რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას, სულ მცირე, 20 ადამიანი ემსხვერპლა. აფეთქების შედეგად დაზიანდა კიევში მდებარე ბავშვთა ყველაზე დიდი საავადმყოფო, სადაც იმ დროისთვის მცირეწლოვანი პაციენტები სხვადასხვა სამედიცინო დახმარებას იღებდნენ.
“უნიანის“ ინფორმაციით, რაკეტა იმ დროს დაეცა “ოჰმატდიტის“ კლინიკას, როდესაც ქირურგი პაციენტს ოპერაციას უკეთებდა. აფეთქების ტალღამ ის უკან გადააგდო. არსებული ინფორმაციით, ამ კონკრეტული ფაქტის შედეგად არავინ დაზარალებულა, თუმცა საავადმყოფოს ჩამონგრევას მსხვერპლი მაინც მოჰყვა.
ტელეგრამარხებზე ვრცელდება იმ საოპერაციო ოთახის კადრები, სადაც ექიმი მცირეწლოვანს ოპერაციას უკეთებდა.
გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევი განმეორებით დაიბომბა.
კიევის საქალაქო ხელისუფლების განცხადებით, უკრაინის დედაქალაქში თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე, 25 დაშავდა.
კრივი-რიჰის მერის, ალექსანდრ ვილკულის ინფორმაციით, ქალაქში 10 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა. დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკში კი, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსულმა ძალებმა უკრაინას 40-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტიეს.
“რუსმა ტერორისტებმა კიდევ ერთხელ განახორციელეს მასიური სარაკეტო შეტევა უკრაინაზე. სხვადასხვა ქალაქები – კიევი, დნიპრო, კრივი რიჰი, სლოვიანსკი, კრამატორსკი. 40-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა. დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები, ინფრასტრუქტურა და ბავშვთა საავადმყოფო“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
ასევე იხილეთ: