ავტორი:

რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის "ღირსეული პარტნიორის" სამხედრო წვრთნებს, რომელიც აშშ-მ განუსაზღვრელი ვადით გადადო?

რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის "ღირსეული პარტნიორის" სამხედრო წვრთნებს, რომელიც აშშ-მ განუსაზღვრელი ვადით გადადო?

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ერთად დაგეგმილი სამხედრო წვრთნები - "ღირსეული პარტნიორი" (Noble Partner), რომელიც 2016 წლიდან დაიწყო, საქართველოსთან ურთიერთობის პოლიტიკის გადახედვის ფარგლებში, განუსაზღვრელი დროით გადადო.

  • შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება განპირობებულია საქართველოს "მთავრობის ცრუ ბრალდებებით შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ".

ცრუ ბრალდებებს შორის აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ასახელებს ნარატივს, რომლის თანახმადაც აშშ და დასავლელი მოკავშირეები „ზეწოლას ახდენენ საქართველოზე, რათა გახსნას მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაზე ზეწოლის შესამსუბუქებლად“ და თითქოს აშშ-ს „მონაწილეობა აქვს მიღებული საქართველოს ხელისუფლების გადატრიალების ორ მცდელობაში“.

პენტაგონის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვა 2024 წლის 30 მაისს დაიწყო.

ამას წინ უძღოდა "ქართული ოცნების" მიერ აშშ-ის დადანაშაულება სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის ხელშეწყობაში, ამასთან, საზოგადოების საყოველთაო წინააღმდეგობის, ასევე, დასავლეთიდან მოწოდებების მიუხედავად, „აგენტების კანონის“ მიღება და 28 მაისს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა.

  • პენტაგონი აცხადებს, რომ "შეერთებული შტატების მთავრობამ განსაზღვრა, რომ ახლა შეუფერებელი დროა საქართველოში მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად“.

"ეს გადაწყვეტილება მარტივად არ მიგვიღია და დიდ ყურადღებას ვაქცევთ იმ მნიშვნელობას, რასაც ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები ანიჭებენ "ღირსეული პარტნიორის“ მსგავს წვრთნებს. შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად თანამშრომლობის მომავალ შესაძლებლობებს 2025 წელს, მათ შორის წვრთნების - AGILE SPIRIT-ის ჩატარებას“, - აცხადებს პენტაგონი.

გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე AMBEBI.GE-ს პენტაგონის გადაწყვეტილების სამხედრო და პოლიტიკურ ასპექტებზე ესაუბრება:

"ამ პროექტს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, საქართველოში მის განხორციელებაში თვითონ ვმონაწილეობდი და დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა როგორც პოლიტიკურ, ისე სამხედრო დონეზე. წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ მოვიპოვეთ ამერიკის თანხმობა, ჩაეტარებინა სწავლება იმ ტერიტორიაზე, სადაც 20% ოკუპირებულია, სადაც ომის დასრულება იურიდიულად არ არის გაფორმებული. მით უმეტეს, ეს იმ ფონზე, როგორი პროტესტიც რუსეთიდან იყო. პროექტი "ღირსეული პარტნიორი" საქართველოში 2016 წლიდან ხორციელდება. ეს ადმინისტრაციულ და პოლიტიკურ ნაწილს რაც ეხება.

სამხედრო თვალსაზრისით, წარმოიდგინეთ, რამდენად რთულია მიიღო გადაწყვეტილება ჯარების გადასროლაზე - ეს ძირითადად ევროპული სარდლობის ძალები იყო, მასში ბრიტანელები, პოლონელები, ფრანგები, რუმინელები, სლოვაკები და ბევრი სხვა ქვეყნის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. რამხელა ძალისხმევა დაგვიჯდა იმის ორგანიზება, რომ საქართველომდე ჩამოსულიყო ჯავშანტექნიკა, პირადი შემადგენლობა, მეორეც, ჩვენ, როგორც მასპინძელ ქვეყანას უზრუნველგვეყო მათი გადაადგილება ქვეყანაში, ორგანიზება გაგვეკეთებინა განთავსების, სწავლების ჩატარების და ა.შ. ანუ ძალიან დიდი ენერგია და ძალისხმევა დაიხარჯა საქართველოს მხრიდან, რათა საქართველოში ეს ღონისძიება განხორციელებულიყო. განხორციელდა და ყველას გახსოვთ, რა მასშტაბური იყო თავისი ჯავშან კომპონენტით, საჰაერო კომპონენტით, თვითონ დესანტირება, ბრძოლის ველზე ურთიერთქმედება ამერიკული "აბრაამსების" და ქართული T-72-ის და ა.შ.

