ავტორი:

"ძველ ამბავს აზიარებენ, ნამდვილად ასე იყო, მაგრამ დღეს შეცვლილია სიტუაცია... ბოლოს ბევრი ადამიანი დამხვდა აეროპორტში" - "ჰალკი" მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება

"ძველ ამბავს აზიარებენ, ნამდვილად ასე იყო, მაგრამ დღეს შეცვლილია სიტუაცია... ბოლოს ბევრი ადამიანი დამხვდა აეროპორტში" - "ჰალკი" მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება

დღეს დილას, სოციალურ ქსელში გავრცელდა პოსტი მკლავჭიდელ და არაერთგზის ჩემპიონ ლევან საგინაშვილზე, მეტსახელად "ჰალკი", სადაც წერია, რომ გამარჯვების შემთხვევაში აეროპორტში არავინ დახვდა.

სურათი, სადაც ლევან საგინაშვილი ჩემპიონის ქამრით ხელში აეროპორტშია გადაღებული, რეალურად 2019 წელს არის გადაღებული.

პოსტში ვკითხულობთ: აეროპორტში არ დავხვდით, მედია არ ახმაურებულა მისი გამარჯვების გამო, აშკარად, სათანადოდ ვერ ვაფასებთ მის ჭეშმარიტ ღვაწლს, არადა, ამასობაში ქართველი "ჰალკი", ლევან საგინაშვილი მსოფლიოს საუკეთესო მკლავჭიდელი გახდა, ყველაზე ძლიერი, ნომერი პირველი. მოდი, გავაზიაროთ მისი ფოტო ჩვენს პირად გვერდებზე ჰეშთეგით. ასე მოვეფეროთ ამ მაგარ ბიჭს, სანამ უფიქრია, რომ მის სამშობლოში ვერ ამჩნევენ.

აღნიშნული პოსტი თავად სპორტსმენმაც გააზიარა, სადაც წერს, "ძალიან გთხოვთ ძველ პოსტებს ნუ აზიარებთ..."

ლევანს თურქეთში დავუკავშირდით, სადაც ამჟამად ტურნირზე ქართველი კოლეგების საგულშემატკივროდ იმყოფება. როგორც გვითხრა, არ გრძნობს თავს დაუფასებლად და გულშემატკივრებს სთხოვს რომ ამაზე არ ინერვიულონ

ლევან საგინაშვილი (ჰალკი):

- ახლა თურქეთში ვარ, შეჯიბრი ტარდება, მე არ მიწევს მონაწილეობა, რადგან ამ შეჯიბრის სუპერ მძიმე კატეგორიის ჩემპიონი ვარ და მათი ქამარი მაქვს. ახლა უბრალოდ საგულშემატკივროდ ვარ ჩამოსული, ქართველები გამოდიან, ირაკლი ზირაქაშვილი და დავით სამუშია, მათ აქვთ მატჩები. ჩემი შეჯიბრი დეკემბრის დასაწყისში იქნება, სავარაუდოდ ამერიკაში მომიწევს წასვლა.

- ლევან, როგორც ვიცი, ნახეთ უკვე პოსტი, რომელსაც აზიარებენ, უკვე დაწერეთ, რომ ეს ფოტო ძველია. რა შეიცვალა 2019 წლის შემდეგ?

- დიახ, ეს ძველი პოსტია, იმის მერე ბევრი რამე შეიცვალა, დაფასებულად ნამდვილად ვგრძნობ თავს. უკვე რამდენიმე წელია, როგორც ხალხისგან, ისე ჟურნალისტებისგან. სპორტის სამინისტრო მიდგას გვერდში, რაც მჭირდება ყველაფერს მიკეთებენ. ძველი ამბავია რასაც აზიარებენ, ნამდვილად ასე იყო, მაგრამ დღეს შეცვლილია სიტუაცია. პირიქით, მადლობელი ვარ ყველასი.

კარგი იქნება თუ ძველ პოსტს აღარ გააზიარებენ, იმიტომ რომ ახლაც ბოლო შეჯიბრზე რომ გავიმარჯვე, ძალიან ბევრი ადამიანი დამხვდა აეროპორტში, ორი კვირის მანძილზე სხვადასხვა ტელევიზიებში დავდიოდი. დროის სიმცირის გამო, ბევრგან ვერც მოვახერხე მისვლა. სპორტის მინისტრმაც მიმიღო, ნამდვილად თავს დაფასებულად ვგრძნობ. ჩემს გულშემატკივარს მინდა ვუთხრა, ნუ ინერვიულებენ, თავს დაფასებულად ვგრძნობ. ყოველდღიურად ქუჩაშიც რომ დავდივარ, დიდ სითბოს, ყურადღებას და სიყვარულს ვიღებ ხალხისგან.