ავტორი:

"ტოიოტა ცენტრი თბილისი" გარემოსდაცვითი გამოწვევების დაძლევას ეკომეგობრული  ტექნოლოგიების განვითარებით ცდილობს

"ტოიოტა ცენტრი თბილისი" გარემოსდაცვითი გამოწვევების დაძლევას ეკომეგობრული  ტექნოლოგიების განვითარებით ცდილობს

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ გარემოსდაცვითი გამოწვევების დაძლევას ეკომეგობრული ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებით ცდილობს, საქმიანობის პროცესში კი ეკომეგობრულობის პრინციპების გატარებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რაც სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით, კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამის შესახებ ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.

საქართველოში ტოიოტას პირველი ოფიციალური დილერი მსგავსი მიდგომებით არა მხოლოდ იზიარებს ტოიოტას გლობალურ გარემოსდაცვით გამოწვევებს, არამედ უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის ტოიოტას ბრენდის იმ მოდელებსა და ორიგინალი წარმოების ავტონაწილებზე ხელმისაწვდომობას, რომელთა ექსპლუატაცია გარემოზე მავნე ზემოქმედებას ამცირებს, მომხმარებელს აცნობს ინფორმაციას ახალი, ეკომეგობრული ტექნოლოგიების შესახებ, ასევე, ზრუნავს თანამშრომელთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაზე, სახიფათო და სპეციფიკური ნარჩენების სწორად მართვაზე, ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენებასა და გარემოში ნახშირორჟანგის გაფრქვევის შემცირებაზე.

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, თინათინ მაკარიძის განცხადებით, კომპანიაში ეკომეგობრულობის კონცეფციის დანერგვა თანამშრომელთა გარემოსდაცვითი ცნობიერების გაღრმავებით იწყება.

„კომპანია თანამშრომლებისთვის რეგულარულად ატარებს სხვადასხვა სახის ტრენინგებს, რომელიც ეხება გარემოს დაცვას, ნარჩენების სწორად მართვას, ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის რაციონალურად მოხმარებას, საქმიანობის პროცესში უსაფრთხოების ნორმების სწორად დაცვას, ნარჩენების სათანადოდ დახარისხება-შეგროვებას იმის გათვალისწინებით, რომ მუდმივად ახლდება სახიფათო და სპეციფიკური ნარჩენების სწორად მართვისა და მათი რეციკლირების მეთოდები და ა.შ. ცენტრის ტერიტორიაზე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, გროვდება სახიფათო და სპეციფიკური ნარჩენები. მათ გატანასა და გადამუშავებას, გარკვეული პერიოდულობით, კონტრაქტორი კომპანია უზრუნველყოფს. „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ერთ-ერთი პირველი იყო ავტოინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის, რომელმაც ნარჩენების მართვა სახელმწიფო რეგულაციების შესაბამისად დაიწყო. რაც შეეხება სპეციფიკური ნარჩენების რეციკლირებას, კომპანია ხელახლა მოიხმარს ავტომანქანის გამოყენებულ და ნარჩენ ზეთებს ამერიკული წარმოების გათბობის სისტემისთვის, რომლის ფუნქციონირებაც სწორედ მეორად ზეთზეა გათვლილი”, - აღნიშნავს თინათინ მაკარიძე.

როგორც „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ამბობს, ტოიოტას უმთავრესი გარემოსდაცვითი გამოწვევა 2050 წლამდე CO2-ის ნულოვანი ემისიაა, ერთი მხრივ, ავტომობილების ექსპლუატაციის და მეორე მხრივ, წარმოების პროცესში. მისი მიზნები ავტოინდუსტრიაში დიდი ხანია გასცდა მხოლოდ დახვეწილი დიზაინის მქონე მძლავრი, უსაფრთხო, ყველგანმავალი ავტომობილების შექმნას და მათ აღჭურვას უახლესი ჰიბრიდული ტექნოლოგიებით. მისი თქმით, ჰიბრიდების წარმოების პარალელურად, ტოიოტა აქტიურად მუშაობს 21-ე საუკუნის მკვეთრად ინოვაციური, მეტად ეკომეგობრული, მეტად ეკონომიური, ამავე დროს, მძლავრი და უსაფრთხო სერიული ავტომობილების შექმნაზე. მათ სრულად უნდა დააკმაყოფილონ უმთავრესი მახასიათებლები: გარემოზე მინიმალური ზემოქმედება, ნულოვანი გამონაბოლქვი, ეკოლოგიურად სუფთა საწვავის ეფექტური მოხმარება და უნდა გამოსცენ უმცირესი ხმაური.