  • ერთი სიტყვით, აღნიშნული სწავლება ძალზე დიდი მნიშვნელობის იყო და ეს პროექტი როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკურ კომპონენტს მოიცავდა. სამხედრო კომპონენტი უმნიშვნელოვანესი იყო ურთიერთქმედების ასამაღლებლად - ჯარი როცა არ ომობს, ის იწვრთნება, სხვანაირად ჯარის ფუნქცია არ არსებობს. შესაბამისად, საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება და შენარჩუნება, ეს არის შეიარაღებული ძალების უმნიშვნელოვანესი ამოცანა. ამისთვის აუცილებელია ურთიერთქმედება, თანამედროვე შეიარაღებასთან გაცნობა, სწავლების ერთობლივი მუშაობა...

ეს ხომ არ იყო მხოლოდ დანაყოფის მიკუთვნება ათეულის, ან ოცეულის დონეზე, რომელსაც რომელიღაცა ქვეყანა უსაზღვრავს? აქ იყო ერთობლივი სწავლების მუშაობა, სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცესები, მისი განხორციელების ალგორითმი და ა.შ. ანუ ძალიან დიდი შესაძლებლობა გააჩნდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს იმავე დესანტში მონაწილეობის, მასიურად ურთიერთქმედების არტილერიის, სახმელეთო და საჰაერო კომპონენტის.

პოლიტიკური თვალსაზრისით, როცა ასეთი მასშტაბის სწავლება ტარდება, რა თქმა უნდა, კეთილი მეზობლისთვის ყოველთვის იმედის მიმცემია, რომ საქართველო არ არის მარტო დარჩენილი, საქართველოს მტრისთვის კი იმის ჩვენებაა, რომ მას გვერდში უდგას ისეთი ქვეყნები, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან. ამის გარდა, ეს ხომ უბრალოდ ასე არ ხდება, ეს გათვლები ხომ ინახება, გაკეთებული იყო გათვლები - რამდენი დრო სჭირდებოდა დანაყოფების გადმოსროლას, რა დრო სჭირდება მის გადაადგილებას საქართველოს ტერიტორიაზე, რა მარშრუტები, რა საშუალებებით - რკინიგზით, შერეულით, პარალელური გზებით და ა.შ. ეს ყველაფერი შემდგომში გამოყენებულ უნდა იქნას საქართველოს თავდაცვის დაგეგმარებაში. ეს ინფორმაცია და მონაცემები ხომ არ ქრება, ის აუცილებლად სჭირდება ქვეყანას. ერთია, როდესაც შენ კომპიუტერში ანგარიშობ რაღაცას და მეორეა, უშუალოდ ამ ტექნიკასთან რომ გაქვს საქმე და უშუალოდ ახორციელებ აღნიშნულ სწავლებას თავისი საბრძოლო სროლებით.

დიდი იმედი მაქვს, რომ AGILE SPIRIT მაინც ჩატარდება მომავალ წელს. პიროვნულად ძალიან გული მწყდება, რადგან ამ პროექტის განხორციელებაში ოფლი მაქვს ჩანთხეული და მეორეც, სტრატეგიული გადასახედიდან, პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით ძალიან ცუდია წვრთნების გადადება, ეს კარგს არაფერს მოგვიტანს, გააჩნია ამას კიდევ რა ნაბიჯები მოჰყვება გინდა საქართველოს, გინდ აშშ-ს მხრიდან. ცხადია, ეს მარტო სამხედრო არა, უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. როცა ამბობ, მოკავშირეებს მეორე ფრონტის გახსნა უნდათ, რა თქმა უნდა, შედეგად ამას მივიღებდით“.

წაიკითხეთ ასევე: