“ათასობით აღფრთოვანებული ქართველი გულშემატკივარი ქვეყნის დედაქალაქის, თბილისის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბა, რათა ამაღელვებელი დებიუტის შემდეგ, ევრო 2024- დან დაბრუნებულ ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს დახვედროდა“, - ასე ეხმაურება Reuters-ი თავისუფლების მოედანზე გამართულ ღონისძიებას - “საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს“ და მთელი საღამოს განმავლობაში პირდაპირი ეთერის საშუალებით აწვდიდა საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ გულშემატკივრებს ამაღელვებელ კადრებს.
“ქართველმა ფეხბურთელებმა ევროპის მასშტაბით მომაჯადოებელი გამოსვლების სერია მოიგეს. მათ შორის, სანამ მერვედფინალში, ესპანეთთან 4-1 ითამაშეს, იყო შოკისმომგვრელი გამარჯვება - 2:0 კრიშტიანო რონალდუს პორტუგალიასთან“, - წერს Reuters-ი.
გამოცემა აღნიშნავს, რომ თავისუფლების მოედანზე მისვლამდე ფეხბურთელები თბილისში ღია ავტობუსით გადაადგილდებოდნენ და მათ ოვაციებით, ტაშით ხვდებოდნენ.
“პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც გერმანიაში ქვეყნის ოთხივე მატჩს დაესწრო, თითოეულ მოთამაშეს საქართველოს ერთ-ერთი უმაღლესი სამოქალაქო ჯილდო, ღირსების ორდენი გადასცა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლას, რომელიც ეროვნულ ნაკრებს მთავრობის მხარდაჭერის გაგრძელებას დაჰპირდა, ზოგიერთი დამსწრის მხრიდან უკმაყოფილების გამომხატველი შეძახილები მოჰყვა, საქართველოს მწარე საშინაო პოლიტიკის შეხსენების ნიშნად, რომელიც ჩემპიონატის გამო დროებით დაიჩრდილა“, - აღნიშნულია სტატიაში.
მსოფლიო აჟიოტაჟს არც BBC ჩამორჩა. მისი თქმით, “ზღაპრული პროგრესის შემდეგ საქართველომ მეტოქე გუნდების პატივისცემა დაიმსახურა“.
“მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მათ მოუწოდა, არ ეჩვენებინათ შიში და ასეც მოიქცნენ, მიდიოდნენ ესპანეთთან კონტრშეტევაზე, უშიშრად ასრულებდნენ დრიბლინგს და რისკზე მიდიოდნენ... თუმცა, ქართველი ფეხბურთელების გულშემატკივრები კმაყოფილი დარჩნენ იმით, რაც იხილეს, ადგილებზე დარჩნენ სრული დროის ამოწურვის შემდეგაც, სკანდირებდნენ და ქართველ მოთამაშეებს ტაშს უკრავდნენ. მათ დაუვიწყარი მოგონება დაუტოვეს, როდესაც საქართველომ პორტუგალია დაამარცხა“, - აღნიშნულია სტატიაში.
თბილისში გამართულ მოვლენებს თვალს მსხვილი მედია გამოცემების გარდა, რიგითი ადამიანები და გულშემატკივრებიც ადევნებდნენ თვალს.
“მათ ეს დაიმსახურეს!; როგორი აღნიშვნაა!; პატივისცემა საქართველოს გაუტეხელი თამაშისთვის“ - წერდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები “პირდაპირი ეთერის“ ყურებისას.
“მიიღეთ მილოცვები პოლონეთიდან; გილოცავთ გერმანიიდან, მადლობა ამ სანახაობისთვის; თქვენ ისეთი გულით თამაშობთ, გილოცავთ საქართველო; ვამაყობთ თქვენით!“ - წერენ გულშემატკივრები Guardian Football -ის ლაივსტრიმის გვერდზე აშშ- დან, უკრაინიდან, თურქეთიდან, ვარშავიდან, პორტუგალიიდან, ირლანდიიდან და ტაილანდიდანაც კი.
"ჩვენ აღმოვაჩინეთ საოცარი ხალხი, რომელსაც ფეხბურთი უყვარს!;
გმირული დახვედრა ლეგენდარულ ფეხბურთელებს;
პირდაპირ ღაზას გულიდან: გვიყვარხართ!;
მინდა, ვინმე ასე მიჭერდეს მხარს ცხოვრებაშიც;
მიყვარს ასეთი ეს სული. მიუხედავად იმისა რომ ფინალში ვერ გავიდნენ, ხალხმა მაინც თბილად მიიღო; ჩემთვის ეს გუნდი შეჯიბრის გამარჯვებულია;
სწორედ ამიტომ გვიყვარს ეს სპორტი. ის უფრო მეტია, ვიდრე გართობა, აერთიანებს საზოგადოებებს;
წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა მათ რომ მოეგოთ“, - წერენ ერთ-ერთი არაბულ სპორტულ გვერდზე საქართველოს გულშემატკივრები და ფეხბურთის მოყვარულები.
საქართველოს ეროვნული ნაკრების სადებიუტო ასპარეზობას ევრო 2024-ზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, თითქმის ყველა მეინსტრიმ მედია ადევნებდა თვალს.
საქართველო - ესპანეთის დრამატულ შეხვედრას ანალიტიკური და მხატვრული სტატიები მიუძღვნეს ისეთმა მედია ჰაბებმა, როგორიცაა: Guardian, BBC, Telegraph, Independent და სხვა.
“ესპანეთი ადრეული შოკიდან გამოდის, საქართველოს ადვილად ამარცხებს და გერმანიასთან შეხვედრას ნიშნავს”. მიუხედავად ამ სათაურისა, სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოსთან თამაში ევროპის ჩემპიონატის ფავორიტებისთვის “მარტივი” სულაც არ ყოფილა“, - ასე აქვს დასათაურებული Guardian-ს “მატჩისადმი მიძღვნილი სტატია.
იგივე პათოსს იზიარებს BBC, Telegraph და Independent. მათი თქმით, მსოფლიომ ახალი, ულამაზესი ფეხბურთის მოთამაშე ერი აღმოაჩინა, რომელსაც ყველაფერი ჯერ კიდევ წინ აქვს.
საქართველო- პორტუგალიის შეხვედრას კი, სადაც მატჩი საქართველოს გამარჯვებით, 2:0 დასრულდა The New York Times -მა “ევრო 2024-ის ყველაზე დიდი შოკი უწოდა.“
“საქართველომ ისტორია დაწერა!“ – წერდა BBC Sport.
“ისინი ისე თამაშობენ, თითქოს ხვალინდელი დღე არ არსებობს“ - ეს არის ყველაზე დასამახსოვრებელი ფრაზა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შესახებ, რომელიც ამ დღეებში გაჟღერდა...
ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში საქართველო-ესპანეთს დაუპირისპირდა და ანგარიშით 4-1 დამარცხდა.
მანამდე, ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, ხოლო 22 ივნისს ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა და ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა. 26 ივნისს კი საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში პორტუგალია 2:0 დაამარცხა და პლეი-ოფში გავიდა.
ფოტო/ვიდეო: Ezz Gaber
წაიკითხეთ ასევე: