ავტორი:

65 წლის კახელი კაცი, პორტუგალიასთან გამარჯვების შემდეგ, სიღნაღიდან თბილისში ფეხით ჩამოვიდა - "ღამის 3 საათზე გამოვედი - პირობა შევასრულე"

65 წლის კახელი კაცი, პორტუგალიასთან გამარჯვების შემდეგ, სიღნაღიდან თბილისში ფეხით ჩამოვიდა - "ღამის 3 საათზე გამოვედი - პირობა შევასრულე"

EURO 2024-ზე საქართველოს ნაკრების ზღაპრული თავგადასავალი დასრულდა. ჩვენი გუნდი მერვედფინალში ესპანეთის უძლიერეს გუნდთან დამარცხდა. თუმცა მანამდე იყო გამარჯვებები, რომელმაც ჩვენი ნაკრების ისტორია დაწერა და ქართველებს ბევრი ბედნიერი და ემოციური დღე აჩუქა. ერთ-ერთი ბოლო იყო პორტუგალიასთან მატჩი.

მატჩების მიმდინარებისას ტრადიციად იქცა, ქართველების მიერ პირობის დადება, თუ რას გააკეთებდნენ, ჩვენი ნაკრების გამარჯვების შემთხვევაში. მათ შორის აღმოჩნდა 65 წლის ავთო გოჩიტაშვილი, რომელიც სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროდან თბილისი დინამოს სტადიონამდე ფეხით ჩამოვიდა...

"თუ საქართველოს ნაკრები დღეს მოიგებს, მაღაროდან თბილისში ფეხით ჩავდივარ" - წერდა იგი 25 ივნისს...

ავთო გოჩიტაშვილი AMBEBI.GE-ს ესაუბრა:

- მე ვარ ავთო გოჩიტაშვილი, ვცხოვრობ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროში. ვარ 65 წლის, მყავს მეუღლე, 2 შვილი და 4 შვილიშვილი. პროფესიით ვარ ვეტექიმი და ახლაც ვმუშაობ.

ბავშვობიდან ვთამაშობდი ფეხბურთს რაიონის ნაკრებში მოსწავლეობის პერიოდში. ვგულშემატკივრობდი ფეხბურთსა და ჩვენს გუნდს მაშინაც კი, როცა არავითარი პერსპექტივა არ იყო. ახლა კი უარესი გულშემატკივარი გავხდი.

- 26 მარტსაც იზეიმეთ?

- დიახ, სტადიონზე ვიყავი და იქ ვიზეიმე..

- ახლა როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?

- თამაშის წინ "ფეისბუქ" გვერდზე დავდე პირობა, პორტუგალიასთან მოგების შემთხვევაში ჩემი სოფლიდან თბილისამდე ჩავიდოდი ფეხით. პირველივე გოლის შემდეგ ატყდა ალიაქოთი, გაემზადე, ახლა უკვე გზაში უნდა იყო... და ა. შ... ამან გადამაწყვეტინა, რომ პირობა უნდა შემესრულებინა..

27 ივნისს, ღამის 3 საათზე გამოვედი - თითქმის მთელი დღე ვიარე, ცოტა დავისვენე და მეორე დღეს გავაგრძელე გზა. ნამდვილად ძნელი იყო ფეხები მტკივა... 95 კილომეტრი გამოვიარე.