ავტორი:

"ინსცენირება", "სატანისტური ხროვა", "ბრძანება ჯო ბაიდენმა გასცა"... - ტყუილი და სიძულვილი: ტრამპის მკვლელობის მცდელობა და შეთქმულების თეორიებით გადავსებული სოცქსელები

"ინსცენირება", "სატანისტური ხროვა", "ბრძანება ჯო ბაიდენმა გასცა"...   - ტყუილი და სიძულვილი: ტრამპის მკვლელობის მცდელობა და შეთქმულების თეორიებით გადავსებული სოცქსელები

"ინსცენირება" - აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობიდან რამდენიმე წუთში სოციალურ ქსელ X-ის (ყოფილი "ტვიტერი") ტრენდებში ასეთი ტეგი (ინგლისურად staged) გამოჩნდა.

ეს სიტყვა მჭიდროდ ასოცირდება სხვადასხვა კონსპირაციის თეორიასთან, რომლებსაც ადრე სოციალურ მედიაში ზოგიერთი მარგინალური ანგარიში ავრცელებდა და რომლებიც ცდილობდნენ, ეჭვქვეშ დაეყენებინათ ამა თუ იმ თავდასხმის ან სროლის ნამდვილობა. მაგრამ ბოლო 24 საათის განმავლობაში ეს ტეგი ონლაინ მეინსტრიმის ნაწილი გახდა: პოსტებმა, რომლებიც შეიცავდა ყალბ ინფორმაციას, ჭორებს, სიძულვილის გაღვივებას და შეურაცხყოფას, X ქსელში მილიონობით ნახვა დააგროვა.

წარსულში აშშ-ის პრეზიდენტებზე თავდასხმები კონსპირაციის თეორიების საგანი მრავალჯერ გამხდარა. ამის ყველაზე ცნობილი მაგალითი 1963 წლის ნოემბერში ჯონ კენედის მკვლელობა იყო. ტრამპის ისტორია პირველია, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, ამიტომ მის შესახებ უსაფუძვლო ჭორების დაუყოვნებლივი გამოჩენა გასაკვირიც არ არის.

მაგრამ ძალიან საყურადღებოა ის ფაქტი, რომ სპეკულაციების ტალღამ პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარე მოიცვა.

სოციალურ ქსელებში ის არ შემოიფარგლებოდა სხვადასხვა პოლიტიკოსების მხარდამჭერთა ჯგუფებით. პირიქით, იმ მომენტში, როდესაც მომხმარებლები ცდილობდნენ გაერკვიათ, თუ რა ხდებოდა, მსგავსი პოსტები იყო რეკომენდებული X-ის "თქვენთვის" (For You) ლენტაში. ხშირად ჭორებს იმ ანგარიშების ავტორები ავრცელებდნენ, რომლებმაც "ლურჯი ნიშნები" (აღნიშნული სოციალური ქსელის ოფიციალური ნიშანი) შეიძინეს, რაც მათ უფრო შესამჩნევს ხდიდა.

  • კონსპირაციის თეორიები ვირუსულად გავრცელდა

როგორც ხშირად ხდებოდა წარსულში, ბევრი კონსპირაციის თეორია თავდაპირველი დაბნეულობის დროს სრულიად გამართლებული კითხვებით იწყება. ამ შემთხვევაში ასეთი კითხვები დაცვის სავარაუდო შეცდომებმა გამოიწვია - და ბევრი მომხმარებელი გასაგები მიზეზების გამო დაინტერესდა, როგორ შეიძლებოდა, ეს მომხდარიყო.

  • როგორ მოახერხა მსროლელმა სახურავზე მოხვედრა?
  • რატომ არავინ შეაჩერა ის?

ინფორმაციული ვაკუუმი მაშინვე შეივსო უნდობლობის, სპეკულაციებისა და დეზინფორმაციის ტალღით.

"ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს ინსცენირებას, - ნათქვამი იყო X ქსელის ერთ-ერთ პოსტში, რომელსაც მილიონი ნახვა აქვს, - ხალხში არავინ გარბის და არ პანიკობს. იქ არავის გაუგონია ნამდვილი გასროლის ხმა. ამის არ მჯერა. მისი არ მჯერა".

ამ ანგარიშის ავტორს მითითებული აქვს, რომ ირლანდიის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე ცხოვრობს. პოსტის გამოქვეყნებიდან გარკვეული დროის შემდეგ X-მა მას განმარტება დაურთო, რომ სროლა რეალური იყო.

როდესაც ქსელში სულ უფრო მეტი თვითმხილველის მონაყოლი და გამოსვლისა და მის გარშემო გადაღებული კადრები გამოჩნდა, პანიკა და შიში კიდევ უფრო აშკარა გახდა.

კონსპირაციის თეორიების ავტორების მოსაზრებების გამოკვება კიდევ უფრო შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც შემთხვევის ადგილზე გადაღებული მკვეთრი ფოტოები გამოქვეყნდა. კერძოდ, Associated Press-ის ვაშინგტონელი ფოტოგრაფის ევან ვუჩის გახმაურებული ფოტო, რომელზეც ტრამპი, ამერიკული დროშის ფონზე, სისხლიანი სახით მუშტს მაღლა სწევს.

YouTube-ზე ერთ-ერთი ამერიკული ანგარიშის განცხადებით, ფოტო "არარეალურად სრულყოფილად" გამოიყურება და "დროშა და ყველაფერი დანარჩენი უბრალოდ იდეალურ პოზიციაშია". X-ში პოსტმა თითქმის მილიონი ნახვა დააგროვა, მაგრამ შემდეგ მისმა ავტორმა ის წაშალა. შემდეგ პოსტში კი აღნიშნა, რომ თუ ცდები, მნიშვნელოვანია, საკუთარი შეცდომა გამოასწორო.

ზოგიერთმა სხვამ შენიშნა, რომ გასროლის მომენტში ტრამპი ხელს სწევს. ამ ფაქტს ისინი იმის დამადასტურებლად მიიჩნევენ, რომ თავდასხმის ისტორია ინსცენირება იყო, თუმცა ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

"ეს დადგეს მხარდაჭერის მისაღებად? ამ ხალხს არაფერში არ შეიძლება ენდო! და არა, მე მისთვის არ ვილოცებ", - დაწერა კიდევ ერთმა ამერიკელმა კომენტატორმა.

ვირუსული პოსტების უმეტესობის ავტორები მემარცხენე ძალებისადმი სიმპათიის მქონე მომხმარებლები იყვნენ, რომლებიც ტრამპის საწინააღმდეგო კონტენტს ხშირად აქვეყნებენ. დღემდე ამ ანგარიშებს ისედაც ასობით ათასი გამომწერი ჰყავდათ და, შესაბამისად, მნიშვნელოვანი აუდიტორიის მოცვა შეუძლიათ.

  • "სატანისტური ხროვა"

X სოციალურ ქსელში მომხდარი კონსპირაციის თეორიების გავრცელების კლასიკური მაგალითი გახდა, რომლის მომხრეებიც აქტიურად აქვეყნებენ გამონაგონებს, რომლებშიც, პრაქტიკულად, ყველაფრის რეალობას უარჰყოფენ: კოვიდის პანდემიის, სხვადასხვა ომის, მასობრივი სროლის ინციდენტების და ტერაქტების სინამდვილეს.

ერთ-ერთი პოსტის ავტორმა, რომელიც აშშ-ში საქმიანობს და უსაფუძვლო განცხადებებს ადრეც ხშირად აქვეყნებდა, ახლა დაწერა:

"ასეთია ფასი, რომელიც უნდა გადაიხადო, როდესაც სატანისტი პედოფილების ელიტას ებრძვი".

ეს პირდაპირი მინიშნებაა ცნობილ QAnon კონსპირაციის თეორიაზე, რომლის ავტორებიც ამბობენ, რომ ტრამპი საიდუმლოდ ომობს "ღრმა სახელმწიფოსთან", ანუ დაზვერვის სამსახურებისა და სამართალდამცავი ორგანოების ჩრდილოვან ჯგუფთან, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის ყოველ ნაბიჯს ყველანაირად ხელს უშლის.

ამ მოსაზრების რაიმე რეალური მტკიცებულებების გარეშე მათ განაცხადეს, რომ მკვლელობის "ბრძანება", "სავარაუდოდ, გაცემული იყო ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ" და თანამონაწილეობაში დაადანაშაულეს ბარაკ ობამა, ჰილარი კლინტონი და მაიკ პენსი. მიუხედავად იმისა, რომ ამ თეორიის სასარგებლოდ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, პოსტმა 4,7 მილიონი ნახვა დააგროვა.

ასეთი რამ ადრეც არაერთხელ მომხდარა, მაგრამ ამჯერად რაღაც ახალი გამოჩნდა: სოციალური ქსელების ჩვეულებრივმა მომხმარებლებმა მსგავსი ლექსიკის ყველგან გამოყენება დაიწყეს - არა მხოლოდ ადამიანებმა, რომლებსაც ტრამპი არ მოსწონთ და რომლებიც ამბობენ, რომ თავდასხმა ინსცენირებული იყო, არამედ იმათაც, ვინც ყოფილ პრეზიდენტს მხარს უჭერს.

ამ ყველაფერში არჩეული პოლიტიკოსებიც ჩაერთნენ. რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯორჯიის შტატიდან, მაიკ კოლინზმა ასეთი პოსტი გამოაქვეყნა:

"ბრძანება ჯო ბაიდენმა გასცა".

ის აშშ-ის პრეზიდენტის ახლანდელ კომენტარს გულისხმობდა იმის შესახებ, რომ "ტრამპი სამიზნის ცენტრში უნდა მოათავსონ" (ბაიდენი ამაზე მათი წინასაარჩევნო კონკურენციის კონტექსტში საუბრობდა).

ენა, რომელსაც ზოგიერთი პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და ქსელების მომხმარებლები იყენებენ, როდესაც ტრამპზე წერენ, მართლაც იწვევს სამართლიან კითხვებს. საპრეზიდენტო კანდიდატის ზოგიერთი მხარდამჭერის აზრით, ამ ენამ ქვეყანაში ატმოსფერო უფრო დაძაბული გახადა და თავდასხმას ირიბად ხელი შეუწყო. მაგრამ იმის მტკიცება, რომ ის ბაიდენის ბრძანებით განხორციელდა, სულ სხვა საქმეა.

კოლინზის პოსტმა X-ში 6 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ მას დაურთეს განმარტება, რომელშიც ხაზგასმულია, რომ ბაიდენის მონაწილეობის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. განმარტების ავტორებმა ასევე აღნიშნეს, რომ პრეზიდენტის სიტყვები "სამიზნის" შესახებ კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი.

  • ცრუ ბრალდებები მსროლელის იდენტობის შესახებ

სხვადასხვა უსაფუძვლო ჭორები ასევე მსროლელის იდენტიფიცირების წარუმატებელ მცდელობებს შეეხებოდა.

იმის გამოცხადებამდე, რომ მსროლელი 20 წლის თომას კრუკსი იყო და რომ ეს ადამიანი საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა ადგილზე მოკლეს, პოსტების ავტორებმა ზოგიერთი უდანაშაულო ადამიანის რეპუტაცია შელახეს.

მაგალითად, ფეხბურთის კომენტატორი, მარკო ვიოლი: შუაღამისას მან "ინსტაგრამში" გაიხსენა, რომ ინტერნეტში სრულიად ყალბი მტკიცებები შენიშნა იმის შესახებ, რომ ის თავდასხმაში მონაწილეობდა და თითქოს,"ანტიფას" მოძრაობასთან (ძირითადად უკიდურესად მემარცხენე აქტივისტები) არის დაკავშირებული. იმ მომენტისთვის, როდესაც მან "ინსტაგრამში" ამ ყალბი ბრალდებების უარყოფა სცადა, X ქსელში ისინი უკვე მილიონობით მომხმარებელს ჰქონდა წაკითხული.

პოლიტიკურმა აქტივისტებმა და სხვადასხვა პარტიის მხარდამჭერებმა X-ში ძალიან სწრაფად დაიწყეს სხვადასხვა პოსტების კითხვა საიტის ალგორითმის რეკომენდაციებით - ეს ის მოსაზრებებია, რომლებსაც ისინი ადრეც ეთანხმებოდნენ. მაგრამ მაინც, დანარჩენებმა კონსპირაციის თეორიებისა და სპეკულაციებისგან თავის შორს დაჭერა ამჯობინეს.

დონალდ ტრამპზე თავდასხმა ილონ მასკის ახალი “ტვიტერისთვის” გამოცდა გახდა - და ძნელია დავასკვნათ, რომ საიტმა ეს გამოცდა ბრწყინვალე შედეგით ჩააბარა.

სხვა სოციალური ქსელები მსგავსი გამონაგონებით იმავენაირად არ ავსებულა, მაგრამ ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს იმასთან, რომ მათ სხვა სამიზნე აუდიტორია ჰყავთ, ისევე, როგორც X-ს, როგორც პლატფორმას, რომელიც პოლიტიკური დისკუსიებითაა ცნობილი. წყარო

იხილეთ ასევე: