ავტორი:

წლის მთავარი დებატები შედგა: რა თქვეს ბაიდენმა და ტრამპმა - "პუტინის პირობები თქვენთვის მისაღებია?"

წლის მთავარი დებატები შედგა: რა თქვეს ბაიდენმა და ტრამპმა - "პუტინის პირობები თქვენთვის მისაღებია?"

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინ პირველი სატელევიზიო დებატები გამართეს.

დებატების დროს ბაიდენმა და ტრამპმა სხვადასხვა საკითხზე ისაუბრეს, მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომზე.

ტრამპმა განაცხადა, რომ პირობები, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა წამოაყენა უკრაინაში ომის დასასრულებლად, "მიუღებელია“.

კითხვაზე : "პუტინის პირობები თქვენთვის მისაღებია?" - აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა უპასუხა : „არა, ის მიუღებელია“.

საუბარია ვლადიმერ პუტინის ე.წ. ომის დასრულების გეგმაზე, რომლის თანახმადაც, რუსეთი უკრაინაში ომს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაასრულებს, თუ კიევი დათმობს ოთხ რეგიონს, რომელზეც მოსკოვი პრეტენზიას აცხადებს და ნატო-ში გაწევრიანებაზე უარს იტყვის.

დებატების დროს, დონალდ ტრამპმა კვლავ გაიმეორა, რომ ხელახლა არჩევის შემთხვევაში, უკრაინაში ომს დაასრულებს, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, როგორ აპირებს ამის გაკეთებას.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, მას მიაჩნია, რომ ვლადიმერ პუტინი "ომის დამნაშავეა", რომელსაც სურს აღადგინოს "ძველი საბჭოთა იმპერიის" ნაწილი.

"როგორ ფიქრობთ, მას სურს აქ [უკრაინაში] გაჩერება? როგორ ფიქრობთ, რა დაემართება პოლონეთს, ბელარუსს, ნატოს იმ ქვეყნებს?" -აღნიშნა ბაიდენმა.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისა და „რესპუბლიკელების“ პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის განცხადებით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ქვეყანა მესამე მსოფლიო ომისკენ მიჰყავს.

„მისი პოლიტიკა ძალიან ცუდია. მისი სამხედრო პოლიტიკა სიგიჟეა. ის შეგვიყვანს მესამე მსოფლიო ომში. ჩვენ უფრო ახლოს ვართ მესამე მსოფლიო ომთან, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. ჩვენ ძალიან, ძალიან ახლოს ვართ მესამე მსოფლიო ომთან და ის მიგვიყვანს იქამდე. ჩრდილოეთ კორეის კიმ ჩენ ინი და ჩინეთის პრეზიდენტი სი, პუტინი - მას პატივს არ სცემენ. მათ არ ეშინიათ მისი. მათ არაფერი აქვთ ამ ჯენტლმენთან და ის შეგვიყვანს მესამე მსოფლიო ომში“, - აღნიშნა ტრამპმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან სატელევიზიო დებატების დროს.

თავის მხრივ, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ს მესამე მსოფლიო ომი სწორედ დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემთხვევაში ემუქრება.

"თუ გსურთ მესამე მსოფლიო ომი, ნება მიეცით მას გაიმარჯვოს“, - აღნიშნა ბაიდენმა.

მისი თქმით, ამერიკამ უნდა დაიცვას მსოფლიოს უსაფრთხოება, რადგან მისი საკუთარი უსაფრთხოება საფრთხეშია.

„და კიდევ, თუ ომი გინდათ, უბრალოდ ნება მიეცით პუტინს, წინ წავიდეს და კიევი აიღოს, ნახავთ, მოხდება პოლონეთში, უნგრეთში და ამ საზღვრის გასწვრივ სხვა ადგილებში. მაშინ თქვენ გექნებათ ომი“, - აღნიშნა ბაიდენმა.