აზერბაიჯანელი ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავე ელდანიზ აზიზლიმ ახლახან გარდაცვლილი ქართველი სპორტსმენის ნუგზარ წურწუმიას შესახებ ადგილობრივ მედიასთან ისაუბრა. აზიზლი ამბობს, რომ წურწუმია მისი ქალიშვილის საყვარელი მოჭიდავე იყო.
- მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეები ვიყავით, ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა, - იხსენებს მოჭიდავე.
"მე და წურწუმია მრავალი წელი ვიყავით მეტოქეები, მაგრამ ტატამის გარეთ ვმეგობრობდით. ბოლოს 20 დღის წინ შევხვდი. ვისაუბრეთ და ვიხუმრეთ... წელს ცოტა გაუჭირდა ნუგზარს, დედა კიბოთი გარდაეცვალა, ყველაზე ცუდი ის არის, რომ მისი პატარა ძმა, რომელიც 7 წლის არის, ახლა მარტო დარჩა".
აზერბაიჯანელმა სპორტსმენმა ასევე ხაზი გაუსვა მისი ქალიშვილის სიყვარულს ნუგზარის მიმართ: "წურწუმია ჩემი ქალიშვილის საყვარელი მოჭიდავე იყო“, - თქვა მან.
ცნობისთვის, 3 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსოფლიო ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ნუგზარ წურწუმია 27 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ნუგზარ წურწუმია მსოფლიო ჩემპიონი 2019 წელს გახდა, როდესაც ყაზახეთში გამართული ჩემპიონატის ფინალში ყაზახი სპორტსმენი, შორლან ჟაკანშა დაამარცხა.
ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავე. 55 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონის გარდა, იყო საქართველოს ჩემპიონი, ასევე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ბრინჯაოს პრიზიორი.
წაიკითხეთ ასევე: