გულის იშემიურ დაავადებას გულის სისხლძარღვების — კორონარული არტერიების გამტარობის დარღვევა და, შესაბამისად, მიოკარდიუმის დაზიანება იწვევს. ის კარდიოლოგიურ პათოლოგიათა შორის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში. ამასთან, ის გულთან დაკავშირებული პრობლემებით გამოწვეული სიკვდილიანობის პირველი მიზეზია. გულის იშემიურ დაავადებაზე გავლენას ახდენს გარემო პირობები და სეზონების ცვალებადობაც.
როგორ ვლინდება გულის იშემიური დაავადება? რა არის მისი გამომწვევი მიზეზები და რისკ-ფაქტორები? რა გავლენას ახდენს სეზონურობა დაავადების განვითარებასა თუ გამწვავებაზე? — ამ და სხვა საკითხებზე თოდუას კლინიკის კარდიოლოგმა თამარ ჭიხორიამ ისაუბრა.
თამარ, რა ჩივილებით ვლინდება გულის იშემიური დაავადება?
დაავადების ძირითადი ჩივილი და სიმპტომია ტკივილი მკერდის ძვლის უკან, რომელიც შესაძლებელია ირადირდეს მარცხენა ზედა კიდურში, ქვედა ყბაში, ბეჭში, ეპიგასტრიუმში. ასევე, პათოლოგიის დროს პაციენტს შეიძლება აღენიშნებოდეს გართულებული სუნთქვა, ჰაერის უკმარისობა, გულის ცემის გახშირება.
რა იწვევს გულის იშემიურ დაავადებას და რა ფაქტორები ზრდის მისი განვითარების რისკს?
იშემიასთან დაკავშირებული გულის დაავადება რთული მდგომარეობაა და მისი ეტიოლოგიური ფაქტორები შეიძლება ფართოდ კლასიფიცირდეს. მის გამომწვევ მიზეზთა და რისკ-ფაქტორთა შორისაა: ასაკი, ოჯახური ანამნეზი, გენეტიკა, სქესი, რასა, მწეველობა, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, შაქრიანი დიაბეტი, ცხოვრების მჯდომარე წესი, სიმსუქნე, ქოლესტერინის მაღალი დონე, მარილის ჭარბი მოხმარება, არტერიული ჰიპერტენზია, მწვავე და ქრონიკული ინფექციები და ა.შ. გულის იშემიურ დაავადებაზე გავლენას ახდენს გარემო ფაქტორებიც, როგორიცაა ტემპერატურა და ულტრაიისფერი გამოსხივება.
როგორ ხდება გულის იშემიური დაავადების დიაგნოსტირება და მკურნალობა?
გულის იშემიური დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა დეტალური ანამნეზის შეკრება, მისი სიმწვავის და ქრონიკულობის განსაზღვრა. ამისთვის ვატარებთ კლინიკო-ლაბორატორიულ, არაინვაზიურ და ინვაზიურ კვლევებს.
გულის იშემიური დაავადების დიაგნოსტირების არაინვაზიურ მეთოდებს განეკუთვნება ელექტროკარდიოგრაფია, ექოკარდიოგრაფია, დატვირთვის ტესტი, ჰოლტერის მონიტორინგი, ლაბორატორიული კვლევები. ინვაზიური კვლევები კი მოიცავს კორონარული არტერიების ტომოგრაფიას ან/და სელექტიურ კორონაროგრაფიას.
როგორ შევამციროთ დაავადების განვითარების რისკები?
გულის იშემიური დაავადების რისკის შესამცირებლად აუცილებელია ზემოთ ხსენებული რისკ-ფაქტორების თავიდან არიდება. მაგალითად, სულ მცირე, სასურველია, თამბაქოზე, ალკოჰოლისა და მარილის ჭარბად მოხმარებაზე უარის თქმა, ფიზიკური აქტივობებით დაკავება და ა.შ. ამასთანავე, უნდა მოხდეს იმ პათოლოგიების მკურნალობა, რომლებიც გულის იშემიური დაავადების განვითარების რისკს ზრდის.
დაბოლოს, მნიშვნელოვანია ჩვენ მიერ ჩამოთვლილი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, დროულად მიმართოთ ექიმს და ჩაიტაროთ საჭირო კვლევები.
R