გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა ევროკავშირის გაფართოების საკითხზე. როგორც იცით, არის ევროკავშირის წევრობის 10 კანდიდატი ქვეყანა. საქართველო ერთ-ერთი მათგანია. ყველა ქვეყანას აქვს თავისი გამოწვევა. პროცესი მიმდინარეობს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით "ევროკავშირის გაფართოება - გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის“ მიმდინარეობს.
"გაფართოება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომლის წინაშეც ევროკავშირი დგას და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ მომავალი 5 წლის განმავლობაში, ახალარჩეული ხელმძღვანელობის მომავალი 5 წლის მუშაობის განმავლობაში მოხდება ევროკავშირის შემდგომი გაფართოების დიდი ტალღა. საქართველოს შემთხვევაში, ჯერ კიდევ გაურკვეველია, იქნება თუ არა საქართველო ევროკავშირის შემდგომი დიდი გაფართოების ტალღის ნაწილი.
გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს ასე იქნება და ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გადავტვირთავთ მუშაობას და მოვასწრებთ მივაღწიოთ, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის შემდგომი გაფართოების ნაწილი.
27 ივნისს, ევროკავშირის ლიდერებმა, პრეზიდენტებმა და პრემიერ-მინისტრებმა ბრიუსელში შეხვედრა გამართეს და მათ მიიღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, შეათანხმეს ევროკავშირის სტრატეგიული დღის წესრიგი შემდგომი პერიოდისთვის, მიაღწიეს შეთანხმებას ევროკავშირის მომავალ ლიდერებთან დაკავშირებით, დაადასტურეს უკრაინის დაცვის მიმართ ჩვენი მტკიცე ვალდებულება და სამწუხაროდ და ვწუხვარ, რომ ამას ვამბობ, ისინი ასევე შეთანხმდნენ, შეეჩერებინათ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი. ეს ძალიან გარკვევითაა ნათქვამი ევროპული საბჭოს დასკვნაში.
წაიკითხეთ ის ძალიან ყურადღებით. ევროკავშირის ლიდერებისთვის გაურკვეველია საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების განზრახვა. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი აშკარად უკუსვლაა 9 ნაბიჯისგან. ასევე, ანტიდასავლური, ანტიევროპული რიტორიკა სრულად შეუთავსებელია ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანთან. სამწუხაროდ, ამ დროისთვის, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია. ეს ნამდვილად სამწუხარო და გულსატკენია“, - აღნიშნა ელჩმა.
"გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ არჩევნების შემდეგ, ოქტომბრის შემდეგ, ახალ ჩამოყალიბებული მთავრობა, ვინც არ უნდა მოახდინოს ამ მთავრობის ფორმირება, დაიწყებს ხელახალ სერიოზულ მუშაობას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ“, - აღნიშნა ელჩმა.
მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების შესახებ ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია, მაგრამ მათ სხვა არჩევანი არ ჰქონდათ.
"გასულ კვირას, ევროკავშირის ლიდერებმა ეს ნათლად განაცხადეს. თუ მთავრობა კურსს არ შეიცვლის, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ ვერ წავა. ეს ძალიან ძლიერი მესიჯია. 27 ივნისს ევროკავშირის ლიდერები ერთმანეთს ბრიუსელში შეხვდნენ და ევროკავშირის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. ისინი მომავალი პერიოდის სტრატეგიულ დღის წესრიგზე შეთანხმდნენ, მნიშვნელოვან დოკუმენტზე, რომელიც განსაზღვრავს, ვინ ვართ ჩვენ, როგორც ევროკავშირი და საით მივდივართ. ისინი ჩვენი მომავალი ინსტიტუციური ლიდერების ვინაობაზე შეთანხმდნენ, რომლებიც პარლამენტმა ჯერ კიდევ უნდა დაამტკიცოს. ეს მოსალოდნელზე ბევრად სწრაფად მოხდა.
შეთანხმება ძალიან სწრაფად იქნა მიღწეული, ისინი შეთანხმდნენ და უკრაინის დაცვის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს და ასევე, ამ საკვანძო გადაწყვეტილებებს შორის ისინი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაზე შეთანხმდნენ. ეს ნამდვილად გულდასაწყვეტია, მაგრამ სამწუხაროდ, მათ სხვა არჩევანი არ ჰქონდათ. ჩვენ თვეების განმავლობაში ძალიან მკაფიო სიგნალებს ვგზავნიდით, რომ თუ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება მოხდებოდა, ამას შედეგები მოჰყვებოდა. კანონი მიღებულია, ახლა, სამწუხაროდ, შედეგების დრო დადგა“, - აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.