"შარშან ნანატრი შვილიშვილი გამიჩნდა, რომელიც ჩემთვის მზის სხივია. ჩემი მირა ახლა წლისა და ერთი თვისაა, ამბობენ, რომ მე მგავს", - ამბობს მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი "კვირის პალიტრასთან". მან სამსახიობო მოღვაწეობა რუსთავში დაიწყო და მაყურებელმა სპექტაკლით "დარაბებს მიღმა გაზაფხულია" გაიცნო. 30-წლიანი ემიგრაციის შემდეგ მსახიობი კვლავ შეხვდა მონატრებულ ქართველ მაყურებელს. მსახიობის მეგობრებმა მისი საქართველოში მოღვაწეობის პერიოდი გაიხსენეს, რეზო ჩხიკვიშვილმა კი თავის შესახებ უამბო მაყურებელს. მეორე ნაწილი მუსიკალური იყო, სადაც თავად შეასრულა მუსიკალური ნომრები, რაშიც მისი მუსიკოსი მეწყვილე და რუსთაველი მუსიკოსები დაეხმარნენ... პროფესიულ მიღწევებზე, ოჯახურ იდილიაზე რეზო ჩხიკვიშვილმა ჩვენთან გულწრფელად ისაუბრა:
- მე მართლაც ბედნიერი ბავშვობა მქონდა, ბედნიერი და ბავშვური. დღევანდლისგან განსხვავებით, ბავშვობა ჩვენმა თაობამ უფრო სიმშვიდეში გავატარეთ. სიმშვიდე იყო, საქართველოშიც და მსოფლიოშიც. მართალია, ბავშვებისთვის დღეს მეტი გასართობი და გასანებივრებელი საშუალებაა, მაგრამ მაშინ უფრო უშფოთველი ყოფა იყო. ჩვენ ნაღდი ბავშვები, გაცილებით გულუბრყვილოები ვიყავით, ახლა კი დატენილი არიან მილიონი ინფორმაციით... მშობლები ექიმები მყავდნენ, არც ავად გახდომის მეშინოდა და არც არაფერი მაკლდა. ეზოში ჩასვლაც მიხაროდა, ათასგვარ თამაშს ვიგონებდით. ისეთი ცელქი ვიყავი, თუ სადმე ჩამოსავარდნი, დასაცემი იყო, ყველგან მე ვიყავი დაშავებული.
- ხელოვნებას როდის ეზიარეთ?
- ბებიას დამსახურებაა, დღეს თუ მუსიკალურადაც განვითარებული ვარ. რაც მან დაკვრა მასწავლა, მას შემდეგ გიტარა ხელიდან არ გამიშვია. შემდეგ მუსიკაზე დავდიოდი, მაგრამ არ მომწონდა, მერჩია ეზოს ბავშვებთან ფეხბურთი მეთამაშა. გამოცდის დღემდე ზეპირად არაფერი ვიცოდი, გამოცდის წინაღამეს ვსწავლობდი ნაწარმოებს ზეპირად.
- სიმღერა როგორ შეგიყვარდათ?
- ცნობილ მომღერლებს ვბაძავდი. მეგობრების ნაჩუქარი ბობინებიანი მაგნიტოფონი და მაშინდელი ცნობილი ბენდების ჩანაწერები მქონდა. მუსიკალურ სკოლაში სწავლის დროს პატარა ბენდიც კი შევქმენით, უფრო სწორად, სურვილი იყო შექმნის. ოთხი ბიჭი ვიკრიბებოდით, ვუკრავდით, ვისაც რა ინსტრუმენტზე შეგვეძლო დაკვრა. იმ სიმღერებს ვმღეროდით, რა სიმღერებიც მაშინ პოპულარული იყო... წაიკითხეთ ვრცლად