"გიორგი მამარდაშვილს აქვს გასაოცარი უნარი, გამოიცნოს, სად უმიზნებს მეტოქე" - წერს მის შესახებ მსოფლიო მედია. მის თამაშს ხშირად დაუჯერებელსაც უწოდებენ. აღნიშნავენ, რომ მსოფლიო მასშტაბით, ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა, რომ მან 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე, საკუთარ სამშობლოს ოცნება შეუნარჩუნა.
"მშვიდი, მოწესრიგებული, დინჯი, მშრომელი და უკონფლიქტო", - ასე ახასიათებენ სკოლის პედაგოგები.
"მეგობრული, ძალიან თბილი, კეთილი, სამართლიანი და მხიარული", - ამბობენ მასზე მეგობრები.
დღეს მოგითხრობთ ადამიანზე, რომელმაც ქვეყნის საფეხბურთო ნაკრების წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა და ქართველებს თითქოს დავიწყებული, გამარჯვების სიხარული არაერთხელ განგვაცდევინა.
ნათია შუკაკიძე, პედაგოგი:
- სანამ გიორგის ბავშვობაზე ლაპარაკს დავიწყებდე, მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მთელ საქართველოს, ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს მივულოცო ჩვენი ნაკრების ასეთი წარმატება. გიორგის და მთელ ნაკრებს მალე ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონობა მინდა ვუსურვო, ყველაფერი შესაძლებელია!
- გიორგი მამარდაშვილი ყველა ქართველის სიამაყეა, თქვენი და 115-ე საჯარო სკოლის - ალბათ გამორჩეულად, არა?
- რა თქმა უნდა და ბედნიერი ვარ, რომ მის ასეთ ადამიანად ჩამოყალიბებაში პატარა წვლილი მეც მიმიძღვის. მისი კლასი ჩემი პირველი სადამრიგებლო იყო, მათ მესამე კლასიდან ვასწავლიდი. ყველა გამორჩეული და კარგი ბავშვი იყო.
- ამ გამორჩეულ ბავშვებში გიორგი რით იყო გამორჩეული?
- მშვიდი, დინჯი ბავშვი იყო, საოცრად გაწონასწორებული. ყოველთვის კარგად სწავლობდა და უკონფლიქტო იყო. არ მახსენდება, ოდესმე ეჩხუბოს, ვინმეს დაპირისპირებოდეს. გიორგი ძალიან მიყვარს.
- გიორგი უკვე მთელ საქართველოს ძალიან უყვარს. როდესაც გესმით, რამდენად მაღალია მისი შეფასება პროფესიონალების მხრიდან, რა განცდა გაქვთ?
- ძალიან ბედნიერი ვარ, თქვენ წარმოიდგინეთ, აქამდე ფეხბურთს არ ვუყურებდი, ყველა სპორტსმენს პატივს ვცემ, მაგრამ უნდა ვაღიარო, ინტერესი არ მქონდა. გიორგიმ ფეხბურთის ყურება დამაწყებინა. ამ ბიჭით ძალიან ვამაყობ.
- სკოლაში ფეხბურთის სიყვარულს რამდენად ამჟღავნებდა?
- როცა ბავშვები ფეხბურთს თამაშობდნენ, გიორგი ყოველთვის ჩართული იყო, სპორტის გაკვეთილებზე ვარჯიშობდა, სკოლის მასშტაბით შეჯიბრებები ხშირად ტარდებოდა.
- არასდროს გაუბრაზებიხართ?
- არა, იცით, როგორი ბავშვი იყო? სულ თვალებით მეფერებოდა. ხომ არიან ბავშვები, რომლებიც აქტიურობენ, მოდიან, გელაპარაკებიან, გიორგი ასეთი არ იყო. კლასში, ჩემს მაგიდასთან შორიახლოს დადგებოდა და მომღიმარი თვალებით მიყურებდა. შევეკითხებოდი ხოლმე, - გიო, რამე ხომ არ გინდა? - "არა, მასწ", მეტყოდა და გამიღიმებდა. ძალიან თბილი ბავშვი იყო, ჩემდამი სიყვარულს ასე თავისებურად გამოხატავდა.
- კლასელებთან მეგობრობდა?
- ძალიან, საოცარი ბიჭები იყვნენ, არ მახსოვს, ერთმანეთი დაეჩაგროთ. რაღაც გაუგებრობა თუ მოხდებოდა, იქვე აგვარებდნენ. მათთან კონფლიქტი არ ხდებოდა.
- გამორჩეულად რომელი საგანი უყვარდა?
- ქართული და მათემატიკა. გიორგის და მის კლასელებსაც ძალიან უყვარდათ შემეცნებითი საუბრები, გაკვეთილის თემიდან ცოტათი გადახვევა, ისტორიული ამბების მოსმენა, შეკითხვებსაც ხშირად მისვამდნენ.
- გიორგის ერთი და ჰყავს, მასაც ასწავლიდით?
- არა, მაგრამ ნინი ექსკურსიებზე დაგვყვებოდა ხოლმე. გიორგის ძალიან კარგი მშობლები ჰყავს. როგორ განათლებას მიიღებდა მათი შვილი, ამ საკითხს დიდ ყურადღებას აქცევდნენ. 115-სკოლაში მეათე კლასამდე სწავლობდა, შემდეგ საფეხბურთო სკოლაში გადავიდა.
