ვლადიმერ პუტინი რუს მოსწავლეებს ზაფხულის გასატარებლად ჩრდილოეთ კორეის ბანაკში გაგზავნის. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვები არდადეგებს Songdowon-ის ბანაკში გაატარებენ.
ბანაკი ჩრდილოეთ კორეის აღმოსავლეთ სანაპიროზე, კიმ ჩენ ინის ბაბუის მიერ 1960 წელს აშენდა.
იგი 1200 ვიზიტორზეა გათვლილი. ტერიტორიაზე განთავსებულია პარკი, აკვარიუმი, თეატრი და პლაჟი. თუმცა, ის ბავშვები, რომლებსაც რამდენიმე კვირიანი გართობისა და დასვენების იმედი აქვთ, შეიძლება იმედგაცრუებულები დარჩნენ - წინა ვიზიტორების განცხადებით, ბანაკში გამთენიისას აღვიძებდნენ და საშინელი საკვებით უმასპინძლდებოდნენ.
იური ფროლოვი, რომელიც ბანაკს 2015 წელს ეწვია, ამბობს, რომ ბავშვებს ჩრდილოეთ კორეის ლიდერების ქანდაკებების გასუფთავება ევალებოდათ.
ასევე აიძულებდნენ ენახათ ანიმაცია, რომლის პერსონაჟებიც თეთრ სახლს ბომბავდნენ.
რუსული მედიის ცნობით, პროგრამა მოიცავს მოვლენების შესწავლას "ქვეყნების ისტორიაზე, კულტურაზე, ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებზე“.
პუტინის განცხადებამ მშობლების შეშფოთება გამოიწვია. ეკატერინა მიზულინამ, უსაფრთხო ინტერნეტ ლიგის ხელმძღვანელმა და პუტინის უახლოესმა მეგობარმა, თქვა, რომ შეშფოთებული მშობლებისგან არაერთ შეტყობინებას იღებს.