საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს, რომელმაც, შესაძლოა, ისტორია დაწეროს, რადგან ულტრა მემარჯვენეები ხელისუფლებაში მოსვლასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილან. ამის შესახებ BBC-ი წერს.
გამოცემის ცნობით, წინასაარჩევნო გამოკითხვებში მარინ ლე პენისა და ჯორდან ბარდელას პარტია „ეროვნული გაერთიანება“ (RN) ლიდერობს.
ჯორდან ბარდელას სურს, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი გახდეს, მაგრამ აცხადებს, რომ ამ თანამდებობას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიკავებს, თუ პარტია აბსოლუტურ საპარლამენტო უმრავლესობას მიიღებს.
ეს არის ორტურიანი არჩევნები და 577-მანდატიან ეროვნულ ასამბლეაში მანდატების ზუსტი განაწილების და საბოლოო შედეგების დადგენა 7 ივლისს დაგეგმილი მეორე ტურის დასრულებამდე არ იქნება შესაძლებელი.
შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მას შემდეგ დანიშნა, რაც ევროპარლამენტის არჩევნებში „ეროვნულმა გაერთიანებამ“ მისი ცენტრისტული ალიანსი დაამარცხა.