ავტორი:

მედიის ინფორმაციით, ორბანმა ევროკავშირის ხელმძღვანელობას ზელენსკისა და პუტინთან შეხვედრების შესახებ არაოფიციალური წერილი მისწერა

მედიის ინფორმაციით, ორბანმა ევროკავშირის ხელმძღვანელობას ზელენსკისა და პუტინთან შეხვედრების შესახებ არაოფიციალური წერილი მისწერა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, რომელიც ე.წ. „სამშვიდობო მისიით“ კიევში, მოსკოვსა და პეკინში იმყოფებოდა, არასაჯარო წერილი მისწერა ევროკავშირის ხელმძღვანელობას, რითაც მან უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებთან, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვოლოდიმირ პუტინთან გამართული შეხვედრების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და დეტალურად წარმოადგინა კრემლის პოზიცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ იუწყება.

გამოცემის ცნობით, დოკუმენტი ევროპელი ოფიციალური პირისგან მიიღეს, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა.

  • წერილი, რომელიც 5 ივლისით თარიღდება, გაგზავნილია აზერბაიჯანიდან, სადაც უნგრეთის პრემიერი მოსკოვში ვიზიტის შემდეგ ჩავიდა. დოკუმენტის ადრესატები არიან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელები.

„კრემლში დარწმუნებული არიან, რომ დრო არის არა უკრაინის, არამედ რუსული ძალების მხარეზე“, - ნათქვამია ორბანის წერილში.

უნგრეთის პრემიერის თქმით, პუტინის შეფასებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგები თვეში 40-50 ათასს აღწევს.

„რუსეთის პრეზიდენტი გაკვირვებული იყო იმით, რომ უკრაინის პრეზიდენტმა უარყო ცეცხლის დროებითი შეწყვეტა“, - წერს ორბანი.

ამავე დროს, მოსკოვი, მისი თქმით, მზადაა განიხილოს ნებისმიერი წინადადება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც არ ემსახურება უკრაინული ძალების ფარულ განლაგებას და გადაჯგუფებას.

გამოცემა „Настоящее время“ ასევე იუწყება, რომ პუტინმა ევროკავშირის ხელმძღვანელობას არაოფიციალური წერილი გაუგზავნა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ევროპამ უნდა გამოიჩინოს ინიციატივა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში სამშვიდობო პროცესების დასაწყებად.

„თუ ჩვენ ვერ შევძლებთ ამ პროცესის (უკრაინის წინააღმდეგ ომი) შეკავებას ან შეჩერებას, მაშინ, უახლოესი ორი თვის განმავლობაში, ჩვენ გავხდებით ფრონტის ხაზზე ისეთი დრამატული დანაკარგების და სამხედრო მოვლენების მოწმეები, როგორიც არასდროს ყოფილა“, - ციტირებს გამოცემა ორბანის წერილს.

შეგახსენებთ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი 2 ივლისს უკრაინაში, 5 ივლისს კი რუსეთში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტებს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შეხვდა.