ავტორი:

ყოველი 5 კგ წონის მატების დროს არტერიული წნევა საშუალოდ 4.5 mmHg - ით იზრდება - იცით, რა კავშირშია სიმსუქნე და გულის ჯანმრთელობა?

ყოველი 5 კგ წონის მატების დროს არტერიული წნევა საშუალოდ 4.5 mmHg - ით იზრდება - იცით, რა კავშირშია სიმსუქნე და გულის ჯანმრთელობა?

საქართველოში არაგადამდები დაავადებების ძირითადი რისკფაქტორების შესახებ STEPwise-ის ბოლოდროინდელი კვლევით (STEPS) გამოვლინდა, რომ 2016 წელს ზრდასრულთა 65%-ზე მეტს ჰქონდა ჭარბი წონა ან სიმსუქნე. ეს მიუთითებს მნიშვნელოვან მზარდ ტენდენციაზე 2010 წელთან შედარებით, როდესაც ზრდასრულთა 56%-ს აღენიშნებოდა ჭარბი წონა ან სიმსუქნე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 1995 წელს 135 მილიონ ადამიანს ჰქონდა ჭარბი წონა. ვარაუდობენ , რომ 2025 წლისთვის მათი რიცხვი მიაღწევს 300 მილიონს. 2022 წელს18 წელზე მეტი ასაკის მოზრდილთა 43% აღენიშნა ჭარბი წონა, ხოლო 16% სიმსუქნე.

„ნიუ ჰოსპიტალსის“ კარდიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი რამაზ ბათავანი განმარტავს, რომ ჭარბი წონა და სიმსუქნე ზრდის მრავალი არაგადამდები დაავადების, მათ შორის გულის დაავადებების, დიაბეტის, სიმსივნისა და ქრონიკული რესპირატორული დაავადებების რისკს.

„ჭარბი წონა იწვევს ინსულინრეზისტენტობას, არტერიული სისხლძარღვების სანათურის ამომფენი უჯრედების - ენდოთელიუმის დისფუნქციას, სიმპათიკური ნერვული სისტემის აქტივაციას, სისხლძარღვების რეზისტენტობის გაზრდას, ანთებით და პროთრომბოზულ ცვლილებებს, რაც ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სერიოზული დაავადებების განვითარებას. სიმსუქნე, როგორც დამოუკიდებელი რისკფაქტორი, ზრდის სისხლძარღვთა ათეროსკლეროზული დაზიანების, გულის იშემიური დაავადებისა და მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების რისკს,“ - აღნიშნავს რამაზ ბათავანი, რომელიც ამ საკითხზე ვრცლად გვესაუბრება.

გულის რომელ დაავადებებს უკავშირდება ჭარბი წონა?

სიმსუქნე არის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მომატებული სიკვდილიანობისა და ავადობის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი. ცნობილია, რომ ნორმალური წონის მოზრდილებთან შედარებით, სიმსუქნის მქონე მოზრდილების 51%-ს აქვს ჰიპერტენზია, 8%-ს - გულის იშემიური დაავადება, 3.5%-ს - გულის შეგუბებითი უკმარისობა, 3%-ს - ინსულტი და 21%-ს - მიოკარდიუმის ინფარქტი.

რას გვეტყვით არტერიული ჰიპერტენზიისა და ჭარბის წონის კავშირზე?

სიმსუქნესა და არტერიული წნევის კავშირი დადგენილია როგორც მოზრდილთა ასაკის პაციენტებში, ასევე ბავშვებში. სიმსუქნის ადრეულ სტადიაზე ხდება თირკმლების მილაკებიდან ნატრიუმის რეაბსორბციის გაზრდა, რასაც მოჰყვება სისხლძარღვების მოცულობითი გადატვირთვა. სიმსუქნის დროს სისხლში იმატებს არტერიული ჰიპერტენზიის განმაპირობებელი ჰორმონების რენინის, ანგიოტენზინ II -სა და ალდოსტერონოს დონე. სიმსუქნის მქონე ყოველ მეორე ადამიანს აღენიშნება მომატებული არტერიული წნევა. ყოველი 5 კგ წონის მატების დროს არტერიული წნევა საშუალოდ 4.5 mmHg - ით იზრდება.

როგორ ხდება იმის დადგენა, რომ გულის დაავადება ჭარბი წონითაა გამოწვეული?

ჭარბი წონა და სიმსუქნე არის ორგანიზმში ცხიმების არანორმალური დაგროვების შედეგი. განსაკუთრებული რისკის შემცველია სიმსუქნის ის ფორმა, როდესაც ცხიმების დაგროვება ხდება წელის გარშემო, ე. წ. აბდომინური სიმსუქნე. ის წარმოადგენს გულის დაავადებების, ასევე დიაბეტის განვითარების ერთ-ერთ სერიოზულ რისკფაქტორს. ასეთ სიმსუქნეს ხშირად თან ახლავს ინსულინის მიმართ გაზრდილის რეზისტენტობა, ცხიმების ცვლის დარღვევა და წნევის მომატება - ეს ფენომენი ცნობილია როგორც მეტაბოლური სინდრომი. საწყის ეტაპზე სწორედ მეტაბოლური სინდრომის არსებობა არის გულის სხვადასხვა დაავადების გამშვები მექანიზმი.

ჭარბწონიანი ადამიანების რომელი კატეგორიაა გულის დაავადებების განვითარების რისკჯგუფში?

ჭარბი წონისა და სიმსუქნის კატეგორიებად დაყოფა ხდება სხეულის მასის ინდექსის, წელის გარშემოწერილობისა და წელის და სიმაღლის თანაფარდობით. სხეულის მასის ინდექსის მიხედვით 25 კგ/მ2 – 30 კგ/მ2 - მდე ითვლება როგორც ჭარბი წონა. 30 კგ/მ2-ზე მეტი წარმოადგენს სიმსუქნეს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სხეულის მასის ინდექსი არ ზომავს ცხიმების რაოდენობას. მაგალითად, ათლეტური მონაცემების ადამიანს, რომელსაც კარგად აქვს განვითარებული კუნთოვანი მასა, მიუხედავად იმისა, რომ არ აქვს ჭარბი ცხიმი, შეიძლება ჰქონდეს მომატებული სხეულის მასის ინდექსი და მოხვდეს მსუქანთა კატეგორიაში. ასეთ დროს საზომად წელის გარშემოწერილობა და მისი ფარდობა სიმაღლესთან უნდა გამოვიყენოთ. წელის გარშემოწერილობის რეკომენდებული ზომებია: მამაკაცებისთვის 94 სმ-ზე, ხოლო ქალებისთვის 80 სმ-ზე ნაკლები. 35-ზე ნაკლების სხეულის მასის ინდექსის მქონე ჭარბწონიანმა და მსუქანმა ადამიანებმა ასევე უნდა განსაზღვრონ მათი წელის გარშემოწერილობა და სიმაღლის თანაფარდობა, რითაც შესაძლებელია დადგინდეს აქვთ თუ არა წელის გარშემო ზედმეტი ცხიმი. ამ პარამეტრის მიხედვით 0.4-0.49 - არის ჯანმრთელი, 0.5-დან 0.59-მდე - ჯანმრთელობის პრობლემების გაზრდილი რისკი, ხოლო 0.6 ან მეტი - ჯანმრთელობის პრობლემების ძალიან მაღალი რისკი.

დიაგნოსტირების შემდეგ, როგორ ხდება პაციენტის მკურნალობა? რამდენად ხანგრძლივი პროცესია ეს?

სიმსუქნის დროს პაციენტების მკურნალობის დროს უნდა გავითვალისწინოთ, რა არის სიმსუქნის გამომწვევი მიზეზი. ეს შეიძლება იყოს: კვების მავნე ჩვევები, ფიზიკური აქტივობის ან ვარჯიშის ნაკლებობა, გენეტიკური განწყობა სიმსუქნის მიმართ, არაჯანსაღი საკვები, სხვადასხვა დაავადება (ენდოკრინული, ნევროლოგიური პრობლემები), მედიკამენტები (სტეროიდები, ზოგიერთი ფსიქიატრიული წამალი), სტრესული მდგომარეობები და დეპრესია.

შესაბამისად, მკურნალობის ტაქტიკა მიმართული უნდა იყოს სიმსუქნის გამომწვევი მოდიფიცირებადი ფაქტორების გამოსწორებისკენ. აუცილებელია ჯანსაღი კვება, რაც გულისხმობს მარტივი ნახშირწყლების, განსაკუთრებით, კი შაქრის შემცველი დესერტებისა და გაზიანი სასმელების აკრძალვას. ასევე, მნიშვნელოვანია რეგულარული და ზომიერი ფიზიკური აქტივობა. ინსულინრეზისტენტობის და პრედიაბეტური მდ-ბის დროული გამოვლენა და ენდოკრინოლოგთან კონსულტაცია. უკიდურესი ხარისხის სიმსუქნის (BMI>40) ან სიმსუქნის მეორე ხარისხის (BMI 35- 40) და დიაბეტის დროს, მიმართავენ ბარიარტრიულ ოპერაციას. სიმსუქნით გამოწვეული გულის დაავადებების მკურნალობა ტარდება სტანდარტულად სამედიცინო რეკომენდაციების მიხედვით.

დაბოლოს, სიმსუქნე არ ვითარდება ერთ დღეში, შესაბამისად არც უნდა იყოს მოლოდინი იმისა, რომ ჯანმრთელი წონის აღდგენა მოხდება რამდენიმე დღეში. ამ გზაზე წარმატების მისაღწევად მთავარია სწორი მიმართულების არჩევა, ექიმის დანიშნულებისა და რეკომენდაციების თანმიმდევრული შესრულება.

R