“უსამართლო გადაწყვეტილებაა“,- ასე გამოეხმაურა ლაზარე გრიგორიადისი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ის სამართალდამრღვევად ცნეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მაისში, პარლამენტთან მიმდინარე აქციებისას ადმინისტრაციული წესით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი სამართალდამრღვევად ცნო და ის 2 300 ლარით დააჯარიმა.
“სირცხვილია, რომ სასამართლოში საქმეები ისევ ისე გვარდება, როგორც ადრე. როცა პირველად დამიჭირეს, მაშინაც იგივე მოხდა, არანაირი ფაქტი არ იყო და გამამტყუნებელი გადაწყვეტილება მიიღეს. ახლაც ადმინისტრაციული მქონდა და გამამტყუნებელი გადაწყვეტილება მიიღეს. თუ რის საფუძველზე, ეს ალბათ ეწერება. სირცხვილია, როცა მოსამართლე მხოლოდ ორი პოლიციელის ჩვენებას ეყრდნობა და შეუძლია გამამტყუნებელი გადაწყვეტილების გამოტანა.
ჩემი პროტესტი გამოხატვის თავისუფლებაში ჯდებოდა, აქციაზე 10 წუთის მისული ვიყავი, ჯებირზე დავაკაკუნე, დაკავებები რომ დაიწყეს, წამოვედი. პოლიციელები ყოველთვის ამას აკეთებენ, ასეთი სისტემა აქვთ შექმნილი, რომ აქტივისტებისგან ფული შეიტანონ ბიუჯეტში",- განაცხადა გრიგორიადისმა.
ლაზარე გრიგორიადისი პარლამენტთან 14 მაისს დააკავეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებოდნენ, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.