აბბა ალავერდელი მიტროპოლიტის, მეუფე დავითის ინფორმაციით, ალავერდის ტაძრის სამონასტრო კომპლექსში ვითარება საგანგებოა და სპეციალისტების დასკვნას საჭიროებს.
"დილით, მონასტრის დათვალიერების შემდეგ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მდგომარეობა საგანგებოა. ქარბორბალას ძალიან ძლიერი დარტყმა იყო გუმბათზე, ამიტომ სპეციალისტებმა უნდა ნახონ, ხომ არ არის თვალით უხილავი ბზარები. დაზიანებულია სამრეკლოც, მონასტრის შიგნით ინფრასტრუქტურაც. ეს ეხება მონასტრის ყველა ნაგებობას, ისტორიულსაც და ძველს. სპეციალისტებისგან საჭიროა დასკვნის გაკეთება, რათა შემდეგ დაინიშნოს სარესტავრაციო სამუშაოები“,- აღნიშნავს მეუფე დავითი.
ინფორმაციისთვის, სტიქიის ზონაში იმყოფებიან, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც სამონასტრო კომპლექსში ვითარებას ადგილზე ეცნობიან. სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.