ჰიმენოპლასტიკა, იგივე ქალწულობის ქირურგიული გზით აღდგენა, საქართველოში პოპულარული 2000-იან წლებში გახდა, როდესაც ცნობილმა პლასტიკურმა ქირურგებმა ამაზე საუბარი ხმამაღლა დაიწყეს. თუმცა ცხადია, მსგავსი ოპერაციები საბჭოთა საქართველოშიც ტარდებოდა, ოღონდ მაშინ ამაზე ხმამაღლა არავინ საუბრობდა.
2010 წელს პლასტიკური ქირურგი საშა კალანტაროვი გაზეთ "ყველა სიახლესთან" ჰყვებოდა, რომ მის კაბინეტს ხშირად აკითხავდნენ გოგონები საქალწულე აპკის აღდგენის მოთხოვნით, თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც აღმოჩენილა, რომ სქესობრივი აქტის მიუხედავად, ისინი ქალიშვილები რჩებოდნენ.
საშა კალანტაროვი:
- ყოფილა შემთხვევა, როდესაც გოგონა მოსულა და უთხოვია, ქალწულობა აღმიდგინეთო, მაგრამ როდესაც გაგვისინჯავს, ქალწული აღმოჩენილა. ეს საქალწულე აპკის თავისებურებათა ბრალია. არსებობს უამრავი სახის საქალწულე აპკი, მათ შორის ისეთიც, რომელიც სექსუალური კონტაქტის მიუხედავად, არ სკდება. როდესაც ვეუბნები, აპკი დაუზიანებელი გაქვთ, კვლავ ქალწული ხართ-მეთქი, სიხარულისგან ჭკუიდან გადადიან...
ჯერ კიდევ 2012 წელს პლასტიკური ქირურგის, გუგა კუზანოვის ინტერვიუმ, სადაც ამბობდა, რომ მარხვის პერიოდში ქალწულობის აღდგენის ოპერაციები არ კეთდება, რადგან ქორწილები არ იმართება, საზოგადოება შოკში ჩააგდო. როგორც სტატიის მომზადებისას გავარკვიეთ, 2024 წელს საქართველოში ქალები აპკის აღსადგენად კლინიკებს იშვიათად აკითხავენ.
ორი სახის ოპერაცია - დროებითი და მუდმივი
არსებობს ჰიმენოპლასტიკის ორი სახეობა. პირველი, როდესაც პაციენტის საქალწულე აპკი იკერება მცირე ხნით – რამდენიმე დღით, ამ მეთოდს ქორწილის წინა დღეებში მიმართავენ. და მეორე ვარიანტი, როცა ქალიშვილობა მთლიანად აღდგება. ორივე ოპერაციის შემდეგ შესაძლებელია ქალს ჰქონდეს ვაგინალური სისხლდენა ან გართულებები, ასევე ტკივილი სქესობრივი აქტის დროს. ამის შესახებ ექიმები მათ ყოველთვის აფრთხილებენ.
...ზოგიერთ შემთხვევაში ჰიმენოპლასტიკას გაუპატიურების მსხვერპლი ქალები მიმართავენ. მათ საქალწულე აპკის აღდგენა მოძალადის მიერ მიყენებული ფიზიკური (და ფსიქიკური) ტრავმის შედეგების აღმოფხვრაში ეხმარებათ.
საქართველოში ქალწულობის აღდგენის ოპერაცია ლეგალურია. ფასი 700-2000 ლარამდე მერყეობს, გააჩნია კლინიკას და ჰიმენოპლასტიკა მუდმივია თუ დროებითი.
საქართველო დღეს...
რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი ამბობს, რომ საქალწულე აპკის დაზიანება მხოლოდ სქესობრივი აქტით არ არის შესაძლებელი და ასევე პირველი კონტაქტისაც შეიძლება ის საერთოდ არც დაირღვეს.
მანანა მგალობლიშვილი:
- საქალწულე აპკის ფორმა და სისქე განსხვავებულია ყველა ქალში. პირველი სქესობრივი კონტაქტის დროს სისხლდენა შესაძლოა დაკავშირებული იყოს ქალწულობის დარღვევასთან, მაგრამ ეს არ არის აუცილებელი. ზოგიერთი ქალის საქალწულე აპკი შეიძლება იყოს ელასტიკური და არ დაირღვეს სქესობრივი კონტაქტისას, ან მისი დარღვევა მოხდეს სისხლდენის გარეშე, მცირე ან პირიქით, ჭარბი სისხლდენით. ასევე, აპკის დაზიანება შესაძლებელია სხვადასხვა ფიზიკური აქტივობის დროს, როგორიცაა სპორტი ან ტამპონის გამოყენება. ამრიგად, სისხლდენის არარსებობა პირველი სქესობრივი კონტაქტისას არ მიუთითებს ქალწულობის არარსებობაზე.
