ევროპის ჩემპიონატის ბოლო, მესამე ტურში, F ჯგუფში საქართველოს ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდა და დაამარცხა ანგარიშით 2:0 და მერვედფინალში გავიდა. ეს მართლაც დაუჯერებელი შედეგია ჩემპიონატის დებიუტანტისთვის. ჩვენი გუნდი პლეი ოფში ესპანეთის ნაკრებს შეხვდება. ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ხვიჩა კვარაცხელიას და გიორგი მიქაუტაძის გოლებით დავამარცხეთ!
ისტორიული გამარჯვების შემდეგ გუნდების მწვრთნელებმა პრესკონფერენცია გამართეს.
ვილი სანიოლი, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი:
“გულწრფელად რომ გითხრათ, საერთოდ არ მახსოვს, ფეხბურთელებს რა ვუთხარი თამაშამდე. ძირითადი გზავნილი იყო, ეთამაშათ ფეხბურთი, დაეცვათ დისციპლინა უბურთოდ და ეთამაშათ ფეხბურთი ბურთით. ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბეს, შესანიშნავი ფეხბურთი ითამაშეს. ზოგიერთს ისიც ვუთხარი, რომ გაეხსენებინათ, როცა 15-16 წლის იყვნენ, როგორ თამაშობდნენ...
რთულია შედარება ფეხბურთელის და მწვრთნელის კარიერის. ჩვენ მაინც ორიენტირებულები ვართ შეჯიბრებაზე, ჯერ უნდა გავიაზროთ რა გავაკეთეთ. უბრალოდ, ვამაყობ ფეხბურთელებით, არა მარტო ამ თამაშის გამო, არამედ, ჩეხეთის, თურქეთის წინააღმდეგ თამაშით და ნამდვილად ვამაყობ, რომ მათი მწვრთნელი ვარ...
3.5 წლის წინ, როცა საქართველოში ჩავედი, მაშინ ცოტა განსხვავებული ფეხბურთი იყო. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ შთამბეჭდავი სამუშაო შეასრულა ბოლო წლების განმავლობაში, შედეგებიც სახეზეა, სხვა ფეხბურთელებიც გვყავს. ფეხბურთელებს სურთ არა მარტო მოგება, არამედ კარგი თამაშით გამარჯვება და როცა ეს ხდება, ძალიან კარგია. მე ძალიან ბედნიერი ვარ. ჩვენს სათადარიგო სკამს რომ შეხედავთ, შეიძლება ძალიან შთამბეჭდავი არ იყოს, მაგრამ ადამიანური და ჯგუფური მუშაობის თვალსაზრისით, მართლა გამორჩეულია და ამით ძალიან ბედნიერი ვარ...
არც კი გვიცდია მერვედფინალის მეტოქის განხილვა, მხოლოდ პორტუგალიაზე ვიყავით კონცენტრირებული. ალბათ, ესპანეთი ჯგუფურ ეტაპზე საუკეთესო იყო და ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევაა, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებთ, როგორც ამას ვაკეთებთ ჩემპიონატის დაწყების დღიდან”.
გულწრფელად რომ გითხრათ, მსაჯმა თამაში რომ დაასრულა, მაშინ დავიჯერეთ გამარჯვება..."
რობერტო მარტინესი, პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი:
"თამაში ძალიან დაბალი ინტენსივობით დავიწყეთ, გოლი სწრაფად გავუშვით, სწორედ ეს სჭირდებოდა საქართველოს ნაკრებს. მეკარე მამარდაშვილმა შესანიშნავად ითამაშა, ვეცადეთ გოლის გატანას, მაგრამ ვერ შევძელით, რითაც საქართველომ მეტი თავდაჯერება შეიძინა და მათ დამსახურებულად მოიგეს...
VAR ძალიან არათანმიმდევრულიც იყო, რადგან პირველ ტაიმში რონალდუზე შეიძლებოდა პენალტის დანიშვნა. თუმცა, საქართველოს ნაკრებმა აჩვენა თავისი ძალა. ჩვენ კი, უფრო მეტი ტემპით და ინტენსივობით თამაში გვჭირდება. საქართველომ ეს შეხვედრა ითამაშა იმისთვის, რომ ისტორია დაეწერა. სწრაფი გოლის შემდეგ საქართველო დაცვაზე გადავედი და შედეგიც სახეზეა...
საქართველომ თავისი ისტორიის მატჩი ითამაშა, ეს იყო მათთვის შესაძლებლობა პლეი ოფში გასულიყვნენ. ჩვენთვის ძალიან რთული იყო იმავე ინტენსივობით თამაში, მაგრამ მეტოქის დაუფასებლობას ადგილი არ ჰქონია, რადგან საქართველოს ნაკრებს მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს... მოველოდით მათგან ასეთ თამაშს, ჰქონდათ თავდაჯერებაც. გუნდს სწრაფი გოლიც ეხმარება. ჩვენთვის ერთადერთი სიურპრიზი სწრაფი გოლი იყო. ვილი სანიოლმაც წარმოუდგენლად ბევრი სამუშაო შეასრულა და ნამდვილად დასაფასებელია საქართველოს ნაკრები“.
საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის მერვედფინალში ესპანეთს, 30 ივნისს, კიოლნში დაუპირისპირდება.
იხილეთ ასევე: