ავტორი:

"გოსტიბე ჩემთვის კარია, პორტალია სხვა სამყაროში მოსახვედრად... მოწყვეტილია სამყაროს" - მიტოვებული სოფელი, სადაც ფოტოგრაფმა ზღაპრული სამყარო შექმნა: შთამბეჭდავი ფოტოები

"გოსტიბე ჩემთვის კარია, პორტალია სხვა სამყაროში მოსახვედრად... მოწყვეტილია სამყაროს" - მიტოვებული სოფელი, სადაც ფოტოგრაფმა ზღაპრული სამყარო შექმნა: შთამბეჭდავი ფოტოები

"ლუპინები ბევრ იდუმალ საქმეს დაატრიალებენ ამ გორაკზე ისე, რომ ჩვენ აზრზე ვერ მოვალთ... როგორც დიდი ხნის წინათ, როცა არავინ იცოდა, რატომ იმატებდა იმ მიწების ნაყოფიერება, სადაც ლუპინები ყვაოდა. ისინი კი ჰაერიდან ნიტროგენს იწოვდნენ და ნიადაგში უშვებდნენ... ჩუმი ქველმოქმედები,“ - წერს ფერმწერი, ფოტოგრაფი, მშენებელი და მრავალი ინტერესის მქონე ადამიანი ნუკრი მანძულაშვილი.

  • ლუპინები კი ის ულამაზესი ყვავილებია, რომლებიც მან ფაქტობრივად მიტოვებულ სოფელ გოსტიბეში, საკუთარ ეზოში, თავისი ხელით გაახარა. ნუკრი მანძულაშვილის მიერ გაშენებულ ბაღს თბილისში უკვე კარგად იცნობენ. აქაურ ეზო-კარსა და ბაღზე სასაუბროდ Amebi.ge-ს რესპონდენტი ის ერთხელ უკვე იყო.

თბილისში სერიოზული შედეგის მისაღწევად საკუთარი ხელით ბევრი იმუშავა. მუშაობას ისევ განაგრძობს, იდეებს რა დალევს და საკუთარ ბაღს მუდმივად რაღაც სიახლეს სძენს. ახლა ამ მიმართულებით გოსტიბეში აქვს დიდი გეგმები. იმის გამო, რომ ბევრი ჰობი აქვს, იმ ყველაფერს ახლა თავისი იდეების განსახორციელებლად იყენებს.

- სანამ იმის შესახებ დავიწყებთ საუბარს, რა გეგმები გაქვთ გოსტიბეში, მანამდე ამ სოფლის შესახებ მოვყვეთ...

- გოსტიბე ოდესღაც არც ისე პატარა სოფელი იყო. დღეს უფრო ნასოფლარია. ის ქართლში, კასპის რაიონში მდებარეობს. იქიდან გასული საუკუნის 50-იან წლებში ხალხი რუსთავთან ახლოს, სოფელ სამგორში გადმოასახლეს, რომ უდაბნო ადგილები აეღორძინებინათ. ეს გოსტიბელებისთვის ერთგვარი შოკი იყო, რადგანაც ძირითადი მოსახლეობა მანამდეც მთიულეთიდან გახლდათ იქ ჩამოსული. მოკლედ, სამგორში გადასახლებას ბევრი შეეწინააღმდეგა. მოგვიანებით კი ერთ-ერთმა მათგანმა ითავა და მთავრობას სთხოვა, ხალხი უკან დაებრუნებინათ. ნაწილი დაბრუნდა, ნაწილი - არა. ახლა იქ მუდმივად 5-6 ოჯახი რჩება და სოფელს ზაფხულობით აგარაკის ფუნქცია უფრო აქვს.

- ნუკრი რა გახდა ამ ტერიტორიაზე, მიწის ფართობის შეძენის მიზეზი?

- პირველ რიგში ის, რომ ეს ადგილი ქალაქს ძალიან მოწყვეტილია. გოსტიბეში რომ ადიხარ, ისეთი შეგრძნება გაქვს, რომ თითქოს სხვა სამყაროში მოხვდი. ადიხარ მთაში და მერე ბარში ჩადიხარ. შენ წინ ისეთი ლანდშაფტი იშლება, რომ თითქოს ვიღაცამ სპეციალურად გაამზადა ასეთი გაშლილი სივრცე სოფლისთვის. მოწყვეტილია სამყაროს. ჩემი ტერიტორიიდან რაღაც მანძილის დაშორებით მეზობლებიც ცხოვრობენ.

პირველად გოსტიბეში ალბათ 15 წლის წინ მოვხვდი, სადაც დედიდა და ბიძა მყავს, რომლებიც საქონელს უვლიან, მეცხოველეობას მისდევენ. მათ დამპატიჟეს, ფოტოების გადაღება რომ გიყვარს, ამოდი, ჩვენთანაც რა კარგი ბუნებააო. მას მერე რაც ავედი, მიხმობს და მითრევს ეს ადგილი.

- ფართობი ვისგან შეიძინეთ?

- სულ რაღაც 2 წლის წინ ბიძისგან შევიძინე. გოსტიბე ჩემთვის კარია, პორტალია სხვა სამყაროში მოსახვედრად - მართლა სხვაგან გადადიხარ. მეც ხელი უნდა შევუწყო, რომ ისეთი გახდეს, რაც ჩემს წარმოდგენაშია, ანუ რასაც ვგრძნობ, რასაც ვხედავ და როგორიც წარმოვისახავ. მოკლედ, კიდევ უნდა შევალამაზო და ჩემებურად გავაფერადო. კი, იდეალური ადგილია ზღაპრული გარემოს შესაქმნელად. ერთი ყვავილიც რომ დარგო, იქაურობა იმ არსებულის ფონზე კიდევ უკეთესად წარმოჩინდება.

- მართლა მდიდარი და ველური ბუნებაა...

- კი, ასეთი მაგარი რომაა და კიდევ იქ რაღაცას გააკეთებ, უკვე სრულყოფ გარემოს. ნამდვილ სასწაულს მივაგენი. გოსტიბე ასევე წყლით, ჰაერით, მთით, სიმწვანით უზომოდ მდიდარია. ოღონდ, არანაირი კომუნიკაცია არ არის. კომუნისტების მერე დენიც არ იყო, 5 წელია, რაც გამოიყვანეს. ესეთ გარემოში რაც უფრო მარტო ვრჩები, მით უფრო მშვიდად ვგრძნობ თავს.

- თქვენს კუთვნილ ფართობზე პატარა ლამაზი ხის სახლი უკვე ააგეთ. ტერიტორიას პატარა ხის ღობეც აქვს შემოვლებული. შესაბამისად უკვე დაგირგავთ და გაგიხარებიათ თქვენი საყვარელი ყვავილებიც. ზღაპრული გარემო ფაქტობრივად შექმნილია. სახლი საკუთარი ხარჯებით ააშენეთ. თუ დაგეხმარათ ვინმე?

- კი, საკუთარი ფინანსებით ავაშენე. ამ ეტაპზე არ მაქვს სტაბილური შემოსავალი და ამიტომ მცირედი თანხა ვისესხე, ცოტა ფიცარი მქონდა დაგროვილი და შევუდექი აშენებას. საქმეს მარტივად მივუდექი, როგორც პატარა ყუთი, ასეთი პრინციპით ავაწყვე. შემდეგ კრამიტით გადავხურე. ერთი ოთახი და სხვენი გამოვიდა. ოღონდ, ჯერ იმ ეტაპზე არ ვარ, რომ იქ დავრჩე და ღამე გავათენო. ბევრი რამაა გასაკეთებელი. სულ რომ შევკრიბო ის დღეები, რაც ვიმუშავე, ასე სამი თვე გამოდის. იქვე არის ბიძაჩემის სახლი და როცა ვმუშაობდი, იქ ვრჩებოდი. უკვე ძალიან მიყვარს გოსტიბე.

- არავინ გეხმარებოდათ?

- არა. ერთხელ კი გამოთქვეს სურვილი, მაგრამ მირჩევნია, საერთოდ მარტომ ვიმუშაო, ასე უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს. არავისთან საწინააღმდეგო არ მაქვს, პირიქით, ვიცი, რომ კეთილი გულით იმუშავებენ. უბრალოდ ასე უფრო მომწონს.

- რიკულები ახალი სახლისთვისაც გაგიკეთებიათ, ისე, როგორც თბილისში. თბილისში თქვენს ეზოსა და ბაღს უკვე ბევრი ვიზიტორი ჰყავს. იმის ანალოგი გოსტიბეში ალბათ არ მოხერხდება... რეალურად რა გეგმები გაქვთ?

- ცხადია, ანალოგი ვერ იქნება, რადგან ბევრი რამ კლიმატზეა დამოკიდებული. მაგალითად, გოსტიბეში ვარდი არ ხარობს ისე, რომ განგაცვიფროს. ჯერჯერობით რაც დავადგინე, აღმოვაჩინე, რომ ლუპინებს ძალიან მოსწონთ ეს გარემო. თან ყვავილობისას ისეთ სილამაზეს ქმნის, რომ შეიძლება მნახველი გადაირიოს. მაგ პერიოდში მინდა, ტურებიც მოვაწყო. ეზოს ტერიტორიაზე დარგული მაქვს დაახლოებით 30 ძირი ხეხილი. მას კომერციული გათვლა არ ექნება, უბრალოდ ჩემთვის დავრგე. აქ კარგად რაც მოდის, ვაშლი, მსხალი, ქლიავი, კაკალი ჩავყარე. უფრო მეტად მარადმწვანე მცენარეები მაქვს - ნაძვის ნაირსახეობა. თან ვაკვირდები, ცდებს ვატარებ, სად უკეთ გაიხარებს. ესენი ტრიალ მინდორზეა და სულ მზეშია. ნაწილი უღრან ტყეშიც დავრგე და ნაძვებს იქაც ვაკვირდები. ზოგს უხარია, ზოგს - არა; ზოგს წყალი უნდა, ზოგს - არა. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო პროცესია.

- უღრანი ტყე ახსენეთ, მტაცებლის საფრთხე ალბათ არსებობს...

- კი, არის. სოფელშიც ჩამოდის მგელი, დათვი, საქონელს იტაცებს, მაგრამ ამის შიში არ მაქვს. ასეთ გარემოში უფრო მიმზიდველია ყოფნა... ჩემი ტერიტორია 1000 კვადრატზე ცოტა მეტი შეიძლება იყოს. ახლა ვცდილობ, იქ მაქსიმალურად ის საქმე გავაკეთო, რასაც ზამთარსა და სიცივეში ვერ ვაკეთებ. სახლს იმ ეტაპამდე მივიყვან, რომ იქ დარჩენა შეიძლებოდეს.

ზამთარში ყინვა იცის. გზა მაინცდამაინც არ არის კარგი. ტრაქტორი ერთხელ რომ მოასწორებს, მერე ისევ ფუჭდება. ახლა მთელ ნაკვეთში უნდა მოვდო ლუპინი. წარმოიდგინეთ, სულ ეს მცენარე რომ გაიშლება რა სილამაზე იქნება - ლუპინის მინდორი.

- მოკლედ, ყინულს ჭრით და ყამირს ტეხთ, დაახლოებით ეს ამბავია.

- პირდაპირ და ირიბადაც ასეა, რადგან იქ ერთი მეტრის ქვემოთ რომ თხრი, კლდე და თიხაა. ამ ყველაფერს დამოუკიდებლად თვითონ რომ აკეთებ, სხვა ხიბლი აქვს. როგორც ვთქვი, მარტო რომ ვფუსფუსებ, ამას მეტი სიამოვნება მოაქვს. ამ დროს თვითშეფასება მეტად მიმაღლდება. საქმის კეთებისას რაღაც რომ შემეშლება, იმაზე ვსწავლობ. ეს საკუთარი თავის გამოცდაც არის და აქ მინდა ჩემი უნარების მაქსიმუმის გამოვლენა შევძლო.

- თუკი ვინმეს რაიმეს გაკეთება უნდა, რას ურჩევდით? გარისკოს, გააკეთოს? რა არის ამისთვის საჭირო?

- სურვილია საჭირო. ყველაფერი დამოუკიდებლად და მცირედით უნდა დაიწყოს. ერთი მუჭით და ის ერთი მუჭა ისე გაიზრდება, ისე მოიმატებს, რომ შედეგი აუცილებლად გააოცებთ.