რეპროდუქტოლოგი ამბობს, რომ ადრე საქალწულე აპკის აღდგენის ოპერაციებზე დიდი მოთხოვნა იყო, მას ასევე ხშირად მიმართავდნენ იმისთვის, რომ გაერკვია, იყო თუ არა გოგონა ქალიშვილი.
- 20 წელზე მეტია პრაქტიკოსი ექიმი გახლავართ და ადრე ნამდვილად დიდი მოთხოვნა იყო საქალწულე აპკის აღდგენის ოპერაციებზე, თუმცა მე პირადად ამგვარი ოპერაცია არასდროს ჩამიტარებია, ასევე ხშირად მომმართავდნენ იმისთვის, რომ გამერკვია, ჰქონდა თუ არა საქალწულე აპკი.
ზოგადად ტენდენცია ასეთია, რომ ადრე გინეკოლოგს და რეპროდუქტოლოგს მაშინ მიმართავდნენ, როცა რამე აწუხებდათ, ახლა ბევრი მოდის ისეთი პაციენტი, ვისაც არაფერი აწუხებს და უბრალოდ, პროფილაქტიკის მიზნით სურს გინეკოლოგთან ვიზიტი ან აპირებს სქესობრივი ცხოვრების დაწყებას, ორსულობას და სურს წინასწარ მიიღოს სათანადო რეკომენდაციები.
გუგა კუზანოვის თქმით, ქალწულობის აღდგენის პროცედურაზე მიმართვები შემცირებულია, ამას თანამედროვე სამყაროს გამოწვევებით ხსნის.
გუგა კუზანოვი:
- იკლო და აღარ არის აქტუალური, როგორც ადრე იყო. ისევ მოდიან, მაგრამ იმდენად იშვიათად, მაგრამ არც ვთვლი, რომ ისევ კეთდება... კეთდება კი, მაგრამ ძალიან იშვიათად.
ახლა ძალიან გაზრდილია მკერდის გაზრდის ოპერაცია მნიშვნელოვნად და მუცლის კორექციის ოპერაციები. ადრე თუ რინოპლასტიკა იყო პირველ ადგილზე, ახლაც პირველზეა, მაგრამ ახლოს დგას, ასევე აბდომინოპლასტიკა.
- რას უკავშირებთ ჰიმენოპლასტიკაზე პაციენტების რიცხვის შემცირებას, უკავშირებთ იმ ფაქტს, რომ აღარ არის ქვეყანაში ისეთი აქტუალური ქალიშვილობის ინსტიტუტი?
- ალბათ, თორემ რატომ იკლო? - ბუნებრივია. რა თქმა უნდა, შეიცვალა უფრო ახალგაზრდობა და ძველებურად აღარ უყურებენ ამ თემას.
ჰომენოპლასტიკაზე მათ კლინიკას ნაკლებად მიმართავენ, ფიქრობს, რომ დღეს ქალებისთვის პლასტიკური გინეკოლოგია ლაბიოპლასტიკამ ჩაანაცვლა, როდესაც ქალები სასქესო ბაგეების პლასტიკას იკეთებენ. ასევე მიმართავენ ანორგაზმიის დროს და იტარებენ პროცედურებს საშოს ქსოვილის ელასტიურობის შესანარჩუნებლად.
რა ხდება მსოფლიოში
ჰიმენოპლასტიკის აკრძალვას თანამედროვე მსოფლიო პერიოდულად ითხოვს. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში 2022 წელს საქალწულე აპკის აღდგენის პლასტიკური ოპერაციები აიკრძალა. აიკრძალა ასევე ქალწულობის შემოწმების ტესტი, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს ქალების ღირსებისთვის შეურაცხმყოფელია.
კანონის თანახმად, ექიმს, რომელიც ჰიმენოპლასტიკას ჩაატარებს, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ასევე დაისჯება ის ადამიანიც, ვინც გოგონას, ან ქალს საქალწულე აპკის აღდგენის ოპერაციის ჩასატარებლად სხვა ქვეყანაში წაიყვანს. დიდი ბრიტანეთის შემდეგ, ოპერაცია აიკრძალა ჩრდილოეთ ირლანდიაშიც.
ფსიქოლოგების თქმით, ჰიმენოპლასტიკა იწვევს ტრავმას ქალებში, რადგან ის ვერ იცავს ქალს და გოგონას ბოლომდე და არ ნიშნავს იმას, რომ სქესობრივ კავშირს აუცილებლად მოჰყვება სისხლდენა.