ავტორი:

"მახსოვს, ჩემმა გადაწყვეტილებამ რამხელა შოკი გამოიწვია" - პირველი ქალი საქართველოში, რომელიც სასწრაფოს ბრიგადის მძღოლია: რთული გზა ხალხის სამსახურამდე

"მახსოვს, ჩემმა გადაწყვეტილებამ რამხელა შოკი გამოიწვია" - პირველი ქალი საქართველოში, რომელიც სასწრაფოს ბრიგადის მძღოლია: რთული გზა ხალხის სამსახურამდე

საქართველოში პირველია, არც მანამდე და არც შემდეგ სასწრაფოს ქალი მძღოლი არ გვყოლია. ნანა მამუკაშვილი, უკვე 9 წელია, ადამიანების სამსახურშია, მათი ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგას. ქართველ ექიმებს თავისი აქტიურობით ტოლს არ უდებს. ავტომობილის საჭეს ბავშვობიდან მართავს, ის ასეთივე წარმატებით პატარაობიდანვე მოტოციკლსაც მართავს. როგორც ამბობს, ამ უნარებით, საზოგადოების ყურადღებას მუდმივად იქცევდა და იქცევს. ბევრი ქალისთვის ასევე მისაბაძიც კი აღმოჩნდა.

- მე ვარ ნანა ბაღდოშვილი, უმეტესად მამუკაშვილით მიცნობენ, რადგან მეუღლის გვარზე ვარ გადასული. მრავალშვილიან და ბობოქარ ოჯახში გავიზარდე. მამა მოუსვენარი კაცი იყო, შვილები მას ვგავართ. ტექნიკა უყვარდა - მოტოციკლეტები, მანქანები, რალი, შეჯიბრება, ცხენზე ჯირითი. ამ აქტიურობაში დედაც ხელს უწყობდა. დედაც კარგად მართავდა ავტომობილს. მას სამედიცინო განათლება ჰქონდა, სპორტული ქალი იყო.

მამა თავისუფალი ადამიანი იყო და არც სხვის თავისუფლებას ზღუდავდა. ვამბობ ხოლმე, იმ დროისთვის ადრე იყო დაბადებული. დროს ნამდვილად უსწრებდა. უყურებდა უცხოურ ფილმებს, იკერავდა მოდურ ტანსაცმელს. მოტოციკლეტი გამორჩეულად უყვარდა და მაშინ თუკი რამე ხარისხიანი მოტო არსებობდა, ყველაფერი ჰქონია. პატარაობიდანვე ჩვენც ბევრ რამეს გვაჩვევდა. მანქანას რომ დაშლიდა, თავადვე ეხერხებოდა მისი გაკეთება. ჩვენც იმ დროს თავზე ვედექით. ვეხმარებოდით, ერთად ვაკეთებდით. პატარაობიდანვე გვაჩვევდა ბრძოლას. საჭეს, მოტოციკლს, გვეუბნებოდა, ცხოვრებაში არ იცით, რა მოხდება და ეს ყველაფერი გამოგადგებათო.

წლების მერე, როდესაც ჩემს ცხოვრებაში მძიმე მომენტები დადგა, მეუღლემ სამსახური დაკარგა, როცა უცხოეთში წასვლამ მოგვიწია და შემდეგ იქიდან მეუღლის ჯანმრთელობის გამო ბავშვთან ერთად უკან დავბრუნდი. აქ უკვე პროფესიის გარეშე აღმოვჩნდი... როდესაც წლებია გასული, პატარაც აღარ ხარ, სამსახურს ვეღარ შოულობ.

იმ დროს ბავშვი სტუდენტი იყო, ოჯახში სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები გვქონდა. არა მარტო მეუღლე, დედა, დედამთილი, მამა მძიმე მდგომარეობაში იყვნენ. ძალიან ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდი.

- დახმარება არავინ შემოგთავაზათ?

- შემომთავაზეს და მერე როგორც იციან ხოლმე უქმროდ დარჩენილ ქალზე, მამაკაცების მხრიდან ზეწოლა წამოვიდა და თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი. იყო ბულინგი... მამა უკვე ცუდად იყო, მაგრამ მაშინ ჩემს გულში მას ვუთხარი, - მამა, უკვე ის მჭირდება, რაც შენ მასწავლე... საკუთარ თავსაც ვუთხარი, რომ არ მოვიქცეოდი ისე, რომ ვინმესგან დაუმსახურებლად შეურაცხყოფა, ან დამცირება ამეტანა. ვფიქრობდი იმაზეც, რა გამეკეთებინა ისეთი რამ, რაც ქალს ჯერ ჩვენში არ გაუკეთებია. ასეთი ბევრი რამ შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ სწავლა-განათლების დრო არ მქონდა.

- და გაგახსენდათ ის, რასაც მამა ბავშვობაში გასწავლიდათ - მოტო, მანქანა და ყველაფერი ერთად?

- კი, რამაც ძალიან გაამართლა. დღემდე მახსოვს, ჩემმა გადაწყვეტილებამ რამხელა შოკი გამოიწვია. ვფიქრობდი სახანძრო და სასწრაფოს მანქანების საჭეებზე. სასწრაფო მეტად ახლოს აღმოჩნდა, რადგან ნახევრად საავადმყოფოში ვიყავი გაზრდილი. დედასთან გვიწევდა შვილებს მისვლა, მორიგეობაზე გაყოლა. სამედიცინო პერსონალთან ურთიერთობაც მსიამოვნებდა. თუმცა სამედიცინოზე არ ჩავაბარე, რაზეც დედას გული ძალიან დაწყდა. მოკლედ, ავირჩიე სასწრაფოს საჭე, მოვკიდე ჩემს „რუგზაკს“ და ჩაფხუტს ხელი, მოვაჯექი მოტოს და სასწრაფოს ადმინისტრაციას სრულიად მოულოდნელად მივადექი. მახსოვს, მაშინდელი ადმინისტრაციის უფროსის თვალები, როდესაც ვუთხარი, რომ მათთან მუშაობა მინდოდა. ეს იყო 9 წლის წინ. იმ ადამიანში ერთგვარი შოკი გამოვიწვიე.

- რა უთხარით?

- ვუთხარი, რომ მჭირდებოდა სამსახური, რასაც მათ უწყებაში შევძლებდი. თან გაიგო, რომ ბაიკერიც ვიყავი. ეტყობა, მოტოებში ერკვეოდა და რამდენი კუბატურიანი ბაიკი გყავთო? 1000-იანი-მეთქი. თქვენ თუ ამ ორი ბორბლით დადიხართ, როგორ შეიძლება 4 ბორბლით ვერ იაროთო? ახლა ტანკიც რომ შემომთავაზოთ, აუცილებლად ვმართავ, ისე მჭირდება სამსახური-მეთქი. მითხრა, ჩააბარეთ ყველა გამოცდა, მომიტანეთ მართვის მოწმობა კატეგორიით, გაიარეთ შესაბამისი პროგრამა, რომელიც ჩვენს მძღოლებს სჭირდებათ და ჩვენგან წინააღმდეგობა არ გექნებათ. როდესაც C კატეგორიას ვიღებდი, 9 კაცი აბარებდა გამოცდას, მათგან მხოლოდ მე ჩავაბარე. როდესაც მივედი, სასწრაფოში ოვაციებით შემხვდნენ. მერე 50-კილოიანი ქალი რომ დამინახეს, ყველა ჩურჩულებდა, არა, არა, ეს ვერ შეძლებს, მარტო საკაცეს ვერ ასწევსო.

- მძღოლებს რაიმე სამედიცინო მანიპულაციაში მონაწილეობა გევალებათ?

- ჩვენ სპეციალურ პროგრამას გავდივართ, რომ დავეხმაროთ ექიმებს. არსებობს კანონები და არსებობს დაუწერელი კანონებიც. როდესაც ხარ გუნდის წევრი, არაფრით შეიძლება ექიმი გასაჭირში მიატოვო. ქალი ვარ და როდესაც ექიმს დახმარება უნდა, უკან არ დავიხევ. თუ სიბნელეა, ღამეა და ექიმები გოგოები არიან, პაციენტთან შესვლისას მარტოს არასდროს ვუშვებ. არ არსებობს, საკაცეზე ექიმს მოვაკიდებინო ხელი, თუ ის მამაკაცი არ არის. ყოფილა გულის გაჩერების ეპიზოდები და სარეანიმაციო მანიპულაციებში არ ყოფილა შემთხვევა, მონაწილეობა არ მიმეღო. მოკლედ გავუმართლე, თუმცა კაცები ამბობდნენ, რომ ვერ შევძლებდი, ამ მძიმე შრომას ვერ გავუძლებდი. თვითონ ექიმები აღნიშნავდნენ, რომ ბევრ კაცს ვაჯობე. ბევრ ექიმს ჩემთან მუშაობა უყვარს. საერთოდ მსიამოვნებს ადამიანების დახმარება... სულ ასეთი ვიყავი.

ერთი ასეთი ეპიზოდი მახსენდება. ბავშვობაში, როცა ჯერ ცურვა არ ვიცოდი, ხიდიდან მდინარეში ბავშვი გადავარდა, ეს რომ დავინახე, იმ პერიოდში სკოლიდან მოვდიოდი. მის გადასარჩენად მდინარეში გადავხტი მაშინ, როცა მშობელი ვერ გადახტა... არ არსებობს, ადამიანი მძულდეს, მაგრამ არსებობენ ისეთები, რომლებმაც რამე დამიშავეს, თუ დავინახე, რომ რომელიმე მათგანს რამე უჭირს, ვერ გავჩერდები, რომ არ დავეხმარო. ეს ჩემი მინუსიც არის და პლუსიც.

- ცხოვრებისეულმა სირთულეებმა რა გასწავლათ?

- ცხოვრებაში გადატანილმა რთულმა ამბებმა საკუთარ თავთან ბრძოლა მასწავლა... ქალბატონები მირეკავენ და მეუბნებიან, ჩვენ ვერ შევძელით სასწრაფოზე მუშაობა, შენი ინტერვიუების მერე ვისწავლეთ საერთოდ მანქანის მართვა და დღეს სამსახური გვაქვს. ბევრმა გოგომ ბაიკი ისწავლა. აზრი მიეცა მათ ცხოვრებას. მეუბნებიან, რომ უნდათ ჩემნაირი იყონ. ხშირად ბავშვები უბანში მიტყდებიან იმაში, რომ გავიზრდებით, ნანა გვინდა, რომ გამოვიდეთო.

ბევრისთვის გასაკვირი ისიც იყო, რომ მხოლოდ საჭე კი არ ვიცოდი, ვერკვეოდი მანქანის ნაწილებში. როდესაც მანქანას რამეს შევატყობდი, დეტალურად ვეუბნებოდი, რა სჭირდებოდა. ისიც ყოფილა, რომ მამაკაცი შემჯიბრებია... ყველაფერში ძალას სიყვარული მაძლევს. გაბრაზების შემდეგ კი ავირჩიე ეს საქმე, მაგრამ ამ ყველაფერშიც სიყვარული იყო და ეს დამეხმარა.

- სასწრაფო მანქანის საჭე რა არის?

- რაღაც პერიოდი გამომძიებლად ვმუშაობდი, მაგრამ მინდოდა, მოსამართლე გამოვსულიყავი. სასწრაფოს მძღოლობა ახლოსაა ჩემს პროფესიასთან. როდესაც გამოძახებაა და მივდივართ, ვკითხულობ, რა ხდება, ექიმო, რა მდგომარეობაა, რომ შეძლებისდაგვარად მობილიზება გავაკეთეო, ვიცოდე, როგორ მოვიქცე. ჩქარა ვიარო, იმაზე ჩქარა, ვიდრე დასაშვებია, რომ მისვლამდე საფრთხე არ შევქმნათ. ინფორმაციას ვიღებ და იმ სიტუაციის ნაწილი ვხდები. ჩემთვის არ არსებობს უემოციოდ გამოძახებაზე გასვლა. არის შემთხვევები, გავდივარ, არ ვიცი, ვინაა და მხვდება ახლობელი. მიდიხარ, არის პანიკა და გხვდება ბავშვი, რომელსაც უცხო სხეული აქვს გადაყლაპული. ზოგჯერ მიტირია კიდევაც, ეს ყველაფერი ჩემთვის არის ცხოვრების ნაწილი...

- საერთოდ საჭესთან სიჩქარე გიყვართ?

- სიჩქარე და ცოტა ექსტრემალური სიტუაციაში არ ვიბნევი, ეს ყველაფერი ჩემია. როდესაც მანქანას სწრაფად ვმართავ, მაშინ ყველაზე ბედნიერი ვარ. ყველას რაღაც აძლევს თვითდაჯერებას. ბევრ წარმატებულ მსახიობს უთქვამს, რომ მაღალ ქუსლებზე სიარული მათთვის მნიშვნელოვანია. ჩემთვის მანქანის საჭე და ბაიკზე ჯდომაა დიდი ენერგიის მომცემი.

ბევრი სახიფათო სიტუაცია მაქვს გამოვლილი. დედა ჩემს გამო სულ დაძაბული იყო. მოუსვენარი ბავშვი ვიყავი, კლდეებზე ავდიოდი, ცხენის გახედნა მიყვარდა, ტყეში მარტო დავდიოდი, ბევრჯერ დავკარგულვარ, ძალიან მინდოდა, რომ ბიჭი ვყოფილიყავი და სამხედრო მფრინავი გამოვსულიყავი. მოკლედ თავგადასავალი საკმარისად მქონია...

- ყოველდღიურად ქალაქში მოტოციკლით გადაადგილდებით?

- კი. ბაიკი მოდუნების უფლებას არ გაძლევს, ჩემი ახალგაზრდული იერი მოტოციკლეტის დამსახურებაა. ეს არც წონაში მომატების საშუალებას მაძლევს. სულ მობილიზებული ვარ. თუმცა სასწრაფოს საჭეს რომ მივუჯექი, ამან ყურადღების ცენტრში მეტად მომაქცია. ადამიანებში დიდი ოვაციები გამოეწვია. ცუდი გზა, სეტყვა, წვიმა, თოვლი, ყინვა - ამ პერიოდში სიარულს ცოდნა უნდა და საჭეს დამორჩილება, სწორი მოძრაობა.

- და დიდი გამბედაობაც...

- კი და მიხარია, რომ ეს შევძელი. თუ ერთ აგური მაინც დავდე ჩემი ერისთვის, ვინმეს სიცოცხლის გადარჩენაში მონაწილეობა მივიღე და ვინმესთვის მისაბაძი აღმოვჩნდი, ეს ჩემთვის საამაყოა. ე.ი. ცხოვრებაში რაღაც გავაკეთე.

- თბილისში "ფორსაჟის" გადაღებაშიც მიგიღიათ მონაწილეობა...

- კი, იქ წამიერი მომენტები იყო, მაგრამ ანაზღაურებაც მქონდა და საკმაოდ დაფასებაც. უცხოელებისგან შემოთავაზებაც მივიღე, რადგან ნახეს, ბაიკზე რა შემეძლო. ბევრი ქალი კასკადიორი არ გვყავს და სიამოვნებით გაგიწევთ კონსულტაციას, თვითონ მოგამზადებთ პროფესიონალურ დონეზეო. უარი ვუთხარი, რადგან მაშინ მამა მყავდა ძალიან მძიმედ. იმ მომენტში მამასთან ერთად ყოფნა ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. ვერ დავტოვებდი, მით უმეტეს, იმის მერე მალე გარდაიცვალა.

- რას ეტყოდით ადამიანებს თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე?

- ადამიანებს ერთმანეთის მიმართ ურთიერთპატივისცემა ჰქონდეთ. ეს თუნდაც მოძრაობის წესებშიც უნდა გამოხატონ. დათმობა და სიყვარულია მთავარი. არსად არ გვეჩქარება, მაგრამ თუ ჩვენ ერთმანეთს ვატკინეთ, ყველგან დავიგვიანებთ. ამიტომ ადამიანებმა მინდა, რომ ერთმანეთი მოძრაობის წესებითაც კი დააფასონ. მეტი პატივისცემაა საჭირო. თუ ეს არ არის, ყველაფერს ფასი ეკარგება.