგინე ცხოვრობდე ზიზღით და ბოროტებით, რამხელა ტვირთია.
- ცისნამი, სახლი სადაც ცხოვრობთ ჰემპტონებში, ერთ-ერთ სტატუსში წერთ, რომ მეუღლემ გაჩუქათ, ეს ხომ არ გახდა მისი ოჯახიდან უკმაყოფილების მიზეზი.
- რა თქმა უნდა, ამერიკაში ყველაფერი ფულია. 11 წელია აქ ვცხოვრობ და ნანახი მაქვს, როგორ ექცევიან შვილები მშობლებს ფულის გამო. რაც შეიძლება მეტი და ყველაფერი მათ უნდა დარჩეთ. სამანიშვილის დედინაცვალი ხომ გაქვთ წაკითხული? - იგივე ამბავია, როგორ ვერ იტანს პლატონი საკუთარ დედინაცვალს, რომელსაც შვილი გაუჩნდება. ასე იყო ოდითგანვე და ალბათ ასე იქნება. ღმერთო, ჩემთვისაც გაიმეტე ერთი კარგი ბიჭი. აწი, მხოლოდ ამაზე ვფიქრობ და ამაზე ვოცნებობ. აქამდეც უნდა მექნა და ამდენი წელი არ უნდა მომეცადა.
- თქვენზე დაქორწინებამდე მეუღლეს ჰყავდა მეგობარი ქალი, ცნობილი მსახიობი, ამ თემაზე მოგვიყევით...
- რა გითხრათ აბა, კაცს უმა თურმანი რომ გეყოლება გელფრენდად და მერე კახელ ცისნამას მოიყვან ცოლად, არის შოკი შვილებისთვის და ოჯახისთვის, აბა არ არის?! ასე იქნებოდა საქართველოშიც. სულ ვცდილობ მათაც გავუგო და მათი თვალებიდან დავინახო რეალობა. მაგრამ ამ ხალხმა არ იცის: “სიყვარულო, ძალსა შენსა ვინ არს რომე არ ჰმონებდეს?..“
- დასასრულს გკითხავთ, თქვენს ახალ წიგნზე "წითელთმიანი გოგონას რეცეპტები". პირველი, ავტობიოგრაფიული წიგნის შემდეგ, როგორ მოვიდა მისი დაწერის იდეა და როგორ ფიქრობთ, წერაში იპოვეთ საკუთარი თავი?
- წერა ძალიან მეხმარება, ჩემი მედიტაციაა. ეხმარება ჩემს ბობოქარ სულს, ცხოვრებისეული ჭრილობებისგან ნატკენ გულს. მამშვიდებს, მაბედნიერებს. წლების წინ ოჯახებში ვამზადებდი იტალიურ, ამერიკულ კერძებს. მათგან ზეპირი გადმოცემით ვსწავლობდი ამ კერძების რეცეპტებს. ამ ყველაფერს ჩემს ბლოგზე ვინახავდი და ფეისბუქის გვერდზე ვაზიარებდი. პირველი წიგნი რომ გამოვეცი, უკვე ვიცოდი მეორე რა იქნებოდა. ახლა მეორე გამოვეცი და მესამეზე დავასრულე მუშაობა. ჩემო ძვირფასო ადამიანებო, ვიდრე უშუალოდ წიგნზე გადავალ, მინდა გითხრათ, რომ სიმარტივე მიყვარს ყველაფერში, რადგან ვთვლი, რომ ცხოვრება ისედაც რთულია და უფრო მეტად არ უნდა გავირთულოთ.
მიყვარს მარტივი ადამიანები, თავისუფლად მოსაუბრეები, გულახდილები. მომწონს მარტივი კერძების მომზადება, ბევრი დრო რომ არ სჭირდება და საერთოდ, რაღაც დოგმებად დაწერილი რეცეპტები არ მხიბლავს. ყველაფერს თვალის ზომით ვაკეთებ და არასოდეს წამიგია. ამიტომაც მარტივი ენით ახსნილსა და დაწერილს ვანიჭებ უპირატესობას. ჩემი რეცეპტებიც სწორედ ასეთი მარტივი და ყველასათვის გასაგები ენით არის დაწერილი. თუმცა ვითვალისწინებ მკითხველთა დიდი ნაწილის სურვილს და წიგნში ჩემს რეცეპტებს დოზებიც მივუწერე. სოციალურ ქსელში კვერცხის შეწვაზეც კი აკრიტიკებენ ერთმანეთს. არც მე ვარ დაზღვეული კრიტიკისაგან. მაგრამ მოგეხსენებათ, რომ ყველა დიასახლისს თავისი მეთოდები აქვს და მეც ჩემს მეთოდებს გთავაზობთ. ბედნიერი ვიქნები, თუკი ჩემი რეცეპტების წიგნი გამოგადგებათ. მადლობა. სიყვარულით, ცისნამი.
წაიკითხეთ ასევე: