საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჯილდოს სახით ბიძინა ივანიშვილისგან და ფონდი "ქართუსგან" 30 მილიონი ლარი მიიღო. ნაკრების ოფიციალურ ვებგვერდზე აღნიშნულ თემაზე განცხადება გამოქვეყნდა, სადაც კაპიტნის, გურამ კაშიას კომენტარსაც ვკითხულობთ. კაშია "ქართუს" და ბიძინა ივანიშვილს მადლობას უხდის. მადლობა გადაიხადა ასევე ჩვენი გუნდის მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა.
აღნიშნულის გამო საზოგადოების ნაწილი ფეხბურთელებს აკრიტიკებს. სოციალურ ქსელში ეს თემა განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხია. ნაწილი სპორტსმენებს აკრიტიკებს, ნაწილის იცავს მათ და მხარდაჭერას უცხადებს.
"მე გახლავართ ცოცხალი მაგალითი იმ ადამიანისა, რომელიც მადლიერია ბიძინასი იმისთვის, რაც კარგი გაუკეთებია ბევრისთვის და მათ შორის ჩემთვის. ამაზე ბევრი მიწერია წიგნში. ასევე ცოცხალი მაგალითი ვარ იმ ადამიანის, რომელიც მკაცრად აკრიტიკებს მას იმ დამანგრეველი, მანკიერი პოლიტიკისთვის, რომლითაც ქვეყანა კატასტროფის ზღვარზე დააყენა და ყველაფერს ვაკეთებ მისი ძალაუფლებისგან ჩამოშორებისთვის.
არ არსებობს აბსოლუტური ბოროტება, ისევე როგორც არ არსებობს აბსოლუტური სიკეთე. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ადამიანის შექება, თუ ის რამე კარგს გვიკეთებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს სიჩუმეს, თუ იგივე ადამიანი რაიმე მნიშვნელოვანს აფუჭებს. წარმატებები ჩვენს ფეხბურთელებს, რომლებიც ყველაფერთან ერთად ამ ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები არიან", - წერს ხუხაშვილი.