"ადამიანის ჯანმრთელობა მენტალური ჯანმრთელობის გარეშე არ არსებობს. ფსიქიკისა და სხეულის განცალკევება არ ხდება, რადგანაც ორივე ერთი მთლიანია. რომელიმე ერთის ავადობა ავტომატურად მეორის ავადობასაც იწვევს. მაგალითად, გულის ინფარქტის შემდეგ პაციენტებს ხშირად უვითარდებათ აფექტური დარღვევები და შფოთვითი აშლილობები, ისევე როგორც ფსიქიატრიულ პაციენტებში ძალიან ხშირია გულსისხლძარღვთა დაავადებები. ამიტომ აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა დარგის სპეციალისტთან,“ - გვეუბნება თორნიკე გაგოშიძე - გერმანიაში მცხოვრები ფსიქიატრ-ფსიქოთერაპევტი. მან საკმაოდ რთული გზა განვლო აქამდე, თუმცა დღეს უცხო ქვეყანაში თავი წარმატებულად დაიმკვიდრა და მაღალი კვალიფიკაციის გამო მასზე, როგორც ექიმზე დიდი მოთხოვნაა.
- ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ექიმი-ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი გავხდებოდი, რადგან ფსიქიატრია სტიგმატიზებულია არა მხოლოდ მოსახლეობაში, არამედ თავად მედიცინის მუშაკებშიც. სხვადასხვა განხრით მოღვაწე კოლეგასაც კი, ქართველს თუ უცხოელს, ხშირად ჰგონია, რომ ფსიქიატრია მხოლოდ "შიზოფრენიის“ მკურნალობით შემოისაზღვრება. ამ სტიგმას უამრავი ფაქტორი ხელს უწყობდა და დღესაც უწყობს... მხოლოდ ერთს ვიტყვი: ჩემი სტუდენტობის დროს კურაციებს თბილისის სხვადასხვა სახელმწიფო კლინიკაში გავდიოდით, სადაც ექიმებს გაუსაძლის, ხშირად ანტისანიტარიულ პირობებში უხდებოდათ პაციენტების მკურნალობა. პაციენტებს მაშინ მძიმე ექსტრაპირამიდული დარღვევები აღენიშნებოდათ, რასაც განვითარებული ქვეყნების თანამედროვე კლინიკებში ფაქტობრივად, ვეღარ ნახავთ.
- სტუდენტისთვის იმ ყველაფრის ხილვა უსიამოვნო იქნებოდა...
- სტუდენტების უმეტესობას სურვილი არ უჩნდებოდა, საქმიანობა ფსიქიატრიაში გაეგრძელებინა. მეც ერთ-ერთი მათგანი ვიყავი... გასტროენტეროლოგობა მინდოდა, სანამ გერმანიაში ჩემს ლაიფციგელ კოლეგას არ შევხვდი, რომელმაც მირჩია, გამეკეთებინა პრაქტიკა ფსიქიატრიაში, ჰესენის ბუნდესლანდში. ეს კლინიკა საოცრად ორგანიზებული იყო. სტაციონარები უფრო სასტუმროებს ჰგავდა. პაციენტებს საშუალება ჰქონდათ, ღირსეულ პირობებში ემკურნალათ. ამასთან, მათი დასტაბილურება საკმაოდ სწრაფად ხდებოდა და ცხოვრების ხარისხიც საგრძნობლად უმჯობესდებოდა. ისინი საკუთარ ოჯახებს უბრუნდებოდნენ და თავიანთ საქმიანობებს განაგრძობდნენ.
- ე.ი. იმ კლინიკაში დაინტერესდით თანამედროვე ფსიქიატრიით?
- დიახ, დამაინტერესა თანამედროვე ფსიქიატრიის ისტორიამ. აღმოვაჩინე, რომ გერმანიას, გერმანელ ექიმებსა და მეცნიერებს უდიდესი წვლილი მიუძღვით თანამედროვე ფსიქიატრიის განვითარებაში. თვითონ სიტყვაც "ფსიქიატრია“ გერმანელ ექიმს იოჰან კრისტიან რაილს ეკუთვნის. გერმანული ჯანდაცვა ბიუჯეტიდან წლიურად მხოლოდ ერთი დაავადების, დეპრესიის მკურნალობაში 5-დან 7 მილიარდ ევრომდე ხარჯავს. ამიტომ ფსიქიატრია და ფსიქოთერაპია უმაღლეს დონეზეა განვითარებული. ასეთმა მაღალმა სტანდარტმა ძალიან მომხიბლა და გადავწყვიტე, გერმანიაში მიმეღო სრულად ფსიქიატრიული და ფსიქოთერაპიული განათლება.
- რაც ალბათ არ იყო მარტივი...
- ცხადია, როცა არაევროკავშირის წევრი ქვეყნიდან ხარ, გარდა ბიუროკრატიული დაბრკოლებებისა, გზად მრავალი სხვა წინაღობა გხვდება, მათ შორის, საკმაოდ რთული სამედიცინო გამოცდები. ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ჩამოსულ უცხოელ ექიმებს გზა ძალიან გამარტივებული აქვთ. მათთვის ბევრად იოლია აქ მუშაობის დაწყება და კვალიფიცირება. ქართველები ალბათ ყველაზე რთულ გზას გადიან... სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კიდევ 7 წელი იყო საჭირო, რომ გერმანიაში სერტიფიცირებული ფსიქიატრ-ფსიქოთერაპევტი გავმხდარიყავი.
