მეცნიერებმა 6 წლის ასაკში გარდაცვლილი ნეანდერტალელი ბავშვის ძვლები შეისწავლეს, რომელსაც დაუნის სინდრომი ჰქონდა. ახალი მიგნება იმითაა მნიშვნელოვანი, რომ ამგვარი გენეტიკური დაავადების მქონე ადამიანები ადრეულ ეპოქებში, როგორც წესი, დიდხანს ვერ ცოცხლობდნენ.
ჯერჯერობით გაურკვეველია ნეანდერტალელის სქესი, თუმცა მკვლევარებმა მას "თინა" დაარქვეს. თინას შიდა ყურის ანომალიების კომბინაცია ცნობილია მხოლოდ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებში.
"ინდივიდს არა ერთი სიმპტომი აღენიშნებოდა, მათ შორის, სულ მცირე, სრული სიყრუე, მძიმე თავბრუსხვევა და წონასწორობის შენარჩუნების უუნარობა. ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ მისი ამდენ ხანს გადარჩენა შესაძლოა, იმის დამსახურება იყოს, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში მასზე მუდმივად ზრუნავდნენ და ყურადღებას აქცევდნენ. თინას აღმოჩენა წარმოადგენს დაუნის სინდრომის უძველეს ცნობილ შემთხვევას", - თქვა მერსედეს კონდე-ვალვერდემ, პალეოანთროპოლოგმა ალკალას უნივერსიტეტიდან.
ნამარხის ზუსტი ასაკი დადგენილი არ არის, მაგრამ კონდე-ვალვერდემ აღნიშნა, რომ ნეანდერტალელების ყოფნა Cova Negra-ს ადგილზე დათარიღებულია 273,000-დან 146,000 წლამდე. წინა კვლევებმა აჩვენა, რომ ნეანდერტალელები იყვნენ ინტელექტუალები და ქმნიდნენ ხელოვნებას, სიმბოლურ საგნებს და შესაძლოა სალაპარაკო ენას, ასევე იყენებდნენ ჯგუფური ნადირობის კომპლექსურ მეთოდებს.