ავტორი:

"ოქროსმედალოსანი იყო, მადრიდის IE University-ში 75%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა, არდადეგებზე იყო ჩამოსული... გაქვავებულები ვართ..." - რას ჰყვება პედაგოგი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპულ 19 წლის ბიჭზე

"ოქროსმედალოსანი იყო, მადრიდის IE University-ში 75%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა, არდადეგებზე იყო ჩამოსული... გაქვავებულები ვართ..." - რას ჰყვება პედაგოგი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპულ 19 წლის ბიჭზე

დღეს, 19 ივლისს, გამთენიისას, დაახლოებით 5:00 საათზე თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მოტოციკლის მძღოლს დაედევნა, მოგვიანებით კი გზა გადაუკეტა, რის შემდეგაც მოტოციკლის მძღოლი ეკიპაჟის მანქანას შეეჯახა. 19 წლის ბაიკერი ადგილზე დაიღუპა.

  • სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. უცნობია, რატომ აედევნა საპატრულო პოლიცია ახალგაზრდას. შემთხვევას Tiktok live-ში იღებდა მოქალაქე გიკა მოდებაძე, რომელსაც პოლიციამ ვიდეოს გადაღება შეაწყვეტინა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მოდებაძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, მიზეზად კი პოლიციელის შეურაცხყოფა დასახელდა.

გარდაცვლილი ბაიკერის, რევი დემეტრაშვილის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან სახლში ახლახან გადაასვენეს. 19 წლის რევი ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულია, რომელიც გასულ წელს მადრიდის IE University-ში 75%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა.

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის დირექტორის მოადგილე ლელა ფიცხელაური Ambebi.ge-ს რევი დემეტრაშვილზე ესაუბრა:

"რევი ბრწყინვალე ბიჭი იყო, ბრწყინვალე... დილიდან შეძრულები ვართ და განადგურებულები. რევი ოქროსმედალოსანი იყო, საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლე, ულამაზესი, უჭკვიანესი, იმდენად მოწესრიგებული და ზრდილობიანი იყო, ვერ აღგიწერთ.

თვითონ ვასწავლიდი მე-11 კლასში და ეს იმხელა შოკია, გონზე ვერ მოვსულვარ. რევი მაქსიმალისტი იყო, იცოდა რამდენიმე ენა - ინგლისური ბრწყინვალედ, გერმანულსაც სწავლობდა. მიუხედავად იმისა, რომ მათემატიკაში ბრწყინვალე იყო და არაჩვეულებრივი შედეგები ჰქონდა, ასევე, ძალიან კარგი იყო ჰუმანიტარულ საგნებში, ის ერთიანად არაჩვეულებრივი მოსწავლე იყო.

ჩვენი სკოლის ბავშვები სკოლის სხვადასხვა ეტაპზე საერთაშორისო გამოცდებს აბარებენ ხოლმე და 𝗣𝗦𝗔𝗧-ის გამოცდაზე რევის აღებული აქვს უმაღლესი ქულა, ასევე, გასულ წელს უმაღლესი შედეგებით ჩააბარა გამოცდები უცხოეთში და 75%-იანი დაფინანსებით მოხვდა მადრიდის IE University-ში. რევიმ ახლახან პირველი კურსი დახურა, არდადეგებზე იყო ჩამოსული და სექტემბერში სწავლის გასაგრძელებლად ესპანეთში დაბრუნდებოდა.

ღმერთო, იმდენად არაჩვეულებრივი ბიჭი იყო, არც გვინდა დავიჯეროთ, დილიდან მთელი სკოლა შეძრულია. რა და როგორ მოხდა, დეტალები არ ვიცით, ამ ტრაგედიის შესახებ ჩვენც ინტერნეტით და ტელევიზიით შევიტყვეთ, ოჯახს ვერც ვუკავშირდებით, სამწუხარო რეალობით გაქვავებულები ვართ. არ ვიცი, რევის მოტოციკლეტი ჰყავდა თუ არა, ყოველ შემთხვევაში, სკოლის პერიოდში ამაზე არაფერი მსმენია, შესაძლოა მისი ჰობი იყო, არ ვიცი....“

Ambebi.ge-ს რედაქცია სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.