ავტორი:

BTU-ს მიერ ორგანიზებული სტუდენტური ჰაკათონი დასრულდა და გამარჯვებულები ცნობილია

BTU-ს მიერ ორგანიზებული სტუდენტური ჰაკათონი დასრულდა და გამარჯვებულები ცნობილია

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით, სტუდენტური ჰაკათონი „ხელოვნური ინტელექტი კიბერუსაფრთხოებაში“ გაიმართა. ჰაკათონის საპრიზო ფონდი 15,000 ლარს შეადგენდა. აღნიშნული თანხა გადანაწილდა სამ გამარჯვებულ გუნდზე, რომლებიც საინვესტიციო თანხას იდეის პროტოტიპის განვითარებაში გამოიყენებენ.

ჰაკათონი AI MARATHON-ის ფარგლებში გაიმართა. მარათონი ხელოვნური ინტელექტის გარშემო, სხვადასხვა კონკურსებს, ჩემპიონატებს და ღონისძიებებს აერთიანებს და მასში ათასობით კონკურსანტი, მთელი ქვეყნის მასშტაბით იღებს მონაწილეობას. მარათონის ფარგლებში გაცემული საპრიზო ფონდი 40,000₾-ზე მეტია.

ჰაკათონის მონაწილე გუნდებმა ორი ეტაპი გაიარეს. თავდაპირველად, ჟიურის წარუდგინეს ერთგვერდიანი დოკუმენტი თავის პროექტის შესახებ, რომლის საფუძველზეც მეორე ტურში გადასული გუნდების სია ჩამოყალიბდა. მეორე ტურში მოხვედრილმა გუნდებმა კი პროექტის დემო ვერსია წარადგინეს ჟიურისა და დამსწრე საზოგადოების წინაშე.

გამარჯვებული პროექტები ასე გამოიყურება:

I ადგილი, გუნდი დAIცავი - პროექტი მიზნად ისახავს კიბერუსაფრთხოების პრობლემის მოგვარებას ბავშვებისთვის. დAIცავი-ის მეშვეობით, მშობელს შეუძლია გააკონტროლოს შვილისთვის ისეთი საფრთხის შემცველი ლინკები და ვებსაიტები, როგორებიცაა: ძალადობის ამსახველი კადრები, ფიშინგ, აზარტული და სხვა ტიპის საფრთხის შემცველი ინფორმაცია. აღნიშნული პროგრამა ხელოვნურ ინტელექტს რამდენიმე მიზნისთვის იყენებს: სურათების კლასიფიკაცია და მათი საფრთხის შეფასება, ასევე ვებსაიტების იდენტიფიცირება მათ შინაარსზე დაყრდნობით და საფრთხის შემცველი ლინკების აღმოჩენა.

I I ადგილი, გუნდი Cyberfortress - პროექტის მიზანი ორგანიზაციებისთვის კიბერშეტევების რისკების შემცირებაა. აღნიშნული გადაწყვეტა ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით, სპეციალიზებულია უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევების აღმოჩენასა და რეკომენდაციების მიწოდებაში.

I I I ადგილი, გუნდი Chessu - ეს გახლავთ სკრიპტი, რომელიც ადგენს ჭადრაკის ონლაინ თამაშების დროს, იყენებს თუ არა მოწინააღმდეგე კომპიუტერულ დახმარებას თაღლითობისთვის.

ჰაკათონის პარტნიორები იყვნენ: პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერული საერთაშორისო კომპანია Webiz, ციფრული ბანკინგის პლატფორმა Space International და საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია Exadel.

R