„პალიტრა L-ი“ დიდ ლიტერატურულ ტურნეს აგრძელებს: 19 ივლისს გამომცემლობა ხაშურსა და სურამს ესტუმრება და სხვადასხვა ასაკისა და ინტერესების მქონე მკითხველს მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებს.
პროგრამის ფარგლებში, ხაშურის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხაშურის ბიბლიოთეკასთან (ელმავალის ძეგლთან) წარმოდგენილი იქნება მაკულიტერატურის სტენდი, სადაც მაკულატურის ახალ წიგნებზე გადაცვლას შეძლებთ. სურამის ცენტრალურ ბიბლიოთეკასთან, სკვერის ტერიტორიაზე კი გაიმართება გამოფენა-გაყიდვა, სადაც საშულება მოგეცემათ, ისარგებლოთ ფასდაკლებით, მიიღოთ საინტერესო შეთავაზებები, საჩუქრები და გააკეთოთ ახალი ლიტერატურული აღმოჩენები. ამავე ტერიტორიაზე მოეწყობა საბავშვო ავტორთან, ნინო ქადაგიძესთან შეხვედრა.
„პალიტრა სტუდია“ კი პატარებს სახალისო და საინტერესო აქტივობებში ჩართვის საშუალებას მისცემს. როგორც სტუდიის დირექტორი რუსუდან შაშიაშვილი განმარტავს, აქტივობების მთავარი თემა იქნება ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის პერსონაჟი „პატარა პრინცი“:
„ბავშვებისთვის გვექნება სახის მოხატვის აქტივობა და გავაკეთებთ „პატარა პრინცის“ გირლანდას, რომელსაც შემდეგ ბავშვებს სახლში გავატანთ. გირლანდის აწყობის პროცესი იქნება ძალიან საინტერესო და მხიარული.
მნიშვნელოვანია ასეთი ღონისძიებების განხორციელება, რათა ბავშვებთან რაც შეიძლება ახლოს მივიტანოთ წიგნები და კითხვის სიყვარული ვასწავლოთ მათ. როდესაც უკვე უშუალოდ გმირებს ეხებიან და მათ შესახებ მეტს იგებენ, უჩნდებათ წიგნის კითხვის სურვილი და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - განმარტა მან.
„პალიტრა L-ის“ ლიტერატურული ტურნეს მიზანია, ახალგაზრდა თაობისთვის წიგნზე ხელმისაწვდომობა მაქსიმალურად გაიზარდოს და სწორედ ამიტომ, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში დაგეგმილია წიგნის გამოფენა-გაყიდვა. ეს არის მცირე ფორმატის წიგნის ფესტივალი, რომელიც რეგიონების მოსახლეობას თავად მიაკითხავს საკუთარ მხარეში.
R