პრემიერ-მინისტრმა სწორად აღნიშნა, წარმატებები ფეხბურთში, სპორტის არაერთ სახეობაში პირდაპირ გამოხატავს ქვეყნის განვითარების დონეს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრის წლიურ მოხსენებას უსმენენ.
თალაკვაძე გამოეხმაურა პორტუგალიის საფეხბურთო გუნდთან საქართველოს ნაკრების წარმატებით დასრულებულ მატჩს და აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დაამტკიცა, რომ ჩვენ შეგვიძლია ღირსეული გამარჯვება ევროპულ მოედანზე.
"ეს ნამდვილად არის ისტორიული შედეგი, დაიწერა ისტორია და ჩვენ ნაკრებს შემდგომ თამაშებში წარმატებებს ვუსურვებ. პრემიერ-მინისტრმა სწორად აღნიშნა, რომ წარმატებები ფეხბურთში, წარმატებები სპორტის არაერთ სახეობაში პირდაპირ გამოხატავს ქვეყნის განვითარების დონეს და რა საკვირველია, ეს შედეგები ვერ იქნებოდა მიღწეული თუ ქვეყანაში არ არის მშვიდობა და უსაფრთხოება, სათანადო ეკონომიკური ზრდა, თუ მეტი დაფინანსება არ აქვს სპორტს, თუ მეტი მოტივაცია არ აქვთ მწვრთნელებს, სპორტსმენებს და რა თქმა უნდა, გულშემატკივარსაც. ეს ყველაფერი არის მიზეზშედეგობრივი, კავშირში და უნდა გვესმოდეს, რომ წარმატებები ფეხბურთში, სპორტის ბევრი მიმართულებით, გამოხატავს სწორედ ქვეყნის განვითარებას და პირდაპირ აისახება ქვეყნის განვითარება ამ წარმატებებზე“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.