"მორიგი ავარია სკუტერით, მორიგი სიკვდილისთვის თვალებში ჩახედვა, მორიგი უფლის წყალობა და ახალი მიკერებული ცხვირი. სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობით უფალს მადლობა და დიდება It's just Rock'N Roll Baby" - წერს მუსიკოსი ლადო ბურდული საკუთარ გვერდზე.
როგორც გაირკვა, ლადო ბურდულს 21 ივნისს, საკუთარი სკუტერით ავარია მოუვიდა. როგორ გრძნობს მუსიკოსი ახლა თავს და რა მოხდა, ამის შესახებ AMBEBI.GE-ს ესაუბრა:
ლადო ბურდული:
- მუხრუჭმა მიმტყუნა და მიწაზე მოვსრიალდი, იქ, ვფიქრობ რაღაც სამშენებლო მასალა ეყარა. დიდი მანქანებიდან რომ ცვივა ხოლმე... ისე მოხდა, რომ ცხვირი ბეტონს დავარტყი. არადა, სახლში ოქროყანაში მოვდიოდი. ჩვეულებრივი გზა იყო, საცობი, მანქანები, როგორც ვთქვი, მშვიდად ვმოძრაობდი.
- ე.ი. ცხვირი გაქვთ დაზიანებული.
- ცხვირი მომძვრა საერთოდ. მიმაკერეს... ხალხი გვერდით დამიდგა, ბედად იქ შორეული მეგობარი აღმოჩნდა, რომელმაც საავადმყოფოში მიმიყვანა. კარგი ექიმი შემხვდა - გვანცა ელიზბარაშვილი... სულ ვამბობ, ვინც ინგლისი და გერმანია ნახა, საქართველომ მედიცინის თვალსაზრისით მათი სახით მაგარი ექიმები შეიძინა. მერე ახლობლებიც დამეხმარნენ, იმდენი ადამიანის სითბო დავინახე, ეს ამბავი რაც მოხდა, მგონი, ნამდვილად ღირდა. მოკლედ გადავრჩი, თუმცა დარტყმა ჩემთვის მოულოდნელი და ძლიერი აღმოჩნდა. სახის ძვლები მაქვს მრავალჯერადი გატეხილობებით. ერთ-ერთი რთულია იმ თვალსაზრისით, რომ თვალთანაა და არ უნდა დაიძრას, სიფრთხილეა საჭირო. ახლა ერთი თვეა რთული, რომ ეს ყველაფერი მორჩეს და ასე შევინარჩუნო. თან ხაზოვანი ნატეხებია.
- ეს რას ნიშნავს?
- გატეხილია, მაგრამ თავის ადგილზეა... ნამდვილად უფალმა გადამარჩინა... ერთხელაც მქონდა ასეთი მძიმე შემთხვევა. სამი წლის წინ, კახეთის გზატკეცილზე ავტობუსს დავეჯახე... იქაც რაღაც ისეთი პრობლემა შეიქმნა, მეგონა, ავტობუსი გაჩერდებოდა და ვერ გაჩერდა... მართლა ძალიან ცუდად ვიყავი. მაშინ მთელი ნეკნები ჩამტვრეული მქონდა და მყესები გადაგლეჯილი... ყველაზე მეტად ის მომწონს, როცა რეანიმაციაში მივყავართ, ჩემი დანახვა ყველას უხარია. ჯერ სანამ დამინახავენ, ტრაგიკული სახით არიან და მერე რომ შემომხედავენ, - უი, ლადო ბურდული, - არის ასეთი შეძახილები. ამ დროს იმხელა სიხარულს და სითბოს მაძლევენ.
- გასაჭირში ადამიანი ყველაფერს სხვანაირად ხედავს...
- კი, ექსტრემალურ სიტუაციებში ყველაფერს სხვანაირად ხედავ. სხვანაირად აფასებ... გგონია, რომ ყველაფერი დასრულდა, შეიძლება რაღაც დაგემართოს, მაგრამ ადამიანების მხარდაჭერას რომ გრძნობ, ეს დიდი რამეა. მოკლედ, სიკვდილ-სიცოცხლესთან რომ იყო ურთიერთობა - ასეთი ეს ორი შემთხვევაა. ისე პატარ-პატარა რაღაცები ყოფილა. ერთხელ ისიც იყო, რომ დავამუხრუჭე და გადავფრინდი. მერე დავინახე, რომ მოტოციკლეტიც ზემოდან მოფრინავდა. გადატრიალება მოვასწარი, საშიში ის იყო, რომ იქიდან ავტობუსი მოდიოდა, კიდევ კარგი იქით არ გადამაგდო და ავტობუსმა არ გადამიარა. უბრალოდ ყველაფერი იმით დასრულდა, რომ მოტოციკლი ფეხზე დამეცა და რამდენიმე კვირა ვერ დავდიოდი.
- მაღალი სიჩქარის მქონდე მოტოციკლი გყავთ?
- რაც არ უნდა უცნაური იყოს, არ არის ძლიერი. "ვესპაა", ვინც მასზე ერთხელ დაჯდება, ხვდება, რომ დიდი თავისუფლების შეგრძნებას გაძლევს. ეს ძალიან მიხარია. პოზიტიურ ემოციებს განიჭებს და ბედნიერების განცდას იწვევს, რაც მომწონს. ყველა მეუბნება, მანქანაზე გადაჯექიო. გადავჯექი, მაგრამ მივხვდი, მანქანა ჩემი არ არის. 7 თუ 15 ავარია გავაკეთე. სადაც ლამაზ გოგოს დავინახავდი, თავს ვატრიალებდი და რაღაცას ვეჯახებოდი. მოტოციკლეტთან შიდა დიალოგი მაქვს... როცა მასზე ზიხარ, იცი, რომ პირდაპირ სიკვდილ-სიცოცხლეზეა ლაპარაკი... ამის მიუხედავად, უფრო კონცენტრირებულ ხდები და გზას აკვირდები. მიდიხარ და ფიქრებს არ მიჰყავხარ, ეს ჩემთვის მაგარი ტრენინგია.
საკუთარ თავთან შიდა დიალოგი რომ შევწყვიტო და რეალობაში გადმოვიდე, რაღაც დამემართება... პრინციპში ცუდია, რომ ასეთი რაღაცები მაინც მემართება, მაგრამ ეს რაც ჩამოვთვალე, არც ერთი არ იყო ჩემი ბრალი. ამ ბოლო შემთხვევისას იმიტომ დავისტრესე, რომ ყველაფერი გათვლილი მქონდა და გაუგებარია, რატომ მოხდა?! არც ნასვამი არასდროს ვჯდები, თავზე ჩაფხუტიც მახურავს... მასზე ჯდომა იმიტომ უყვართ, რომ საოცარი ემოციები ახლავს და ამასთან, გადაადგილების კარგი საშუალებაა... ოქროყანაში ვცხოვრობ და ამის გარეშე აქ ცხოვრება ვერც წარმომიდგენია. საცობებს ამით ვაღწევ თავს, გაჩერების პრობლემა არ არსებობს. ბევრ საქმეს მაკეთებინებს, პარალელურად ამ ტრანსპორტთან ჩემი სულიერი და ემოციური სიახლოვე მაქვს და ძალიან პრაქტიკულია.
წაიკითხეთ ასევე: