ავტორი:

ვინ არის ნიკა კვეკვესკირის ულამაზესი მეუღლე და როგორია გზა დევნილობიდან დიდ სპორტამდე - ყველაფერი ფეხბურთელზე, რომელმაც გუშინ წამყვანობა შეითავსა

ვინ არის ნიკა კვეკვესკირის ულამაზესი მეუღლე და როგორია გზა დევნილობიდან დიდ სპორტამდე - ყველაფერი ფეხბურთელზე, რომელმაც გუშინ წამყვანობა შეითავსა

თბილისი გუშინ მსოფლიო მედიის ობიექტივში იყო. თავისუფლების მოედანზე საზოგადოება შეიკრიბა იმისთვის, რომ ფეხბურთელებისთვის ერთად ეთქვათ მადლობა იმ წარმატებისთვის, რასაც ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მიაღწია.

  • სპეციალურად საზეიმო ღონისძიებისთვის დამონტაჟებული იყო სცენა, საიდანაც ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს. მანამდე, საფეხბურთო ნაკრების წევრმა ნიკა კვეკვესკირმა თითოეული ფეხბურთელი წარადგინა და მათ მიღწევებს გაუსვა ხაზი.

სოციალურ ქსელში ყველა წერს, რომ "კვეკვეს" წამყვანის როლი ძალიან მოუხდა.

"დღეს ცოტა უჩვეულო პოზიციაში ვარ. ბურთის გარეშე პირველად ვარ ამდენი ხალხის წინაშე... ამიტომ თანმიმდევრობა შეიძლება შემეშალოს" - თქვა ნიკა კვეკვესკირმა.

ნიკა ერთ-ერთი ავტორია იმისა, რომ საქართველო ევროპაზე გავიდა. "ერთა ლიგის" ფინალში საბერძნეთთან დაპირისპირებისას დაძაბული და თავდაუზოგავი ბრძოლის შედეგად, სანუკვარი ოცნება ახდა და ისტორიაში პირველად, ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.

ამ გამარჯვების ერთ-ერთი გმირი ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირია. მან საბერძნეთთან მატჩში თერთმეტმეტრიანების სერიაში უკანასკნელი, გადამწყვეტი პენალტი გაიტანა, რითაც გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

მოკლედ ნიკას შესახებ:

კვეკვესკირი გამოდიოდა საქართველოს 17-წლამდე და 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებებში, 2010–2013 წლებში საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი იყო. 2015 წლიდან საქართველოს ეროვნულ ნაკრებშია.

ნიკა არის ასევე საფეხბურთო კლუბ პოზნანის „ლეხის“ ნახევარმცველი.

ბავშვობა დევნილობაში

საქართველოს ნაკრების 32 წლის ნახევარმცველის ნიკა კვეკვესკირის გზა წარმატებამდე მარტივი არ ყოფილა. მისი ოჯახი აფხაზეთიდან, გალიდან არის დევნილი, რის გამოც სპორტსმენს ბავშვობიდანვე ბევრი დაბრკოლების გადალახვამ მოუწია. ომის დასრულების შემდეგ, ნიკა წლინახევრის იყო, როცა მშობლებმა ზუგდიდში ჩამოიყვანეს და ცხოვრება დევნილთა დასახლებაში განაგრძეს.

რას წერს მეზობელი ნიკა კვეკვესკირის ბავშვობაზე:

"ომის შემდეგ, ზუგდიდში, დევნილთა ჩასახლებაში ცხოვრობდა, მეზობლები ვიყავით. მე და ჩემი ძმა შორს დავდიოდით სკოლაში და, მეზობელი ბავშვებისგან განსხვავებით, ნახევარი საათით ადრე ვიდექით უკვე გაჩერებაზე. ყოველ დილით, ვინც ჩვენზე ადრე ელოდებოდა ტრანსპორტს, კვეკვესკირი იყო. 90-იანი წლების ყოველ წვიმიან, თოვლიან, ქარიან დილას, იდგა 5-6 წლის პატარა ბიჭი უზარმაზარი ჩანთით ჯიუტად და ვარჯიშზე მიდიოდა. კიდევ მახსოვს, შეკრებაზე უნდა წაეყვანა მწვრთნელს პატარების გუნდი და მის მშობლებს (რომლებიც ძალიან ცდილობდნენ, არაფერი მოეკლოთ ბავშვისთვის) არ აღმოაჩნდათ ფინანსები და ნიკას მოუწია სახლში დარჩენა, თუმცა იმდენად მტკივნეული იქნებოდა ეს ბავშვისთვის, რომ ეს ამბავი დაუმალეს და მწვრთნელს ათქმევინეს, რომ 1 კვირა, უბრალოდ, ვარჯიში არ ექნებოდათ და ისვენებდნენ. კიდევ მახსოვს, ერთხელ, "მარშრუტკის" მძღოლმა არ ამოუშვა, ისეთი ტალახიანი იყო ვარჯიშის მერე. მეორე მძღოლმა უთხრა, დაიფინე რამე და ჩემს "მარშრუტკაში" ჩაჯექი, მალე გავდივარ მეცო.

მადლობა, ნიკა, ამ სიჯიუტისთვის, ყველაფრისთვის და, განსაკუთრებით, გუშინდელი, შენებური, თავდაჯერებული გამარჯვების გოლისთვის", - წერს "ფეისბუქში" ნანა ცხვიტარია.

კარიერა

ნიკა კვეკვესკირი პირველად საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ შეამჩნია და 2012 წელს ნაკრებში გამოიძახა. მაშინ კვეკვესკირი ზუგდიდის "ბაიას" ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა და მისთვის ასეთი ტრამპლინი სრული მოულოდნელობა იყო.

"მაშინ ჩემთვის ეროვნულ ნაკრებში მიწვევა ძალიან სასიამოვნო მოულოდნელობა იყო, რისთვისაც დღემდე თემურ ქეცბაიას მადლიერი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ თამაშის საშუალება არ მომეცა, ასეთი დონის ფეხბურთელებთან ვარჯიშიც კი ჩემთვის უდიდესი პრივილეგია, პატივი და მოტივაცია გახლდათ. პირველი შეხვედრისას ემოციების კონტროლი რთული იყო", - ამბობდა წლების შემდეგ კვეკვესკირი.

ამჟამად კვეკვესკირი პოლონეთში, პოზნანის "ლეხში“ თამაშობს და წარმატებული ასპარეზობის გამო გუნდმა კონტრაქტი 3 წლით გაუხანგრძლივა.

"უდისციპლინო ფეხბურთელი არც ახალგაზრდულ ასაკში ვიყავი, მაგრამ რაც უფრო იზრდები და ვითარდები, უფრო და უფრო აფასებ ყველაფერს და ხვდები, რომ ფეხბურთში ყოფითი დისციპლინა ფუნდამენტური საკითხია. მახსოვს, მამაჩემი პატარა ასაკშიც კი მეუბნებოდა, მწვრთნელის დავალებას ბოლომდე ნუ ასრულებ, ჩარჩოში ექცევი, ეცადე დავალებების 80% შეასრულო და 20% შენი კრეატივი გამოიყენოო.

პირადი ცხოვრება

ფეხბურთელის მეუღლე სალომე ბებუაა. სალომეც აფხაზეთიდან დევნილია. იგი პროფესიით ექიმ-სტომატოლოგია. წყვილს 2 გოგონა ჰყავს. ნიკას და, ნინო კვეკვესკირი სოციაურ ქსელში ოჯახურ ფოტოებს აქვეყნებს და წერს:

"წარმატებული მამაკაცის უკან, ძლიერი ქალი და ოჯახი დგას, მიყვარხართ!“, - წერს ნინო კვეკვესკირი.

ფეხბურთელი ამბობს, რომ ყველა გოლი აფხაზეთის სახელზე გააქვს და ოცნებობს გალში დაბრუნებაზე..."ზუგდიდი ძალიან მიყვარს, თუმცა გალი მაინც სხვაა მთელი ჩემი ოჯახისთვის, ჩემთვისაც. თუ კარგად ვითამაშე მოედანზე, ვარიანტი არაა, ჩემ გულში ჩუმად არ ვთქვა, შენთვის, ჩემო აფხაზეთო- მეთქი". ( წყარო: ჟურნალი "ზუგდიდელები“ N 3. 2007 წ.)