- ენის ბარიერი არ შეგქმნიათ?
- გამიმართლა, რომ გერმანული ენა საქართველოში მქონდა ნასწავლი. მამაჩემი გერმანული ლიტერატურის ფანი იყო რამაც ჩემზეც იქონია გავლენა. მოკლედ, ენის თვალსაზრისით ბარიერი არ შემქნია. თან ფსიქიატრია გერმანულის კარგ ცოდნას მოითხოვს. ამასთან, პაციენტებიც ცხოვრებისეული კრიზისებით და ისტორიებით მოდიან და ყველაფერი კარგად რომ გაიგო, ენა უნდა იცოდე. ჯამში 10-წლიანი სამედიცინო გამოცდილების მანძილზე, შესაძლებლობა მქონდა, პროფესიული მომზადების ყველა ის საფეხური გამევლო, რომელსაც გერმანიის წამყვან კლინიკებში დასაქმებული ფსიქიატრ-ფსიქოთერაპევტები გადიან.
- ამჟამად სად მუშაობთ?
- გერმანიის ერთ-ერთი წარმატებული კლინიკების ქსელის, SRH Holding-ის გადაუდებელი ფსიქიატრიის, ფსიქოთერაპიისა და გერონტოფსიქიატრიის უფროს ექიმად (Oberarzt). ამ პოზიციაზე და ამ რეგიონში პირველი ვარ იმ კუთხით, რომ მანამდე არაგერმანელს აქ არ უმუშავია. ამავდროულად ვზრუნავ SRH კლინიკებში დასაქმებული, ახალგაზრდა გერმანელი ფსიქიატრების და ფსიქოთერაპევტების პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე. გარდა გერმანიისა, ასევე არაბეთის გაერთიანებული ემირატებშიც (დუბაი, აბუ-დაბი) მიწევს სამედიცინო საქმიანობის განხორციელება როგორც მიწვეულ ექიმს, შესაბამისად, ვფლობ იქაურ ლიცენზიებსაც. ასევე ვარ გერმანიაში სერტიფიცირებული კოგნიტიურ-ბიჰევიორული ფსიქოთერაპიის (CBT) სპეციალისტი.
- მენტალურ პრობლემებს რა იწვევს გენეტიკური გაწყობა, დეპრესია თუ სტრესი?
- ვრცელი თემაა... ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ, ამ დაავადებას წინ უძღვის ბიოფსიქოსოციალური ფაქტორები. გასათვალისწინებელია პაციენტის პერსონა, რადგან გაანალიზება ხდება მისი წარსულის, აწმყოს შეფასება-ანალიზი. რა ოჯახში, როგორ იზრდებოდა და როგორ ვითარდებოდა, საიდანაც ხდება ისტორიის აგება. ამასთან იმის გარკვევაც უნდა მოხდეს, მიდრეკილებაც ხომ არ აქვს. ასეთ დროს, მისთვის სიტყვაზე ჯეკპოტის მოგებაც კი შეიძლება ამა თუ იმ სიმპტომის წარმოქმნის მიზეზი გახდეს.
ასევე სიღრმისეული ფსიქოლოგიის თვალსაზრისითაც კიდევ სხვა განშტოებებია. ყველა პროფილის პაციენტთან მიწევს მუშაობა. არის შფოთვითი აშლილობა, დეპრესია, ბიპოლარული დარღვევები, ადიქცია, დემენცია, ფსიქოზური პაციენტების დიდი სპექტრია. ფსიქოზი შეიძლება აღმოცენდეს პარანოიდული შიზოფრენიის დროს, არამედ დეპრესიის დროსაც... ადამიანს ფსიქოზი შეიძლება დაემართოს ისე, რომ არც ფსიქოზი ჰქონდეს და ესმოდეს ხმები, რომ ვიღაც მოსდევს, უთვალთვალებს. ასევე დიდი პრობლემაა ნარკოტიკები, ბოლო წლების განმავლობაში ძალიან გაიზარდა ამფეტამინების მოხმარება. ეს მას მერე, რაც საქართველოში კლუბური ცხოვრება განვითარდა და ახალგაზრდებში ამფეტამინების ჯგუფის პრეპარატების უკონტროლო მოხმარება ხდება.
- როგორც ვიცი, ქართველი კოლეგების, პაციენტების და მათი ნათესავების თხოვნით გადაწყვიტეთ, კვირაში ერთი დღე ქართველი პაციენტებისთვისაც დაგეთმოთ...
- დიახ, მათ ონლაინ-კონსულტაციებს ვუტარებ ისევე როგორც ეს ხდება ზოგადად ტელემედიცინაში, უფრო თუ დავკონკრეტდებით, ტელეფსიქიატრიაში. ტელეფსიქიატრია უზრუნველყოფს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ფსიქიკური დაავადებების პრევენციას და მკურნალობას. ტელეფსიქიატრიის და საერთოდ ტელემედიცინის ფარგლებში შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, კონფიდენციალურობის სრული დაცვით, მკურნალ ექიმს zoom-ის, whatsapp-ისა თუ სხვა პლატფორმის საშუალებით დაუკავშირდეთ. ტელეფსიქიატრია მკურნალობის საშუალებას იძლევა ისეთ ქვეყნებში, სადაც ფსიქიატრია და ფსიქოთერაპია არ არის განვითარებული, ან კიდევ არ არიან საკმარისად კვალიფიცირებული ექიმები და ფსიქოთერაპევტები.
ტელე-ფსიქიატრია ხელს უწყობს მენტალური დარღვევების დესტიგმატიზაციას, მას, ვისაც ეშინია ან ეუხერხულება ფსიქიატრთან კონსულტაცია, ტელემედიცინის ფარგლებში უადვილდებათ ექიმთან დაკავშირება და დროულად ახდენენ მკურნალობის დაწყებას. მსურს ქართველ პაციენტებსაც ჰქონდეთ წვდომა საცხოვრებელი ადგილიდან გაუსვლელად მიიღონ თანამედროვე და მაღალი ხარისხის ფსიქიატრიულ-ფსიქოთერაპიული სერვისი. საშუალება ექნებათ, იმკურნალონ ისეთივე მეთოდებით, როგორითაც მკურნალობენ აქ, ლაიფციგში, ბერლინსა თუ ჰამბურგში.
- როგორც ვიცი, ამერიკაში ჩამოყალიბდა პლატფორმა "სფიჩი," ის იქ მცხოვრები ქართველების ერთგვარი ბაზაა. მათთან ერთად ივლისში გექნებათ უფასო ონლაინ კურსი ემიგრანტებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის...
- ჩვენი ემიგრანტები ისეთ ქვეყნებში (ამერიკა, კანადა, საბერძნეთი, ესპანეთი) არიან, სადაც ფსიქიატრთან რომ მოხვდე, დიდხანს უნდა ელოდო. გარდა ლოდინისა, არსებობს ენობრივი ბარიერი. რთულია ენის სათანადო ცოდნის გარეშე ფსიქიატრს გააგებონო, რა გჭირს და თან ვიზიტი ძალიან ძვირია. ამის საშუალება ბევრ ემიგრანტს არ აქვს. არის კიდევ სხვა სირთულეებიც. ამიტომ გადავწყვიტეთ, დავეხმაროთ.
ემიგრანტული ცხოვრება დიდ სტრესს მოიცავს და კვლევებით დასტურდება, რომ ისინი ხშირად ავადობენ. ამდენად "სფიჩი" და პლატფორმა "Emocen.com" -ის ერთობლივი პროექტი - ფსიქიატრიის ონლაინ კურსი დაეთმობა დეპრესიასა და შფოთვით აშლილობებს, ბიპოლარული დარღვევებს, ნარკოტიკებით და ალკოჰოლით გამოწვეული ფსიქოზურ აშლილობებს. ალკოჰოლის მომხმარებლებში ხშირია ფსიქიკური სიმპტომები უჩნდებათ, მაგალითად, უცებ იწყებენ პათოლოგიურ ეჭვიანობას ცოლზე, ან უეცრად მეხსიერება აღარ აქვთ.
ამასთან, მინდა ადამიანები გავაფრფთხილო, რომ ამფეტამინის მოხმარება დაუშვებელია, რადგან საშინელ გართულებებს და პრობლემებს იწვევს.
***
თორნიკე გაგოძიძის თქმით, მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ ადასტურებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევები: მოსახლეობის შრომისუნარიანობის შემცირების და ცხოვრების ხარისხის გაუარესების მთავარ მიზეზად სახელდება დეპრესია, შფოთვითი აშლილობები და სხვა ფსიქიკური აშლილობები. სამწუხაროდ, 21-ე საუკუნეში ეს ტენდენცია კიდევ უფრო მზარდია. კარგია ის ფაქტი, რომ ძალიან ბევრი წარმატებული ადამიანი, როგორებიც არიან სპორტსმენები, მსახიობები თუ სხვა ხელოვნებისა სფეროში მოღვაწენი, მაგალითად, პრინც ჰარი, ტაისონ ფიური, ბრედ პიტი, ჯიმ ქერი და სხვები ღიად საუბრობენ თავიანთ მენტალურ პრობლემებზე. ასევე ჩვენთვის ცნობილ და საყვარელ მწერლებს და სხვა არტისტებს, როგორებიც არიან, ერნესტ ჰემინგუეი, სალვადორ დალი, კურტ კობეინი თუ ელვის პრესლი - ჰქონდათ მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.
თუმცა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ 21-ე საუკუნეში საგრძნობლად გაუმჯობესდა მკურნალობის მეთოდები, ფსიქო-ფარმაკოლოგიაშიც ძალიან დიდი ძვრები მოხდა, რაც ხელს უწყობს ამ სფეროს სწრაფ განვითარებას.