„ტოიოტა მოტორ კორპორაცია“, ჰიბრიდულძრავიანი ავტომობილების პარალელურად, აქტიურად მუშაობს ისეთ უახლეს ტექნოლოგიებზე, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა საწვავის, მათ შორის „მწვანე წყალბადის“ მოხმარებაზეა დაფუძნებული, ქმნის ელექტრომობილებს, რომელთა დამუხტვა ელექტროენერგიის საშუალებით ხდება და მათ მომავლის წარმოებად განიხილავს. ვინაიდან ამ ეტაპისთვის ელექტრომობილებისა და წყალბადზე მომუშავე ავტომობილებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა საქართველოში ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის ხელმისაწვდომი, ჰიბრიდულ ავტომობილებზე მოთხოვნა ჭარბობს, თუმცა დარწმუნებულნი ვართ, რომ ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, ელექტრომობილებზე მოთხოვნაც ეტაპობრივად გაიზრდება. „ტოიოტა წარმატებით ავსებს ყველა სამოდელო ხაზს ჰიბრიდებით, რადგან ამ ტიპის ავტომობილები ეკომეგობრულია და გარემოს გაცილებით ნაკლებ ზიანს აყენებს. სასიხარულოა, რომ ჩვენს ქვეყანაშიც ჰიბრიდებზე მოთხოვნა ძალიან მზარდია და დილერის მეშვეობით, ყველა უახლესი ჰიბრიდულძრავიანი მოდელი და ორიგინალი წარმოების ავტონაწილები, რომელთა ექსპლუატაცია გარემოზე მავნე ზემოქმედებას ამცირებს, საქართველოშიც ხელმისაწვდომია. თუმცა ჰიბრიდული ტექნოლოგიებით და ორიგინალი ავტონაწილებით მომხმარებლის დაინტერესება ერთბაშად არ მომხდარა. წლების მანძილზე მომხმარებლის სკეფსისის დაძლევა და ამ მიმართულებით მისი ცნობიერების ამაღლება სწორედ „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ დიდი დამსახურებაა. შედეგად, დღეს ჩვენი მომხმარებელი აცნობიერებს სოციალურ პასუხისმგებლობას და გაცილებით მეტს ფიქრობს, როგორ შეამციროს გარემოზე მავნე ზემოქმედება. ამ საკითხში ჩვენი მომხმარებელი უკვე ჩვენი პარტნიორია”, - აღნიშნავს თინათინ მაკარიძე.

ის ასევე ყურადღებას ამახვილებს „ტოიოტა ცენტრი თბილისის” მხრიდან გარემოში ნახშირორჟანგის გაფრქვევის შემცირების შესაძლებლობებზე და ამბობს, რომ დილერი აქტიურად ეხმიანება ტოიოტას ამ ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევას და გარემოში CO2-ის ემისიის შესამცირებლად ქმედით ნაბიჯებს დგამს, რაც ენერგოეფექტური პროექტების განხორციელების შედეგია.

„ჩვენი კომპანიის ტერიტორიაზე - სათავო ოფისის სახურავზე დამონტაჟებული მზის ენერგიაზე მომუშავე სოლარპანელები წელიწადში, საშუალოდ, 300 000 კვტ.სთ მწვანე ენერგიას გამოიმუშავებს, რითაც სრულად მარაგდება „ტოიოტა ცენტრი თბილისი”. პარალელურად, ამ ენერგოეფექტური პროექტის განხორციელებით, კომპანია CO2-ის ემისიას, ყოველწლიურად, დაახლოებით, 130 ტონით ამცირებს. ამას ემატება ოფისის მთელ პერიმეტრზე მოწყობილი მზის ენერგიაზე მომუშავე თვითდამუხტვადი სენსორული გარე განათების სისტემა. ენერგოეფექტური პროექტების განხორციელებით, ცენტრი ეხმიანება ტოიოტას გლობალურ გარემოსდაცვით გამოწვევებს. ვფიქრობთ, ეს კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება კონკრეტულმა კომპანიამ განახორციელოს მწვანე ინვესტიცია და ამ გზით, მნიშვნელოვნად შეამციროს, როგორც გარემოზე ზიანი, ასევე, მიმდინარე ხარჯებიც”, - განმარტავს თინათინ მაკარიძე.

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ინფორმაციით, სოციალური პასუხისმგებლობის ჭრილში, ეკომეგობრული მიდგომები მუდამ იქნება კომპანიის პრიორიტეტი. „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ძალისხმევას არ დაიშურებს მომხმარებელთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების დასამყარებლად იმ მიზნით, რომ მნიშვნელოვან გარემოსდაცვით პროცესებში ის ტოიოტასთან ერთად იყოს ჩართული.

NS