ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას CNN-ი ჩინურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 14-სართულიან შენობას ცეცხლი სიჩუანის პროვინციის ქალაქ ზიგონგში გაუჩნდა.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების 300-მდე თანამშრომელი და ათობით სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული და მათ 30-მდე ადამიანის გადარჩენა შეძლეს.
წინასწარი გამოძიების თანახმად, ხანძარი სამშენებლო სამუშაოებმა გამოიწვია.
CNN იუწყება, რომ ჩინეთში, სადაც უსაფრთხოების სტანდარტები ხშირად არასათანადოდაა დაცული, მსგავსი შემთხვევები იშვიათად არ ხდება. იანვარში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში, შენობაში გაჩენილმა ხანძარმა 39 ადამიანი იმსხვერპლა, რამდენიმე დღით ადრე კი ჰენანის პროვინციაში, სკოლა-ინტერნატში გაჩენილი ხანძრის შედეგად 13 ბავშვი დაიღუპა.