- მას შემდეგ, რაც გიორგი წარმატებული ფეხბურთელი გახდა, ხომ არ მიგიწვევიaთ სკოლაში ან თავად ხომ არ მოსულა?
- არა, ბავშვებს და მასწავლებლებსაც ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, მოვიწვიოთ, მაგრამ ვიცით, რომ ძალიან დაკავებულია, საქართველოში თითქმის არ არის. იმედი გვაქვს, ჩვენგან მიწვევის მიღების შემდეგ, დროის გამონახვას მოახერხებს და გაგვახარებს.
- მას შემდეგ, რაც ევროპის ჩემპიონატი დაიწყო, საქართველოში ყველა ფეხბურთზე ლაპარაკობს. როდესაც პედაგოგები სამასწავლებლოში იკრიბებით, გიორგის შესახებ ლაპარაკობთ?
- რა თქმა უნდა, ეს დღეები ჩვენ სულ გიორგიზე ვლაპარაკობთ, ეს ბიჭი ძალიან გვეამაყება
დავით გუბელიძე, გიორგის მეგობარი:
- პირველი კლასიდან მეათე კლასამდე ერთად ვსწავლობდით, მეგობრები ვართ. მოგეხსენებათ, გიორგი ძალიან დაკავებულია, მაგრამ ინტერნეტით მაინც გვაქვს ხოლმე მიმოწერა, მე როცა საზღვარგარეთ მიწევდა წასვლა, გიორგის იქაც ვნახულობდი ხოლმე.
- თქვენი ბოლოს მიმოწერა რაზე იყო?
- ევროპის ჩემპიონატზე წარმატებები ვუსურვე.
- როგორი ბავშვი იყო?
- მიზანდასახული, სპორტის მიმართ სიყვარულით გამორჩეული, არანაირი სიძნელე არ აშინებდა, პირიქით, მეტ მოტივაციას და ენერგიას მატებდა. გიორგი ძალიან მეგობრული, კეთილი, ყურადღებიანი ადამიანია.
- ერთად ბევრ დროს ატარებდით?
- დიახ, ჩვენ ერთად გავიზარდეთ, უბნელებიც ვიყავით, მეგობრულ შეკრებებზე, დაბადების დღეებზე ერთად დავდიოდით. ვსეირნობდით, ვსაუბრობდით...
- გოგონებში პოპულარული ბიჭი იქნებოდა, არა?
- რა თქმა უნდა.
- ბევრი გოგო ეპრანჭებოდა?
- დიახ, მაგრამ გიორგი უფრო სპორტისკენ იყო გადართული.
- თინეიჯერობის წლებში თავად თუ იყო შეყვარებული?
- მე, როგორც მისმა მეგობარმა ვიცი, რომ იყო.
- იმ წლებში ფეხბურთის გარდა, სხვა რა ინტერესები ჰქონდა?
- მთლიანად ფეხბურთით იყო მოცული, ეს მისი პრიორიტეტი იყო. ზოგადად აქტიური ბიჭი იყო, ზრდილობიანი. შატალოზე ხშირად დავდიოდით, მთაწმინდა ფეხით მოვლილი გვქონდა.
- შატალოზე წასვლის ინიციატორი გიორგი იყო?
- ხშირად გიორგიც იყო. ზოგჯერ ჩვენი შატალო უბნელებთან ფეხბურთის თამაში იყო. გიორგი ძალიან სამართლიანი ადამიანია, ვერ იტანს ვინმეს ჩაგვრას. პატარები რომ ვიყავით, მსგავს შემთხვევას თუ დაინახავდა, აუცილებლად ერეოდა, ამის გამო ჩხუბიც მოსვლია. გიორგის გვერდით არავინ იჩაგრებოდა.
- საქართველოში რომ ჩამოდის, ერთმანეთის ნახვას ახერხებთ?
- ყოველთვის ვცდილობთ. მაგ დროს თავად თუ არ ვარ საზღვარგარეთ, ერთმანეთს ყოველთვის ვნახულობთ. ძალიან მიხარია, მის წარმატებულ მატჩებს რომ ვუყურებ, ჩემი მეგობრით ამაყი ვარ. მისი ყოველთვის მჯეროდა, იმდენად მიზანდასახული იყო. ახლა კი ვფიქრობ, რომ ეს მიღწევა გიორგის მაქსიმუმი არ არის. ის მსოფლიო ასპარეზზე თავის სიტყვას იტყვის. მახსოვს, სკოლაში კლასებს შორის შეჯიბრeba ჩაატარეს, 8 გუნდი ვიყავით, ფინალამდე მივედით, მაგრამ ფინალში წავაგეთ, ძალიან გულდაწყვეტილი ვიყავით. იმ თამაშის შემდეგ ღამე მე და გიორგი სახლებიდან გამოვიპარეთ და ვივარჯიშეთ. ერთი წლით ადრე დავიწყეთ სამზადისი მეორე წლის ჩემპიონატისთვის და შედეგიც დაიდო, შემდეგ წელს თასი ჩვენ მოვიპოვეთ. ეს შემთხვევაც მიანიშნებს მის ხასიათზე. მარცხმა არ შეაშინა, მისთვის მოტივაცია გახდა. ჩემს მეგობარს მთელი გულით ვუსურვებ, მალე მსოფლიო გამარჯვების თასი აეწიოს!...წაიკითხეთ სრულად
ნახეთ ასევე: