ავტორი:

“36 წლის ვარ, დავბერდი და მომწყინდა..." - ადელის მოულოდნელი გადაწყვეტილება: მომღერალმა გრძელვადიანი მუსიკალური პაუზა აიღო

“36 წლის ვარ, დავბერდი და მომწყინდა..." - ადელის მოულოდნელი გადაწყვეტილება: მომღერალმა გრძელვადიანი მუსიკალური პაუზა აიღო

ბრიტანელმა მომღერალმა ადელმა განაცხადა, რომ ამჟამინდელი საკონცერტო ტურნეს დასრულების შემდეგ მუსიკალურ კარიერაში გრძელვადიან შესვენებას გეგმავს.

"ჩემი ავზი ახლა სრულიად ცარიელია. ახალი მუსიკის შექმნასთან დაკავშირებით, არანაირი გეგმები არ მაქვს. ამ ყველაფრის შემდეგ, გრძელვადიანი შესვენება მინდა. მსურს სხვა შემოქმედებით სფეროებზე გადავერთო. იცით, სახლში სიმღერაც კი შევწყვიტე. უცნაურია, არა?“ - განაცხადა ვარსკვლავმა გერმანულ მაუწყებელ ZDF- თან ინტერვიუში, მიუნხენში გამართული 10-დღიანი საკონცერტო სერიების შემდეგ.

ადელის ბოლო ალბომი 2021 წელს გამოვიდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში მომღერალი ლას-ვეგასში უქმეებზე გამოდიოდა. ახლახანს კი Caesars Palace- ში თავისი 90-ე შოუ გამართა.

ადელის გამოსვლები ნოემბერში უნდა დასრულდეს.

"ასეთი დიდი რაოდენობის მაყურებლების მიუხედავად, ეს იყო ემოციების ნამდვილი გაცვლა. დარწმუნებული ვარ, რომ ყოველ საღამოს, მიუნხენში გამართული შოუს შემდეგ დადებითი იმპულსები კიდევ უფრო გაძლიერდება“, - თქვა მან გერმანულ გამოცემასთან.

  • "ყველაფერი მაღიზიანებს..."

ივნისში, ადელმა შეურაცხყოფა მიაყენა აუდიტორიის წევრს, რომელიც, მის კონცერტზე სკანდირებდა - “Pride sucks“ (სავარაუდოდ, გულისხმობდა, რომ “პრაიდი საძაგლობაა"). ამან ვარსკვლავი გააღიზიანა.

"შენ მოხვედი ჩემს შოუზე მხოლოდ იმისთვის, რომ გეთქვა, რომ პრაიდი ცუდია? თუ კარგი არაფერი გაქვს სათქმელი, გაჩუმდი“, – მიმართა ადელმა დამსწრეს. რის შემდეგაც, ლგბტ თემის აქტიურმა მხარდამჭერმა მომღერალმა უცენზურო სიტყვებიც დააყოლა.

მოგვიანებით ვარსკვლავმა აღიარა, რომ მისი გაბრაზება ძალიან ადვილია.

"ყველაფერი მაღიზიანებს, ყველაფერი. 36 წლის ვარ, დავბერდი და მომწყინდა. მენატრება ყველაფერი, რაც მქონდა, სანამ ცნობილი გავხდებოდი. ალბათ, ყველაზე მეტად მენატრება ანონიმურობა. მიყვარს ის, რომ ყოველთვის შემიძლია მუსიკის კეთება, ხალხს ეს მოსწონს. მაგრამ მე უბრალოდ, მძულს დიდება“, - განუცხადა მან ZDF- ს.

ლას-ვეგასის წარმოდგენებისგან განსხვავებით, სადაც საკონცერტო სივრცე 4 ათას მაყურებელს იტევს, მისი კონცერტები გერმანიაში სრულიად განსხვავებული იქნება. ადელს ყოველ საღამოს, მიუნხენში, სპეციალურად შერჩეულ დიდ სტადიონზე 74 ათასი გულშემატკივარი მოუსმენს.

კონცერტები 2 აგვისტოდან დაიწყება, თუმცა ჯერ ყველა ბილეთი გაყიდული არ არის: გერმანული სააგენტო DPA- ს ინფორმაციით, ბილეთების 5% რჩება მარაგში.