ავტორი:

რუსეთში ორი ქალი სპექტაკლში მონაწილეობის გამო გაასამართლეს - მათ ტერორიზმის გამართლებას ედავებიან: სკანდალური საქმის დეტალები

რუსეთში ორი ქალი სპექტაკლში მონაწილეობის გამო გაასამართლეს - მათ ტერორიზმის გამართლებას ედავებიან: სკანდალური საქმის დეტალები

მოსკოვის დასავლეთ ოლქის სამხედრო სასამართლოს მოსამართლემ იური მასინმა ევგენია ბერკოვიჩს და სვეტლანა პეტრიჩუკს ტერორიზმის გამართლების საქმეზე ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დაკავებულმა ქალებმა განაჩენის გამოტანამდე ერთი წელი გაატარეს წინასწარი დაკავების იზოლატორში.

  • სპექტაკლი "Finist Yasny Sokol" მოგვითხრობს გოგონების შესახებ, რომლებსაც ინტერნეტ მიმოწერით შეუყვარდებათ ISIS-ის წევრები. სპექტაკლის შინაარსში პროკურორებმა ტერორიზმისა და რადიკალური ფემინიზმის გამართლება დაინახეს, მიუხედავად იმისა, რომ რეჟისორი და დრამატურგი ამტკიცებდნენ, რომ სპექტაკლი, პირიქით, აფრთხილებდა ქალებს მსგავსი საშიშროების შესახებ, თუმცა სასამართლომ მათი არგუმენტები არ გაითვალისწინა.

პატიმრობის გარდა, დაკავებულებს სამი წლით აეკრძალათ "ელექტრონული და საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ქსელების, ვებსაიტების ადმინისტრირებასთან დაკავშირებული საქმიანობა, მათ შორის ინტერნეტის გამოყენება“.

დაცვის მხარე განაჩენის გასაჩივრებას აპირებს, თუმცა ადვოკატი ამბობს, რომ ძალიან მცირეა იმედი, რომ გადაწყვეტილება შეიცვლება.

რაში დაადანაშაულეს რეჟისორი და დრამატურგი?

სპექტაკლმა, რომლის გამოც, ორი ქალი ციხეში წავიდა, 2022 წელს ჯილდო „ოქროს ნიღაბი“ მიიღო. გამარჯვებული გახდა თავად პიესის ავტორი სვეტლანა პეტრიჩუკიც.

თუმცა, სპექტაკლის წინააღმდეგ ანონიმური საჩივარი დაიწერა. ინფორმატორის სახელი საზოგადოებისთვის უცნობია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის სასამართლოში საიდუმლო მოწმის სტატუსით მივიდა და ჩვენება მისცა.

"დანოსის" ავტორი აღშფოთებული იყო, რომ „სპექტაკლში ტერორისტები მსხვერპლად არიან გამოყვანილი, ხოლო დამნაშავედ - რუსეთის სახელმწიფო და საზოგადოება. რადგან სწორედ მათ აიძულეს გოგონები ISIS-ში გაწევრიანებულიყვნენ,“ - განაცხადა მოწმემ სასამართლო პროცესზე. "ეს არის მიზანმიმართული გზავნილი, თითქოს რუსეთში ქალი დამცირებულია და სიყვარულის გარეშე ცხოვრობს".

კიდევ ერთი ღია საჩივარი დაწერა ნიჟნი ნოვგოროდის თეატრის ახალგაზრდა მსახიობმა ვლადიმერ კარპუკმა. მის გამო, ქალაქში სპექტაკლის ჩვენება ჩაიშალა. სასამართლო პროცესზე განმარტა, რომ სპექტაკლში მინიშნებულია, რომ თითქოს ყველა რუს მამაკაცს, მუსლიმებისგან განსხვავებით, ცუდი სუნი აქვს.

კარპუკი ამტკიცებდა, რომ ავტორები მაყურებელს უბიძგებდნენ ტერორისტების შეყვარებულ ქალებს აპატიონ. როგორც სასამართლო პროცესზე გაირკვა, კარპუკს დიდი ალბათობით, სპექტაკლი საერთოდ არ ჰქონდა ნანახი.

რას ეფუძნებოდა სისხლის სამართლის საქმე?

სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც აღძრულია ომის საწინააღმდეგო განცხადებებისთვის, ყალბი ინფორმაციის გავრცელებაზე ან ჯარის დისკრედიტაციისთვის - ჩვეულებრივ ეფუძნება გამოძიებას, სადაც გაანალიზებულია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტები ან „დამნაშავის“ საუბარი. ასეთ საქმეებში ხშირად იყენებენ ექსპერტებს, რათა ის დაწერონ, რაც გამოძიებას სჭირდება.

მსგავს საქმეებში ძირითადად იყენებენ რომან სილანტიევის ექსპერტიზას. ეს არის ადამიანი, რომელმაც გამოიგონა ფსევდომეცნიერება - დესტრუქტოლოგია. მისი თქმით, რუსულ სკოლებში უკრაინაზე ხუმრობენ, ხოლო აშშ ფარულად მხარს უჭერს ისლამისტებს, რათა ზიანი მიაყენოს სხვა ქვეყნებს. სილანტიევის შესახებ ცნობილია, რომ ის თანამშრომლობს FSB-სთან.

სპექტაკლის შესახებ აზრი საჯაროდ გამოთქვა: "ამბობენ, სპექტაკლიდან იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ISIS-ი რუსეთზე უკეთესია. თითქოს იმდენად ცუდია ჩვენს ქვეყანაში ცხოვრება, რომ უნდა გავუგოთ და ვაპატიოთ იმ გოგონებს, რომლებმაც რუს ახალგაზრდებს ტერორისტები არჩიეს. ეს მიუღებელია, მითუმეტეს, როცა ამისთვის თეატრალური პრემიები ენიჭებათ... “

კვლევაში სილანტიევი ამტკიცებს, რომ სპექტაკლი ერთდროულად ამართლებს ისლამურ ტერორიზმს და ასევე ხელს უწყობს რადიკალურ ფემინიზმს. "სპექტაკლში ხაზგასმულია, რომ რუსული საზოგადოება არ არის ისლამურზე უკეთესი, მაგრამ ISIS არის გმირობის, თავგანწირვისა და კაცის მიერ საკუთარი მოვალეობის შესრულების კულტურა, რომლის პოვნაც შეუძლებელია რუსულ საზოგადოებაში".

როგორ ჩაიარა სასამართლო პროცესმა?

პროკურატურის მიერ სასამართლოში გამოძახებული მოწმეების უმეტესობა დაკავებული ქალების დასაცავად სიტყვით გამოვიდა. თეატრის კრიტიკოსმა ტატიანა ტიხონოვეცმა განმარტა, რომ სპექტაკლი "აფრთხილებს ქალებს, რომლებსაც ISIS-ის წევრებმა თავბრუ დაახვიეს."

იმ დღეს, როდესაც სასამართლოზე დაკავებულების ადვოკატებს მტკიცებულებების წარდგენა უნდა დაეწყოთ, მოსამართლემ პროკურორების მოთხოვნით სასამართლო პროცესი განაჩენის გამოტანამდე გადადო. ამ მომენტიდან პრესა და დასწრების მსურველები სასამართლო დარბაზში აღარ შეუშვეს. ასევე ადვოკატებსაც არ ჰქონდათ უფლება, ესაუბრათ, რა ხდებოდა შიგნით.

პროცესის დახურვის მიზეზი ინტერნეტში გამოქვეყნებული კომენტარები გახდა. პროკურორმა მოსამართლეს სასამართლო პროცესის მონაწილეების მიმართ უხამსი გამონათქვამებით ოთხი კომენტარი უჩვენა. რაც ბრალდების მხარის მიმართ მუქარად მიიჩნიეს.

ამის შემდეგ რა ხდებოდა დარბაზში, მხოლოდ მონაწილეებმა იცოდნენ. როდესაც პროკურატურამ ბრალდებულისთვის სასურველი სასჯელი მოითხოვა, ბერკოვიჩმა სასამართლო დარბაზი ესკორტით დატოვა, დერეფანში მდგარ ფოტოგრაფებს კი ექვსი თითი უჩვენა. ასე შეიტყო საზოგადოებამ, რომ ბრალდებულების კოლონიაში გაგზავნა ექვსი წლით სურდათ.

ჟენია ბერკოვიჩს ორი თინეიჯერი ნაშვილები ქალიშვილი ჰყავს. გოგონები, მთელი ბავშვობის მანძილზე ბავშვთა სახლში ცხოვრობდნენ და მხოლოდ ახლახან იპოვეს დედა, რომელიც ისევ დაკარგეს.